ცურვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოცურავეები. წითელფიგურიანი ამფორა ძვ.წ.510 წელი. პარიზი. ლუვრი

ცურვა – სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობა. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე თავისუფალი სტილით (კროლი), ბრასით, ბატერფლაით და გულაღმა ცურვაში.

სარჩევი

ისტორია

ასირიული რელიეფი. ლონდონი. ბრიტანეთის მუზეუმი

ცურვის შორეულ წარსულზე მეტყველებს არაერთი ნივთიერი თუ წერილობითი საბუთი. ზემო ეგვიპტეში ნაპოვნია თიხის ცილინდრული ტვიფრი, რომელზედაც გამოსახულია სამეფო ოჯახში ცურვის გაკვეთილის სცენები (ძვ.წ. 3200 წ.). ლიბიის უდაბნოში კლდეზე გამოსახული მოცურავის ფიგურა ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 3 ათას წელს ითვლის ტურინის მუზეუმში დაცული მოცურავის ბარელიეფი. ცურვის ელემენტები აღბეჭდილია ინდოეთში, საბერძნეთსა და ძველ რომში აღმოჩენილ არაერთ ლარნაკსა და ამფორაზე. მოცურავეთა შესახებ გვიამბობენ ბერძენი ისტორიკოსები, მათ შორის ჰეროდოტე. ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: „არც ცურვა იცის, არც კითხვა“. ცურვას ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანვე დიდი პრაქტიკულ - საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა ჰქონდა, უწინარესად თევზაობის, ნადირობისა და მტერთან შეტაკების დროს.

სპორტული ცურვა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩაისახა. პირველი შეჯიბრება გაიმართა 1515 წელს ვენეციაში, პირველი სახელმძღვანელო შეადგინა დანიელმა ნ. ვინმანმა (1538). ცურვის სკოლები გაიხსნა გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთში (XVIII საუკუნის II ნახევარში). 1869 წელს ინგლისში შეიქმნა ცურვის მოყვარულთა პირველი სპორტული ორგანიზაცია, პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას კი ბუდაპეშტმა უმასპინძლა (1889).

მაიკლ ფელპსი (აშშ)

XIX საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში დაიწყეს ხელოვნური საცურაო აუზების მშენებლობა. ისტორიულად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ცურვის რამდენიმე ძირითადი სტილი. ყველაზე სწრაფი და ეკონომიური ხერხია კროლით მკერდზე ცურვა. 1898 წელს ეს სტილი პირველად გამოიყენა ავსტრალიელმა ალენ ვიკჰემმა, 1902 წელს კი მისმა თანამემამულემ დიკ ქევილმა წარმოადგინა კროლის ტექნიკის გაუმჯობესებული, 2 - დარტყმიანი ვარიანტი. ამიტომ ამ სტილს თავდაპირველად ავსტრალიურ კროლად მოიხსენიებდნენ. 100-მეტრიან დისტანციაზე 1-წუთიანი ზღვარი პირველად გადალახა ლეგენდარულმა ჯონ ვაისმიულერმა - 58.6 წმ. (1922).

უძველესი სპორტული სტილია ბრასით მკერდზე ცურვა („ბაყაყური“), რომელიც ინგლისელებმა XVIII საუკუნის 70-იან წლებში ინდოელებისგან გადაიღეს. ბრასით ცურვის ტექნიკა დროთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-დან. შეჯიბრებისას ნებადართული იყო ბატერფლაის, როგორც ბრასის ნაირსახეობის გამოყენება. 1953 წელს ბატერფლაი დამოუკიდებელ დისციპლინად აღიარესდა იმავდროულად წესებში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეიტანეს: დაუშვეს ფეხების სიმეტრიული მოძრაობა ვერტიკალურ სიბრტყეში. ასე წარმოიშვა ბატერფლაის ჩქაროსნული ნაირსახეობა - დელფინი, რომლის ოლიმპიური ისტორიაც 1956-დან იწყება.

ცურვა ყველა თანამედროვე ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. პირველ 4 თამაშებში მხოლოდ კაცები ასპარეზობდნენ, 1912 წლიდან კი - ქალებიც. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 18 წლის უნგრელი ალფრედ ჰაიოში: 100 მ. (კროლი) – 1.22,2. მანვე მოიგო 1200 მეტრზე შეჯიბრებაც - 18.22,2.

ცურვა საქართველოში

ოლინმპიური ფინალის სტარტი 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში. მეორე ბილიკზე თინათინ ლეკვეიშვილი მეხიკო, 1968 წელი

საქართველოში, ისევე, როგორც მთელს რუსეთის იმპერიაში, სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი „რუსკი სპორტ“ წერდა: „რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია“ (#1, 1913). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ მამედ ბედიამ, რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ. შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის მეთიუ ვების მაჩვენებელს. 1875 წელს ვებმა ლა-მანშის სრუტე (33,3 კმ.) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში). პირველ მსოფლიო ომამდე სპორტულ ცურვას მხოლოდ ბათუმში მისდევდნენ და, ვინაიდან, ქალაქში დახურული აუზი არ იყო, უმეტესად ზაფხულობით ვარჯიშობდნენ. საქართველოში, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ცურვის სწავლებას ყურადღება 1920-30-იან წლებში მიექცა, რასაც ხელი შეუწყო თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბუნებრივ წყალსატევებზე საზაფხულო საცურაო ბაზების მომრავლებამ, სპეციალური ნორმატივების დაწესებამ და ბავშვთა სპორტული სკოლების დაარსებამ. 1936 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (იქ, სადაც რესტორანი „არაგვი“ იყო), აშენდა სსრ კავშირში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი, 1945 წელს - საქართველოში პირველი 25-მეტრიანი აუზი (მაშინდელი „დინამოს“ სტადიონის ტრიბუნების ქვეშ), 1956 წელს - ზამთრის პირველი დახურული 50-მეტრიანი აუზი გათბობით (თბილისი, ვაკე). ამავე წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს კიდევ რამდენიმე საცურაო აუზი შეემატა, რამაც სპორტული ცურვის მასობრიობა განაპირობა.

საქართველოს პირველი ოფიციალური რეკორდი 1928 წელს დაამყარა ბათუმელმა ნიკოლოზ პაკროვსკიმ, რომელიც 100 მ. თავისუფალი სტილით 1.08,6 წუთში დაფარა. რეკორდების აღრიცხვა 1934 წელს განახლდა, ამ პერიოდიდან რეგულარულად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატებიც, მათ შორის დღეისათვის უჩვეულო დისციპლინებში: გვერდულად ცურვაში, 50 მ. ყუმბარით და შაშხანით, ტანსაცმლით, ტანსაცმლითა და შასხანით ცურვაში, 25 და 50 მეტრზე ყვინთვაში. კაცებში სპორტის ოსტატის წოდება პირველს მიენიჭა თბილისელ სერგეი ილინს (1939), ქალებში - ასევე თბილისელ ლია ფაჩულიას (1951).

საუკეთესო სპორტულ შედეგებს საქართველოს მოცურავეებმა XX საუკუნის 20-იან წლებში მიღწიეს, როცა საკავშირო და საერთაშორისო სარბილეზე არაერთი მედალი მოიპოვეს. ამ წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მაშვენიერაძემ, რომელიც 1948 წლის საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი გახდა (100 მ, ბრასი). მშვენიერაძემ ბრასით ცურვაში 11 რეკორდი დაამყარა, მერე კი წყალბურთში გადავიდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ქალთაგან საკავშირო ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) მოიპოვა ლია ფაჩულიამ (1951, გვერდულად ცურვა). იმავე ჩემპიონატში 2 დისტანცია (200 და 400 მ, გულაღმა ცურვა) მოიგო სოხუმელმა ვლადიმერ ლავრინენკომ. საქართველოს წარმომადგენელთაგან პირველი (ჯერჯერობით ერთადერთი) ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა (1956, 4X200 მ.) და მსოფლიოს პირველი რეკორდსმენი (1956, 4X200 მ.) გახდა თბილისელი ბორის ნიკიტინი. მანვე პირველმა დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (1958, 4X200 მ.). ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში პირველმა გაიმარჯვა და რეკორდი დაამყარა თინათინ ლეკვეიშვილმა (1970, 100 მ. გულაღმა ცურვა). მსოფლიოს ჩემპიონატების პირველი მედალოსანია (ბრინჯაო) ირინა გერასიმოვა (1982, 4X100, კომბინირებული ესტაფეტა).

წესები

ყველა დროსი ყველაზე წარმატებული ოლიმპიელი მაიკლ დელპსი (აშშ)

შეჯიბრება სპორტულ ცურვაში იმართება 25 ან 50 - მეტრიან აუზში. ოლიმპიადების მონაწილენი 50-მეტრიან აუზში ასპარეზობენ. აუზი დაყოფილია რვა 2,5 მ-ის სიგანის ბილიკად. შეჯიბრებისას მოცურავეებს აცვიათ გაუმჭვირვალი საცურაო კოსტუმი, ნებადართულია საგანგებო სათვალითა და რეზინის ქუდით გამოსვლა. სპორტსმენს ცურვის უფლება მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ბილიკზე აქვს. ყველა დისციპლინაში გამომსვლელი (გარდა გულაღმა ცურვისა), სტარტს იღებს ხმოვან სიგნალზე აუზის ბორტზე მოწყობილი სასტარტო ტუმბოდან წყალში გადახტომით. გულაღმა მცურავენი სტარტის დროს წყალში არიან, თითოეული თავის ბილიკზე, პირისახით აუზის ბორტისკენ.

თავისუფალი სტილი

სპორტსმენს უფლება აქვს გამოიყენოს ცურვის ნებისმიერი სტილი, გარდა ბრასის, ბატერფლაის და გულაღმა ცურვისა. ჩვეულებრივ, იყენებენ კროლს, როგორც ცურვის უსწრაფეს სტილს. სპორტსმენი წყლის ზედაპირზე წევს პირქვე და ჰორიზონტალურად, წინ კი ხელებისა და ფეხების ციკლური მოძრაობით გადაადგილდება.

ბრასი

ამ სტილით ცურვისას სპორტსმენი წყლის ზედაპირზე მკერდით წევს, ხელ-ფეხს ერთდროულად და სიმეტრიულად უსვამს. მკერდთან შეტყუპებულ ხელებს წინ გატყორცნის, შემდეგ გაშლის და მოუსვამს - რკალისებურად შლის გვერდზე, ხელისგულით გარეთ, ხრის იდაყვის სახსარში და აერთებს პირისახის წინ. ფეხები იხრება მუხლის სახსარში და იშლება რკალისებურად - სპორტსმენი ფეხით ბიძგს აკეთებს.

ბატერფლაი

ეს სტილი გარკვეულწილად ბრასის მსგავსია, რადგან მისი განვითარებული ვარიანტი და სახეცვლილებაა. ამ ტექნიკით ცურვისას სპორტსმენი მკერდით წყლის ზედაპირზე წევს, ხელ-ფეხს ერთდროულად და სიმეტრიულად ამოძრავებს - ხელები ერთდროულად ამოაქვს წყლიდან, ჰაერში ნახევარწრეს შემოხაზავს და ისევ წყალში ჩაეშვება, სადაც კვლავ ერთდროულად მოხაზავს ნახევარწრეს. ამ დროს ფეხები სინქრონულად მოძრაობს. ხელების მორიგეობით მოსმა აკრძალულია.

გულაღმა ცურვა

ამ სტილით ცურვისას სპორტსმენი წყლის ზედაპირზე გულაღმა წევს და ჰორიზონტალურად გადაადგილდება წინ ხელებისა და ფეხების ციკლური მოძრაობით. ამ დროს პრაქტიკულად კროლის მსგავს ტექნიკას იყენებენ. წესების თანახმად, სპორტსმენს მხოლოდ მოხვევის დროს აქვს უფლება, გადმოტრიალდეს და წყალქვეშ „სალტო“ გააკეთოს. გარდა ამისა, ნებადართულია სტარტისა და ყოველი მოხვევის შემდეგ 15 მეტრამდე მანძილის წყალქვეშ გაცურვა.

კომპლექსური ცურვა

ეს დისციპლინა გულისხმობს ინდივიდუალურ შეჯიბრებას დადგენილ დისტანციაზე, რომელიც უნდა გაცურონ 4 სხვადასხვა სტილით, შემდეგი თანამიმდევრობით - ბატერფლაი, გულაღმა ცურვა, ბრასი, თავისუფალი სტილი.

კომბინირებული ესტაფეტა

ამ დისციპლინაში შეჯიბრებისას ყოველი გუნდის თითოეულმა წევრმა დადგენილი დისტანცია ერთი რომელიმე სტილით უნდა გაცუროს. ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა ასეთია: გულაღმა ცურვა, ბრასი, ბატერფლაი, თავისუფალი სტილი.

სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ დააგვიანებს სტარტზე გამოსვლას, ხელს შეუშლის მეტოქეს ცურვაში, ჩაიდენს არასპორტულ საქციელს, არ დაემორჩილება მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, გაცურვის დროს შეეხება აუზის ფსკერს, გამოიყენებს დამხმარე საშუალებებს (მაგ.: ფარფლებს). დასაშვებია ორი ფალსტარტი. მესამე ფალსტარტის შემთხვევაში მოცურავე დისკვალიფიკაციით ისჯება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები