დალიმონთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დალიმონთა (ოს. Дæлимонтæ – „ქვესკნელის სულები“) – ოსური მითოლოგიის ავსულთა საერთო სახელწოდება. დალიმონთა კატეგორიაში ერთიანდებიან: იბლისი (ეშმაკი), ხჟირჟგი (ეშმაკი, სატანა), ძინთჟი (ჯინი), ქაძი (ქაჯი) და სხვა ბოროტი სულები. ისინი ადამიანთა მიმართ მტრულად განწყობილი არსებები არიან, მაგრამ ზოგჯერ მადლიერების გრძნობაც ახასიათებთ. დალიმონთა სახე, მეტყველება და ქმედება სავსებით ადამიანურია; შეუძლიათ, იკონტაქტონ ადამიანთან, იყვნენ მისი დამხმარე ან მოკავშირე, მაგრამ, როგორც წესი, მისთვის ზიანის მოტანას ცდილობენ; აქვთ ადამიანის სხეულში ჩასახლების ზებუნებრივი უნარი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ჭკუიდან იშლება. რელიგიურ-მითოლოგიურ წარმოდგენებში და ფოლკლორში ეშმაკები ტერფშებრუნებული, გრძელხელება (უზარმაზარი ხელისგულებით), თმიანი ადამიანების სახით გვევლინებიან; არიან მაქციები, შეუძლიათ მიიღონ ნაცნობის (ნათესავის, მეზობლის) სახე, იქცნენ შავ კატად, ძაღლად, ღორად; ცხოვრბენ მიწისქვეშეთში, ხრამებში, ტყეებში, წყალსატევებში, წისქვილებში; მიწისქვეშა საუფლოში ჰყავთ მეფე და ლაშქარი.

დალიმონთა მოდგმიდან შედარებით პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟია ხჟირჟგი/საითანი. ოსური მითების მიხედვით, თავდაპირველად ღმერთმა ერთდროულად შექმნა ადამიანები, ხჟირჟგები და გოლიათები. ეს უკანასკნელნი ცბიერები და მატყუარები აღმოჩნდნენ და, სარგებლობდნენ რა ადამიანთა გულუბრყვილობით, მათ ექსპლუატაციას უწევდნენ. მას შემდეგ, რაც ვასთირჯიმ (წმ. გიორგიმ) ადამიანებს გლიათებისა და ეშმაკების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები ასწავლა, ხალხმა ჯერ გოლიათები დახოცა, შემდეგ კი ხჟირჟგების ჟლეტას შეუდგა. ეშმაკებმა თავი მიწისქვეშეთს შეაფარეს, მაგრამ უშედეგოდ, ადამიანები იქაც მიწვდნენ. მაშინ ისინი შეიკრიბნენ და თათბირი გამართეს, თავი როგორ გადაერჩინათ. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, ადამიანთა სახე მიეღოთ და მათ შორის ეცხოვრათ.

ეპოსში დალიმონები ნართების მუდმივი დაუძინებელი მტრები არიან. უთანასწორო ბრძოლაში ამარცხებენ ნართ გმირებს – ვარხაგსა და ვარხრთანაგს, თავიანთი მომაკვდინებელი ისრებით ნართი სოსლანის ცხენს ფლოქვებს უზიანებენ (ზოგჯერ ისინი გმირის ცხენის გამზრდელებად გვევლინებიან: მაგალითად, ნართი თოთრაზის უჩინარი ცხენი, რომელიც პატრონის მრჩეველიცაა, დალიმონების აღზრდილია), მაგრამ ხანდახან ეხმარებიან (მაგალითად, სოსლანს ქვესკნელიდან ამოსვლაში შველიან) და მეგობრობენ კიდეც ნართებთან, კერძოდ, სირდონთან.


ლიტერატურა

  • Таказов Ф. М. Устное народное творчество // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Таказов Ф. М. Демонологические персонажи осетинского фольклора // Фундаментальные исследования. Вып. 6. Владикавказ, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები