დელისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დელისი – ნასოფლარი ქალაქ თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, ამჟამად დედაქალაქის ერთ-ერთი საცხოვრებელი მიკრორაიონთაგანი.

ქართულ ეკონომიკურ საბუთებში ტოპონიმი დელისი||გრდელისი (გაბაშვილების მამულები) XVII-XVIII საუკუნეებიდან დასტურდება. XVIII ს-ის ერთ-ერთ საბუთში, კერძოდ, ნათქვამია: „ქ. ესე წიგნი მოგეც მე, გაბაშვილმა რევაზმა შენ, გაბაშვილსა სამადავლესა, დავითასა ასე, რომ დამეჭირა (დამჭირდა) და ჩემი მესამედი წილი მამული გირაოთ მოგეცი ვერეს გაღმა ქექოტი, საბურთალა, გრდელისი, თხილოვანა“.

გარიგების ამ ტექსტში დღევანდელი დელისის მთელი მიდამოა აღწერილი. ჩვენთვის გაურკვეველია მხოლოდ ის, თუ სად მდებარეობდა ქექოტი, მაგრამ ის რომ საბურთალას (დღევ. საბურთალო), დელისისა და თხილოვანასთან ერთად გარკვეულ ტერიტორიულ მთლიანობას ქმნიდა, აშკარაა.

სპეციალისტთა შორის საკმაოდ ცხარე კამათი გამოიწვია ნ. ჯანაშიას ვარაუდმა, რომლის მიხედვითაც დელისის თავდაპირველი სახე გძელისი უნდა ყოფილიყო, რაკი რუსულ რუკებზე გდელისი იკითხებაო. მისივე ვარაუდით აქ ჩამოსახლებულმა აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ისტორიული გძელისი მშობლიურ ენაზე დელისად გადათქვა, გადააკეთა, რადგან გძელისი მათ არაფერს ეუბნებოდა, დელი, დელისი კი აზერბაიჯანულ ენაზე ნიშნავდა: „გიჟი“, „გადარეული“, „ხელი“.

ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მიხ. მამულაშვილმა კატეგორიულად უარყო დელისის აზერბაიჯანული სიტყვისაგან (დელი) მომდინარეობის მიზანშეწონილობა. წერილის ავტორმა წარმოადგინა ერთობ საინტერესო მოსაზრება დელისის ძველი ქართული ძელისი-საგან მომდინარეობის შესახებ ტოპონიმი დელისი (–ძელისი) ამ ფაქტის მაუწყებელი სიტყვაა, რომ ძველად თბილისის შემოგარენში მართლაც ტყის ვრცელი მასივები ყოფილა გაშენებულიო.

ჩვენი ვარაუდით ტოპონიმ დელისის ყოველმხრივი შესწავლისათვის შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს კიდევ ერთ კერძო მოსაზრებას: ხომ არ შეიძლება, დელის-ი ძველ-ლისი-საგან წარმომდგარ ერთეულად ვივარაუდოთ? მხედველობაშია მისაღები და უეჭველად გასათვალისწინებელი, რომ დელისი და სოფ. ლისი ლამის გვერდიგვერდ მდებარე პუნქტებია. საფიქრებელია, რომ სოფ. ლისის მოსახლეობა ძველი ლისიდან (ძველლისიდან) იყოს გადასული. ამ საკითხს შემდგომი დემოგრაფიული ხასიათის კვლევა-ძიება მოჰფენს ნათელს.


‏‎


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები