გაბაშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაშვილები – ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ამ გვარის წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ საეკლესიო და კულტურულ ცხოვრებაში.

ისტორიული გადმოცემით, გაბაშვილების ერთ-ერთი წინაპარი არის XII ს-ის ცნობილი მოღვაწე – აბულასან იობის ძე, რომელიც თბილისში, ვერაზე მდებარე ე.წ. „ლურჯი მონასტრის“ ეკლესიის კედელზეა გამოსახული. იგი ასევე მოხსენიებულია თამარის ისტორიკოსის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და ანდრია მოციქულის ხატის წარწერაში, რომელზე დაყრდნობითაც ისტორიკოსი ქ. ჩხატარაიშვილი მიიჩნევდა, რომ გაბაშვილები წარმოშობით აფხაზეთიდან (წებელდა) არიან.

აბულასან იობის ძე გიორგი III-ის დროს დაწინაურდა. განსაკუთრებით აღზევდა თამარის ეპოქაში და მის კარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოხელე გახდა. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო თამარის საქმროდ გიორგი რუსის ჩამოყვანაში. აბულასანი „მკვიდრი ტფილისისა“, „თავადი“, „ამირა ქართლისა და ტფილისისა“, „რუსთავისა და შვიდთა მთიულეთთა პატრონი“, მეჭურჭლეთუხუცესი გახდა, მისი ძმა ბასილი კი – მთავარეპისკოპოსი.

გაბაშვილები თავს მიიჩნევდნენ ბიბლიური იობის შთამომავლებად და პალესტინის იმ გეოგრაფიული პუნქტიდან გამოსულებად, რომელიც დღესაც არსებობს გაბაონის სახელით და ბიბლიაშიც ასე მოიხსენიება. გადმოცემის თანახმად, ამ გვარის წინაპრებს „დროსა ნაბუქოდონოსორისასა“ (ძვ.წ.VI ს.) საქართველოსთვის შეუფარებიათ თავი, საბოლოოდ კი თბილისში დამკვიდრებულან. ეს ამბავი გვაგონებს ბაგრატიონებთან და სხვა ქართულ გვარებთან დაკავშირებულ თქმულებებს. ეს საგვარეულო ოფიციალურ საბუთებში „იობიანად“, „იობის ნათესავებადაც“ იხსენიება. ასეა პოეტ ბესიკის საფლავის ქვაზეც: „თავადი ბესარიონ ზაქარიას ძე იობიან-გაბაშვილი“. ბესიკი ხელსაც ასე აწერდა გაბაონი, გაბაონელი, ანდა გაბაონისძე. ქართულ სიგელ-გუჯრებში, სადაც გაბაშვილები ხშირად გვხვდებიან, სხვა ფორმებიცაა, კერძოდ, გაბაონელ-იობიანი, იობიან-გაბაონი, გაბოვანი, გაბაანნი. აღსანიშნავია, რომ გაბაშვილებში (ბესიკის შტოში) დღემდეა შემორჩენილი ხსოვნა იობიან-გაბაშვილობაზე.

ტერმინი გაბაონი (ბიბლიური მცენარე) გვხვდება ბიბლიაში, „ვეფხისტყაოსანსა“და „ქართლის ცხოვრებაში“.

XV ს. დასაწყისში გაბაშვილები თავადებად იხსენიებიან. ლუარსაბ მეფის ერთ-ერთი სიგელის (XV ს. I ნახ-ის) თანახმად, ისინი „დარბაისელნი და თავჩინებულნი თავადნი“ არიან.

ცნობილია, რომ საკათოლიკოსო მდივან-მწიგნობრობა გაბაშვილების საგვარეულო თანამდებობა იყო.

გაბაშვილებს არაერთგზის დაუმტკიცებიათ მეფისადმი ერთგულება, რაც მხატვრულ ნაწარმოებებშიც, კერძოდ, ფეშანგი ხითარიშვილის ისტორიულ პოემა „შაჰნავაზიანშიც“ აისახა. ერთგულების გამო ვახტანგ VI-მ გაბაშვილები სხვადასხვა და მათ შორის, სახელმწიფო გადასახადისგან გაათავისუფლა. ცნობილი სასულიერო მოღვაწის, ზაქარია გაბაშვილის ძმებმა, დავითმა, ზაზამ და პაპუნამ სამეფო კარზე სუფრაჯობა, ბაზიერთუხუცესობა და სხვა მაღალი თანამდებობები მიიღეს. თავად ზაქარია სამეფო კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა – იგი თეიმურაზ II-ის მოძღვარი გახდა. მან საკუთარი ფილოსოფიური სკოლაც ჩამოაყალიბა. ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ სასულიერო წრეებში მიტროპოლიტი იოანე და მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილები. მრავალმხრივმა მოღვაწემ, ისტორიკოსმა, კარტოგრაფმა, მხატვარმა, მიტროპოლიტმა ტიმოთემ იმოგზაურა ათონსა და იერუსალიმში, აღწერა იქაური ქართული მონასტრები და გადმოიღო ჯვრის მონასტრის ფრესკები.

გაბაშვილებს XVIII ს-ისთვის თბილისის შემოგარენში ვრცელი მამულები ჰქონდათ ვერე-დიღმამდე: ვაკე, მთაწმინდის ტერიტორიის ნაწილი, ოქროყანა, დელისი, თხინვალა, ლისი, წოდორეთი. თბილისის ზრდასთან ერთად, დროთა მანძილზე მათი ნაწილი ქალაქის ფარგლებში მოექცა. 1542 წ. ძმებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა მთაწმინდაზე, დღევანდელი პანთეონის ტერიტორიაზე, ეკლესია ააგეს.

ერეკლე II-ის მიერ პოლიტიკურ ნიადაგზე ქართლ-კახეთის სამეფოდან განდევნილი ზაქარია გაბაშვილის ოჯახი იმერეთში გადასახლდა. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რიონის მარცხენა ნაპირას მიმდებარე ტერიტორია გაბაშვილებს ეკუთვნოდათ ხოლო გაბაშვილების გორა ქუთაისის მკვლევართა მიერ ბესიკის მამულადაა მიჩნეული.

XVIII ს-ში გაბაშვილთა ნაწილი გაღარიბებულა – „უყმონი და უმამულონი“ დარჩენილან. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ბესიკ გაბაშვილის მრავალრიცხოვანი ოჯახიც, რომელიც ამ პერიოდის საბუთებში აზნაურად მოიხსენიება, მაგრამ ნიჭისა და განათლების წყალობით, რასაც იოანე ბატონიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს თავის „კალმასობაში“, მალე აღზევებულა. იმერეთის სამეფო კარზე ზაქარია გაბაშვილის ოჯახს მამულები, თავადობა და სხვადასხვა თანამდებობა უბოძეს (სახლთუხუცესის და სხვ). ბესიკს ჯერ დავთარხანა, შემდეგ მდივან-მწიგნობრობა უბოძეს. ისტორიულ საბუთებში ბესიკის ძმა ნიკოლოზი ხშირად გვხვდება იმ საპატიო პირებს შორის, რომლებსაც იმერეთის მეფე სიგელ-გუჯრებისა თუ პირობის წიგნის გადაცემის დროს იწვევდა.

XVIII ს-ის საზოგადოებისთვის ნიკოლოზ გაბაშვილი ცნობილი მეცნიერია. ასეა ის დახასიათებული იოანე ბატონიშვილის „კალმასობაშიც“. ზაქარიამ და მისმა შვილებმა – იოსებმა, ოსემ და ნიკოლოზმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გაბაშვილების ცნობილი კალიგრაფიული სკოლის ჩამოყალიბებაში. ამ სკოლის კალიგრაფია, მკვლევართა აღიარებით, სილამაზით არის გამორჩეული. თავისი დროის ცნობილი და პოპულარული პოეტი ყოფილა მაია გაბაშვილი.

ქუთაისიდან გაბაშვილების საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი რაჭაში ასულა (მრავალრძალსა და სხვაგან), სადაც სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ. მათი იქ ყოფნის კვალი რაჭის ტოპონიმიკას დღემდე შემორჩა (გაბაონთა ვენახები და სხვ.).

მ. გაბაშვილი
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
ი. გაჩეჩილაძე




წყაროები

  • იოანე ბატონიშვილი, „ხუმარსწავლა“ (კალმასობა), ტ. 2, თბ., 1991;
  • სცსა, ფ. 488, აღწერა [1, საქმე №357;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტერატურა

  • ბარათაშვილი მ., „ოსე გაბაშვილი – მწიგნობარი, ჟურნ. „მწიგნობარი“, 1982, №81;
  • ბარამიძე ა., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ბესიკი, თხზულებანი, თბ., 1962;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. ტ. 3, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), თბ., 1970;
  • ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959;
  • ცაიშვილ ი ს., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ექვსტომეული, ტ. 2, თბ., 1966;
  • ქუთაისის სახელმწ. ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. 1, თბ., 1953;
  • Акты собранные Кавказской Археографической Коммccueй, т.1., Tфл., 1866.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები