დიშკამ კვარიშ ხაშუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიშკამ კვარიშ ხაშუა (მეგრ. „შეშიანი კვერის მოხარშვა“) – წინასაქორწილო წეს-ჩვეულება – „წითელი მარილის“ („ჯიმუშ ბირა“) დამამზადებლი ქალიშვილებისათვის ყველიანი კვერების მოხარშვა. იმ ოჯახის დიასახლისი, სადაც ქალიშვილები „წითელ მარილს“ ნაყავდნენ, გაამზადებდა ყველიან კვერებს, რომელთაგან ერთში ხის ჩხირი იდო. ასეთ კვერს „შეშიანი კვერი“ (დიშკამ კვარი) ერქვა. მას, ვისაც ჩხირიანი კვერი შეხვდებოდა, დანარჩენები სიცილს დააყრიდნენ შეძახილით: „შეშა მოგხვდა“ (დიშკაქ ქუმორხვადუ). „შეშიანი კვერის“ პატრონი თანატოლებს გამოენთებოდა და პასუხით: „შენც მოგხვდა“ (სით ქუმორხვადუ), ყოველ მათგანს სხეულის შიშველ ნაწილზე (მკლავზე, კისრის არეში და სხვ.) კვერიდან ამოღებულ ჩხირს შეახებდა, შემდეგ კი კერიის ცეცხლში ჩააგდებდა; ქალიშვილები ზედ წინასწარ მომზადებულ ფიჩხებს დააყრიდნენ ისე, რომ ცეცხლი აგზგიზებულიყო. დიასახლისი იტყოდა: „დიშკაქ დიჭუ“ (შეშა დაიწვა); ყველას მალე გათხოვებასა და მრავალშვილიანობას უსურვებდა და სახლებში გაისტუმრებდა.

ზემოაღწერილის იდენტური იყო სამეგრელოში გავრცელებული ერთი წეს-ჩვეულება, რომელსაც ყველიერის დასასრულს აწყობდნენ: ხარშავდნენ ყველიან კვერებს, რომელთაგან ერთში, რომელსაც „ხოზოკვარი“||„ხოზოკონი“ ერქვა, „ჩაატანდნენ კაკლის ჩხირს და ვისაც ეს კვერი ერგებოდა, ის იქნებოდა იმ წელიწადს ბედნიერი და დღეგრძელი“ (ს. მაკალათია). როგორც ვხედავთ, „დიშკამ კვარი“ და „ხოზოკვარი“||„ ხოზოკონი“ ერთი და იგივეა. განსხვავება თავს იჩენს მათი მოქმედების დროში და რიტუალში მონაწილე პირების ასაკსა და სტატუსში. „შეშიანი კვერი“ ქალიშვილებისთვის არის განკუთვნილი, „ხოზოკვარი||ხოზოკონი“ – ქალებისთვის.

მართალია, აღნიშნული რიტუალები სხვადასხვა დროსა და სიტუაციებში მოქმედებენ, მაგრამ, ხალხის აღქმით, ორივე ეს დრო (ქორწილის პერიოდი და ყველიერი), გარკვეული თვალსაზრისით, თანაბარმნიშვნელოვანია. ყველიერი ადრეგაზაფხულზე მოდის, როდესაც ბუნება აღორძინებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში ადამიანის ჩართვა და მისი ზიარება აღორძინება-ნაყოფიერებასთან მიიღწევა „ხოზოკვარი||ხოზოკონის“, როგორც ნაყოფიერების სიმბოლურ-მატერიალური გამოხატულების, ჭამის გზით. აშკარაა, რომ კვერი მდედრული საწყისის მატარებელია, ჩხირი კი – მამრულისა. ამ ორი საწყისის შერწყმა გაიაზრება, როგორც აღორძინებისა და განაყოფიერების რეალური საფუძველი. მსგავსად აღნიშნულისა, დროის საქორწილო მონაკვეთი, რომელიც საპირისპირო სქესთა შეერთებით უნდა დასრულდეს, განიხილება, როგორც ნაყოფიერების დრო, რომელშიც ცხოვრობს არა მხოლოდ ერთი რომელიმე წყვილი (ნეფე-დედოფალი), ან ერთი კონკრეტული ოჯახი, არამედ მთელი ჯგუფი. და ეს იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: წინასაქორწილო და ქორწილის დღეებში კოლექტივის მთლიანობა შეკრულია აღორძინება-ნაყოფიერების დროით, ანუ ესაა კოლექტივის ერთობლივი ცხოვრება ნაყოფიერების მომნიჭებელ დროში. ამიტომ ამ დროში შესასრულებელი აქტი – „შეშიანი კვერის“ ჩხირთან ქალიშვილების ფიზიკური კონტაქტი მამრულ საწყისთან მათი შეერთების იდეის შემცველია. ესაა მაგიური ხასიათის ქმედება, რომელმაც სასურველი რეალობად უნდა აქციოს.


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. ტრადიციული საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამეგრელოში. თბ., 2005, გვ. 162-164;
  • ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 310.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები