დორვალი მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი დორვალი

მარი დორვალი – (ფრანგ. Marie Dorval, ნამდვილი გვარი მარია ამელია თომასა დელონე ფრამგ. Marie Amelie Thomase Delaney, 1798-1849), ფრანგი მსახიობი ქალი.

მარი დორვალის მშობლები მსახიობები იყვნენ, ამიტომ თეატრი მისთვის მეორე სახლად იქცა. სცენაზე იგი ადრეული ასაკიდან თამაშობდა. 1818 წელს დორვალი ჩადის პარიზში და აბარებს კონსერვატორიაში. ამ სასწავლებელში დორვალი შეხვდა პროფესორებს, რომლებიც მას დაჟინებით უხსნიდნენ ყოველი ნაბიჯის, ღიმილის, ამოსუნთქვის თეორიას. მას ასწავლიდნენ რისხვის, სირცხვილის, შიშის, სასოწარკვეთის და სიხარულის ტრადიციულად მიღებულ გამომსახველობით საშუალებებს, უხსნიდნენ, თუ რომელი ლექსის, რომელი სტროფიდან იწყებოდა ემოცია და რომელი სტროფით სრულდებოდა იგი. მიუხედავად ამისა, დორვალი მხოლოდ საკუთარ გულისთქმას უსმენდა, სცენური სიმართლის წარმოჩენის ბუნებას სწავლობდა. მისი ყოველი მოძრაობა თუ ჟესტი შინაგანი ვნებით და ემოციით იყო ნაკარნახევი. იგი მალე ტოვებს სასწავლებელს, რადგან კონსერვატორიაში მსახიობის აღზრდის მეთოდი მის შემოქმედებით ინდივიდუალობასთან შეუთავსებელი და, შესაბამისად, მიუღებელიც იყო.

კონსერვატორიიდან წამოსვლის შემდეგ დორვალი პარიზის ერთ-ერთი საუკეთესო ბულვარული თეატრის - „პორტ-სენ-მარტენის“ - მსახიობი ხდება. მთავარი ჟანრი, რომელმაც მას დიდება მოუტანა, მელოდრამა იყო, ხოლო პირველი წარმატებული როლი იყო ამალია - დიუკანჟის მელოდრამაში „30 წელი ანუ მოთამაშის ცხოვრება“. დორვალი საოცრად ემოციური მსახიობი იყო და მისი ეს თვისება სწორედ ამალიას როლის შესრულებისას წარმოჩინდა თვალნათლივ. მან შექმნა ქალის ძალზე შთამბეჭდავი სახე, რომელიც უტყვად და მორჩილად ითმენს თავისი მეუღლის თამაშით გატაცების საბედისწერო ვნებას. პიესის დასაწყისში დორვალის ამალია 16 წლის გოგონაა, ხოლო ფინალში - ტანჯულ ცხოვრებაგამოვლილი, თავის ბედს შეგუებული 46 წლის ქალია. დორვალის ამალიასთვის მთავარი არა მეუღლის - ჟორჟის სიყვარული (როგორც ეს პიესაშია მოცემული), არამედ საკუთარი შვილების სიყვარულია. სპექტაკლში დორვალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მესამე აქტი, როდესაც უბედურებისგან გათანგული, დაბერებული, ძონძებით შემოსილი საბრალო ქალი სასოწარკვეთილი დაძრწის, რათა შიმშილისა და სიცივისგან სიკვდილის პირას მისული საკუთარი შვილი გადაარჩინოს. ამ სცენაში ამალიას განცდა საოცრად ძლიერი და შთამბეჭდავი იყო და სწორედ ამიტომ უდიდეს გავლენას ახდენდა მაყურებელზე. ეს სცენა დორვალის შესრულებით სცილდებოდა მელოდრამატულ ჟანრს და გრძნობათა ბუნებით უფრო მაღალი დრამის რანგში მოიაზრებოდა.

ძალზე ემოციური იყო მარი დორვალის ადელ დერვე - დიუმას რომანტიკულ დრამაში „ანტონი“, სადაც მთავარი პერსონაჟების სიყვარულის განწირულობა ბურჟუაზიული საზოგადოების მტრული განწყობით იყო განპირობებული. სპექტაკლის ფინალური სცენა, როდესაც ადელს მისი შეყვარებული კლავს, გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე.

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მსახიობისთვის მარიონის როლი ვიქტორ ჰიუგოს პიესაში „მარიონი“. ეს როლი მისთვის განსაკუთრებულად ახლობელი გამოდგა. დორვალის მარიონი იყო სიყვარულისთვის, სამართლიანობისთვის მებრძოლი, რომლისთვისაც ჭეშმარიტი ღირებულებებით, ზნეობრივი წესების დაცვით და ამ გზით ადამიანის განწმენდის მიღწევის თემა ტრადიციული და ახლობელი აღმოჩნდა. დორვალის საშემსრულებლო ხელოვნების შეფასებისას პიესის ავტორი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

1835 წელს დორვალმა შეასრულა კიტი ბელის როლი ვინის მიერ სპეციალურად მისთვის დაწერილ დრამაში „ჩატერტონი“. მისი კიტი ამ სამყაროში მარტოხელა, მარტოსული ქალია. მისთვის ერთადერთი შვება და სიხარული მისი შვილებია. კიტის ცხოვრებაში ჩნდება მასავით მარტოსული და უბედური ახალგაზრდა პოეტი - ჩატერტონი. კიტი უნებლიეთ აღმოაჩენს, რომ ჩატერტონის მიმართ თანაგრძნობისა და დახმარების სურვილთან ერთად, უდიდესი სიყვარულის გრძნობა უჩნდება, მაგრამ ეს სიყვარული განწირულია, ისევე, როგორც თავად მთავარი გმირები. სპექტაკლის ფინალურ სცენაში, დორვალის თხოვნით, გამოყენებულ იქნა ხვეული კიბე, რომლითაც კიტი დიდი ძალისხმევითა და კონვულსიური მოძრაობებით თავის ოთახში ადიოდა. კარს რომ შეაღებდა, იგი დაინახავდა მომაკვდავ ჩატერტონს და მას საშინელი ყვირილი აღმოხდებოდა. ამ ხმაში იყო განუზომელი ტანჯვა და უსაზღვრო ტკივილი, კიტის სიკვდილის მიზეზიც უმალ გასაგები ხდებოდა.

დორვალის მიერ შესრულებული ყველა როლი ძალზე განსხვავებული იყო, მაგრამ მათ აერთიანებდა ერთი საერთო ხაზი - კაცთმოყვარეობის და სიყვარულის პათოსი. „იგი დაჯილდოებული იყო საოცარი უნარით. მისი ყოველი სცენური პერსონაჟი ერთდროულად სადაც იყო და პათეტიკურიც, მგრძნობიარეც და დიდებულიც, უსუსურიც და ძლიერიც, ამასთანავე - ძალზე გულწრფელი და ადამიანური“.

მარი დორვალი ფრანგული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო: „პოეტური“ ქალურობის სიმბოლო, უაღრესაც ემოციური და ღრმა გრძნობების მსახიობი. იგი ჭეშმარიტი ვნებათაღელვის სახიერი წარმოჩენის უნარს ფლობდა. დორვალი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, ტანით პატარა და გამხდარი იყო, არასწორი სახის ნაკვთებით, ოდნავ ხრინწიანი ხმით, მაგრამ ვიქტორ ჰიუგოს სიტვებს თუ დავესესხებით, იყო „მშვენიერზე მეტი“. მას ჰქონდა საოცარი სცენური ხიბლი.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები