ეგზისტენციალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგზისტენციალიზმი - (გვიანლათ. exsistencia – არსებობა), – არსებობის ფილოსოფია; XX საუკუნის ირაციონალისტური მიმდინარეობა ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მსოფლიოს თეატრალურ კულტურაზე. აქტუალური გახდა I მსოფლიო ომის წინა და შემდგომ წლებში, ასევე მე-2 მსოფლიო ომის წინ და შემდგომ. 40-50-იან წწ. გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

ეგზისტენციალიზმი, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა, იყოფა რელიგიურ (იასპერსი, მარსელი, ბერდიაევი, შესტოვი, ბუბერი) და ათეისტურ ფრთად (სარტრი, კამიუ, მერლო-პონტი, ჰაიდეგერი). თავის წინამორბედებად ეგზისტენციალისტებს მიაჩნდათ პასკალი, კიერკეგორი, უნამუნო, დოსტოევსკი, ნიცშე. ეგზისტენციალიზმზე გავლენა იქონია ჰუსერლის ცხოვრების ფილოსოფიამ და ფენომენოლოგიამ. ეგზისტენციალიზმი შეეცადა აღედგინა ონტოლოგია (ყოფიერების შემეცნება), ნაცვლად გნოსეოლოგიური (ცნობიერების შესწავლა) მიდგომისა, რაც ფართოდ იყო გავრცელებული XX ს. დასაწყისში. ეგზისტენციალისტების მთავარი დებულებაა ყოფიერების ინტუიციური წვდომა. მათი შეხედულების მიხედვით, ადამიანის ყოფიერება არ არის ჩაკეტილი რაიმე წრეში და ინარჩუნებს ტრანსცენდენციის (მიღმიერების შეგრძნების) უნარს. დროის ფენომენში ისინი გამოყოფენ მომავლის მნიშვნელობას და მას განიხილავენ ისეთ ეგზისტენციალებთან ერთად, როგორიცაა „გაბედულება“, „პროექტი“, „იმედი“, რაც დაკავშირებულია ადამიანის მოღვაწეობასთან, ძიებასთან, დაძაბულობასთან, მოლოდინთან.

ეგზისტენციის მეორე უმნიშვნელოვანესი განსაზღვრებაა ტრანსცენდირება, ანუ საკუთარი ფარგლებიდან გასვლა. რელიგიური ფრთის ეგზისტენციალისტებისთვის ტრანსცენდენტური არის ღმერთი. სარტრისა და კამიუს აზრით, ტრანსცენდენცია არის ეგზისტენციის უდიდესი საიდუმლოება.

ფრანგულ და რუსულ ეგზისტენციალიზმში (და ასევე იასპერსსთან) ყურადღების ცენტრში მოქცეულია ადამიანური თავისუფლების პრობლემა. ეგზისტენციალიზმი უარყოფს რაციონალისტურ, განმანათლებლურ პოზიციას, რომლის მიხედვით, თავისუფლება არის გარდუვალობის შემეცნება. იგი უარყოფს, ასევე, ჰუმანისტურ-ნატურალისტურ პოზიციასაც, სადაც თავისუფლება განიხილება როგორც ადამიანის ბუნებრივი მონაცემების რეალიზაცია, მისი არსობრივი ძალების გამონთავისუფლება. ეგზისტენციალისტების აზრით, თავისუფლება უნდა განვიხილოთ მხოლოდ ეგზისტენციიდან გამომდინარე. მარსელის და იასპერსის მიხედვით, თავისუფლება არის ღმერთთან კავშირი. სარტრის მიხედვით, ადამიანი თავისუფალია იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ირჩევს თავის თავს, არ ეყრდნობა არაფერს თავისი სუბიექტურობის გარდა, რომლის არსი მდგომარეობს სრულ დამოუკიდებლობაში. მას შეუძლია უარი თქვას თავისუფლებაზე, უარი თქვას იყოს თავისივე თავი, გახდეს „ყველასნაირი“, მაგრამ მხოლოდ თავის პიროვნებაზე უარის თქმის გზით. ჰაიდეგერის მიხედვით, სამყარო უპიროვნოა და ანონიმური. აქ არიან მხოლოდ „სხვები“. ადამიანი საკუთარი თავის მიმართაც კი „სხვაა“.

ეგზისტენციალისტების მიერ ამავე ჭრილშია განხილული – ადამიანთა ურთიერთობის პრობლემაც. კამიუს მიხედვით, ერთი ინდივიდის ჭეშმარიტი დაახლოება მეორესთან შეუძლებელია. სარტრიც და კამიუც ხედავენ სიყალბეს ინდივიების ნებისმიერ ურთიერთობაში, რაც ნათელდებულია რელიგიის და ზნეობის მიერ, სიყვარული იქნება ეს თუ მეგობრობა. კამიუ აღიარებს ადამიანების ჭეშმარიტ დაახლოებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ბუნტის დროს სამყაროს აბსურდულობის, სიკვდილის არსებობის, არასრულყოფილების და ადამიანური ყოფის უაზრობის მიმართ. მხოლოდ ექსტაზს შეუძლია ადამიანების დაახლოება, მაგრამ ეს ექსტაზი დამანგრეველი ძალაა და ბოლოს ისიც გადაიზრდება აბსურდში.

ეგზისტენციალიზმი თვლის, რომ ობიექტური სამყაროდან გასვლა შესაძლებელია ფილოსოფიის, რელიგიის, შემოქმედების შემწეობითაც. მაგრამ სამყარო შეუბრალებელია და ასეთი კომუნიკაციის მარცხი გარდაუვალია.

ეგზისტენციალიზმს მიაჩნია, რომ ღმერთი ადამიანებში უკვე მოკვდა, ხოლო რაკი ღმერთის გარეშე არსებობას აზრი არა აქვს, ადამიანს ისღა დარჩენია, რომ ყოფიერების აზრი ეძიოს ტრანსცენდენტურ კომუნიკაციაში, რაც თავისთავად, ისევ და ისევ, ღმერთის ძიებაა.

ეგზისტენციალიზმმა შესამჩნევი კვალი დაამჩნია XX ს. თეატრალურ ხელოვნებას. მისი გავლენით წარმოიშვა ინტელექტუალური დრამის სახეობა – ეგზისტენციალური დრამა. ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიური შეხედულებანი საფუძვლად დაედო აბსურდის თეატრს. ეგზისტენციალიზმის ბევრი წარმომადგენელი თავად იყო დრამატურგი: სარტრი, კამიუ, ანუი, სიმონა დე ბოვუარი, ვიანი, უნამუნო, ბოლდუინი, აირის მერდოკი, ნოსაკი, აბე კობო.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები