ენემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენემი(შუმ.)სიტყვა“ ღმერთის, განსაკუთრებით, ენლილის აქტივობის გამოხატულება სიტყვა ღმერთის წარმოთქმულია, მისი ბაგიდან მომდინარეობს, მაგრამ ის ხშირად მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ძალა. სიტყვა იარაღია კოსმოგონიური აქტების შესასრულებლად. მართალია, ძირითად კოსმოგონიურ ტექსტებში არა ჩანს, რომ დემიურგი სიტყვის მეშვეობით, მისი წარმოთქმით ქმნიდეს სამყაროს, მაგრამ დემიურგი ღვთაებებისადმი მიმართულ ჰიმნებში სიტყვას შემოქმედებითი ფუნქცია აკისრია. სიტყვა დამუხტულია ღმერთის აზრით, ნებით, მისი სიბრძნით.

ღმერთი განუწყვეტლივ მეტყველებს, „მისი სიტყვა არასოდეს შეწყდება“, მისი მარადიულობის გამოხატულებაა მარადმედინი წყალი. ღმერთის შემოქმედებითი სიტყვა არის შეუქცეველი, გადაუთქმელი, უცვლელი, მართალი, მტკიცე, ისეთივე შეურყეველი, როგორც სამყაროს, „ცისა და მიწის“ საფუძველი. სიტყვა არის საძირკველი ცისა და მიწისა.

ცისა და მიწის ერთიანობა, კოსმიური ჰარმონია, და, ამავე დროს, მათი ერთობლივი განუწყვეტელი შემოქმედება დიალოგის, შესიტყვების, სიტყვათა გაცვლა-გამოცვლის სახით არის წარმოდგენილი. სიტყვა ამ შემთხვევაში კოსმიური შეუღლების აქტის გამომხატველია: „ცა მიწასთან სიტყვით თანაუბნობს; მიწა ცასთან სიტყვით თანაუბნობს“.

სადაც კი რამ ხდება, სადაც კი რამ იბადება, ყველგან ვხვდებით ამ სიტყვას: „შენი სიტყვით იბადება კაცთა მოდგმა“. ყოველ კერძო შემთხვევაში კი საცნაურია მისი უშუალო მოქმედება, რომელსაც გრძნობს მოწიფული ქალ-ვაჟი: „შენს სიტყვას ჭაბუკი თავის ძალასავით შიგანში ჩაიდგამს, ძალამოცემულ კუროსავით ეზოში იკუნტრუშებს; შენს სიტყვას ქალწული სიმწიფის ჯიღად თავზე დაიდგამს“.

სიტყვა არის ის ძალა, რომლითაც ცა მიწაზე აწვიმებს, მიწიდან ბალახი ამოჰყავს, მოსავალი მოჰყავს: „სიტყვა ჩემი ცას მისწვდება და სიუხვის წვიმა იწვიმებს ციდან; მიწას მისწვდება და მცენარეულობა გაჩნდება მიწად; ამწვანებულ ყანას მისწვდება და ჩემი სიტყვით მოსავალი უხვად დახვავდება“. ან: „შენი სიტყვა – მცენარეულობა; შენი სიტყვა – ხორბალი; შენი სიტყვა – წყლის ნიაღვარი, სიცოცხლე მთელი ქვეყნისა“.

ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტია თავისი ბუნებით, ამიტომაც იგი არის ჭეშმარიტების პირველსახე, „დედანი“ ყოველი კერძო სიმართლისა, რომელიც ავ კაცთა მოდგმაში არ იპოვება. „სიტყვა შენი ჭეშმარიტებას და სიმართლეს ბადებს, ხალხს სისწორეს ალაპარაკებს“. ბუნებრივია, რომ ამ ასპექტით სიტყვა ნათელთან არის გაიგივებული: „შენი სიტყვა სხივია“.

ღვთაებრივი სიტყვა, როგორც შემოქმედებითი, ყოვლისშემძლე ძალა, საიდუმლოებრივია, ის ადამიანთათვის მიუწვდომელია, ადამიანი მხოლოდ მისი მოქმედების კვალს ხედავს დედამიწაზე. „შენი სიტყვა ცაშია გაშორიელებული, მიწაშია ჩასული – ვერავინ მიაგნებს“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები