ენობრივი ნიშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენობრივი ნიშანი – ბგერათმიმდევრობა (ბგერა), რომელიც მოცემულ ენაში გარკვეულ შინაარსს გამოხატავს. ამ გაგებით (რომელიც ფ. დე სოსიურის ზოგადლინგვისტურ მოძღვრებას უკავშირდება), ენობრივი ნიშანს აქვს ორი მხარე – გამოხატულება და შინაარსი, ანუ სოსიურის ტერმინებით – აღმნიშვნელი (ფრანგ. signifiant) და აღსანიშნი (ფრანგ. signifie). აღმნიშვნელი, როგორც ენის ფაქტორი, დაკავშირებულია ბგერით სუბსტანციასთან, გვევლინება მის ფორმად (სოსიურის მიხედვით – ფსიქიკაში მუდმივად არსებულ ბგერით წარმოდგენად, ბგერით ხატად). აღსანიშნია სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი – საგანი, მოვლენა, მიმართება…, მაგრამ ნიშნის შემადგენლობაში ისინი წარმოდგენილი არიან ცნებების სახით. სინამდვილის ობიექტს (საგანს, მოვლენას…), რომელიც შეეთანადება ენობრივ აღსანიშნს, ეწოდება დენოტატი (რეფერენტი), ხოლო თვით მიმართებას – რეფერენცია. წარმოდგენილი ურთიერთობების საილუსტრაციოდ ხშირად მიმართავენ ე.წ. სემანტიკურ სამკუთხედს.

Semantikuri samkuTxedi.PNG

ნიშნის შემადგენელი ორი მხარე არსებობს მხოლოდ ურთიერთკავშირის შედეგად: აღმნიშვნელი იმდენად არის ენობრივი აღმნიშვნელი, რამდენადაც ის რაიმეს (აღსანიშნით გადმოცემულს) გამოხატავს, ხოლო აღსანიშნი იმდენად არის ენობრივი აღსანიშნი, რამდენადაც ის ენობრივად გამოხატულია.

კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ნებისმიერია: ბგერათა თანმიმდევრობა, რომლითაც აღნიშნულია საგანი, არ არის შინაგანი აუცილებლობით დაკავშირებული ამ საგანთან (შდრ. ერთი და იმავე საგნის სახელწოდებები სხვადასხვა ენაში: ქართული თვალი, რუსული глаз, ინგლ. eye, ფრანგ. oeil, გერმ. auge…; ქართული ქვეყანა, არაბ. balad(un), რუსული страна, ინგლ. land…, ქართული ვარსკვლავი, არაბ. kavkab(un), რუს. звезда და ა. შ. მაგრამ ნიშნის ნებისმიერობა არ ნიშნავს თავისუფლებას მოლაპარაკეთა მხრიდან მათ გამოყენებაში. ენობრივი კოლექტივის წევრებისათვის ნიშანი არ არის თავისუფალი, იგი იძულებითია, თავს მოხვეული, რასაც განაპირობებს ორი ფაქტორი: ენა, როგორც საკომუნიკაციო სისტემა არსებობს მხოლოდ სოციალურ რეალობაში. ფუნქციონირებისათვის მას სჭირდება, რომ ენობრივი ნიშნები საერთო იყოს კოლექტივის წევრებისათვის. მეორე მხრივ, ენა არ არსებობს დროის გარეშე. იგი მუდმივად წარმოგვიდგება როგორც წინა საუკუნეებიდან მიღებული და შემდეგი თაობებისთვის გადაცემული კონვენციური სისტემა. ამგვარად, სოციალური მასა და დრო განაპირობებს ენის უწყვეტობას, გარკვეულწილად ზღუდავს ნიშნის თავისუფლებას.

ნიშნის ნებისმიერობა არ გამორიცხავს ენაში აბსოლუტურად ნებისმიერი, არამოტივირებული ნიშნების გვერდით მოტივირებული ნიშნების არსებობას. მაგ. ქართ. რიცხვითი სახელები – ათი, ასი, რვა. არამოტივირებულია, მაგრამ მათგან ნაწარმოები – თვრამეტი (<ათ-რვა-მეტი), ათასი (<ათი-ასი) უკვე შედარებით მოტივირებულია, რადგან მათი შედგენილობა მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა. ნებისმიერობის პრინციპი, რომელსაც შეუზღუდაობის პირობებში შეუძლია შექმნას დიდი სირთულეები, რამდენადმე რეგულირდება სწორედ ნიშანთა მოტივირების მეშვეობით.

ნიშნები ენაში ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ქმნიან სისტემას. თითოეული ნიშანი განპირობებულია მასთან დაპირისპირებული სხვა ნიშნებით. ეს ქმნის ნიშნის ღირებულებას. ღირებულება განისაზღვრება ნიშნის ადგილით ენობრივ სისტემაში. ერთნაირი ან ნაწილობრივ მსგავსი მნიშვნელობის მქონე ნიშნების ღირებულება სხვადასხვა ენაში შეიძლება განსხვავებული იყოს იმის მიხედვით, თუ როგორია თითოეული ენის სისტემა. მაგ., განსხვავებულია მრავლობითი რიცხვის ღირებულება ისეთ ენებში, სადაც მრავლობით რიცხვს მხოლობითი რიცხვი უპირისპირდება, და ისეთ ენებში, სადაც მრავლობით და მხოლობით რიცხვთან ერთად ორობითი რიცხვიც არსებობს (იხ. ენობრივი მსოფლხედვა).

ენობრივი ნიშნის სოსიურისეულმა დეფინიციამ ფართო გავრცელება პოვა ენათმეცნიერებაში, მაგრამ გაჩნდა სხვადასხვა თვალსაზრისით მისი დაზუსტებისა თუ შევსების მოთხოვნილებაც. მაგ. ფ. სოსიურის დებულებაზე ნიშნის ნებისმიერობის შესახებ აღინიშნა (ე. ბენვენისტი), რომ ნებისმიერობა და შემთხვევითობა ეხება არა ნიშნის შინაგან სტრუქტურას (აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის მიმართებას), არამედ სიმბოლო-ნიშნის მიმართებას რეალური სამყაროს საგნებთან. აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირი კი უნდა განვიხილოთ როგორც აუცილებელი. არასაკმარისად იქნა მიჩნეული ენობრივი ნიშნის განსაზღვრა მხოლოდ „ვერტიკალური“ ნიშნის შიგნით აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის არსებული მიმართებების საფუძველზე. ენობრივი ნიშნის ნამდვილი არსის სრულად დახასიათებისათვის ასევე აუცილებლად მიიჩნევა „ჰორიზონტალური“ მიმართებების დადგენა, ე.ი. მიმართებების გათვალისწინება მოცემულ ნიშანსა და ამავე სისტემის შესაბამის ნიშნებს შორის როგორც აღმნიშვნელის, ისე აღსანიშნის დონეზე (თ. გამყრელიძე). კამათს იწვევს აგრეთვე აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის კავშირის ნებისმიერობა ბგერითი სიმბოლიზმის (იხ. ბგერწერა) პოზიციებიდან, რომლის მიხედვით ეს კავშირი მოტივირებულად უნდა განიხილებოდეს. აღნიშნული (და სხვა მსგავსი) შენიშვნები არსებითად არ ეხება ნიშნის ორმხრივ (ბილატერალურ) ხასიათს. საკმაოდ გავრცელებულია ნიშნის, როგორც ცალმხრივი (უნილატერალური) ერთეულის გაგებაც, რომლის თანახმად „ნიშანი“ განისაზღვრება როგორც ბგერათმიმდევრობა, რომელიც არა მხოლოდ ასახავს რომელიმე ექსტრალინგვისტურ საგანს, მოვლენას, არამედ შეიცავს მის შესახებ ინფორმაციას, დაკავშირებულია მნიშვნელობასთან (ე. ს. პანფილოვი, ე. მ. სოლნცევი). განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო ენობრივი ნიშნის, როგორც ლოგოცენტრისტული ეპოქის წარმონაქმნის კრიტიკამ პოსტსტრუქტურალიზმის პერიოდში (ჟ. დერიდა, რ. ბარტი…), როდესაც ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული საერთოდ ასეთი ერთეულის არსებობის უფლებაც კი.

ი. ქობალავა


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები