ეოლოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეოლოსი(ბერძნ.) ქართა ღვთაება.

ჰომეროსისა და გვიანი ხანის თქმულებებში ეოლოსი უფრო პოეტური სახეა, ვიდრე ღვთაება. იგი განაგებს კუნძულ ეოლიას. სკიპტრით ხელში ზის კლდის თავზე და დარაჯობს მღვიმეში გამოკეტილ ქარებს.

სწორედ მის კუნძულზე მოხვდება ოდისევსი ხეტიალის დროს. იმხანად ეოლია გარშემორტყმული იყო ბრინჯაოს კედლებითა და მაღალი კლდეებით. ეოლოსს ჰყავდა მეუღლე არეტე, ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. მეფემ გულთბილად მიიღო ოდისევსი და განშორებისას ზურგქარს უბრძანა მისი ხომალდის აფრათა მართვა. გარდა ამისა, მან გმირს აჩუქა საბერველი, რომელშიც ყველა სხვა ქარი იყო ჩამწყვდეული. თანაც უბრძანა, არ მოეხსნა თავი ამ საბერველისთვის. კუნძულ ითაკას მიახლოებულმა მეხომალდეებმა ოდისევსისაგან მალულად მაინც გახსნეს ეს საბერველი. უმალ ამოვარდნენ იქიდან ქარები და ხომალდი კვლავ ეოლიის ნაპირებთან გადმოისროლეს. განრისხებულმა ეოლოსმა აღარ მიიღო ოდისევსი და მისი ურჩი თანამგზავრები.

ეოლოსი ერქვა აგრეთვე ერთ-ერთი ბერძნული ტომის, ეოლიელების მამამთავარს. იგი დევკალიონის შვილიშვილი იყო, ჰელენოსის ძე. ეოლოსი თესალიას განაგებდა და ამიტომ იქაურებს ეოლიელებად უხმობდნენ.

თავდაპირველად ქართა ღვთაება ეოლოსსა და ეოლიელთა მამამთავარს არაფერი ჰქონდათ საერთო. დროთა განმავლობაში მითოგრაფოსთა ფანტაზიამ ისინი ერთმანეთს დაუკავშირა.

გადატანითი მნიშვნელობით პოეტები ქარს ზოგჯერ ეოლოსად მოიხსენებდნენ. არსებობს მუსიკალური ინსტრუმენტი სახელწოდებით ეოლოსის არფა, რომელიც ქარის ქროლისას ხმას გამოსცემს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები