ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი)ეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დიმიტრი ივანეს ძე ლაზარიშვილი.

დაიბადა 1870 წლის 16 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯიმითში. 1889 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890 წლის 21 იანვარს იგი აკურთხეს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად, 1897 წლის 28 მაისიდან ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანია. 1904 წლის 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშუეთში. 1907 წლიდან იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907 წლებში მუშაობდა საქართველოს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად და ხაზინადარად. 1908-1912 წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914 წლის 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში №481 – ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920 წლებში, თბილისის საოლქო კრების არჩევით ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. წლის 13 იანვარს დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა, მაგრამ გაათავისუფლეს ამნისტიის საფუძველზე 1 წლისა და ორი თვის შემდეგ. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა ქაშუეთის ეკლესიას. 1925 წლის ივნისს დაინიშნა თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, 1926 წლის 17 თებერვალს – საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1927 წლის 26 ივნისიდან დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი საკათოლიკოსო სინოდის წევრია. 1930 წელს დაინიშნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ თანამდებობაზე 1943 წლის მაისამდე.

1943 წლის 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი დიმიტრი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მეუფე დიმიტრი მართალია იწოდებოდა ნინოწმინელად, მაგრამ შექმნილი რთული ვითარების გამო (ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია ს.ვ.) წირავდა ქაშუეთის ეკლესიაში. 1947 წლის 8 ნოემბერს იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ქაშუეთის ეკლესიაში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

დიმიტრი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები