ეჟენი (ბომარშე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეჟენი – ფრანგი დრამატურგის, პიერ ბომარშეს, მეშჩანური დრამა (1767).

დენი დიდროს თეორიული შეხედულებების მიხედვით შექმნილ პიესას ბომარშემ დაურთო წინასიტყვაობა, სადაც მოითხოვდა დრამატურგიაში ბურჟუაზიული მაყურებლისთვის საინტერესო თემატიკის დამკვიდრებას, ყოველდღიური ცხოვრების ასახვას, ყოფით, ბუნებრივ, რეალისტურ დიალოგებს და პიესის პროზაულად წერას. „სერიოზულ ჟანრს“ აყენებდა კომედიასა და ტრაგედიაზე მაღლა. მიაჩნდა, რომ კომედიური ჟანრი ვერ შეძლებდა ზნეობრივი მაგალითის ჩვენებას, ხოლო რაც შეეხება ტრაგედიას – ბომარშეს აზრით, ვალებში ჩავარდნილი, გაკოტრებული ვაჭარი უფრო მეტ თანაგანცდას იწვევდა მაყურებელში, ვიდრე დამარცხებული მონარქი ან მხედართმთავარი. აქედან გამომდინარე ის უარყოფდა ისტორიულ და, მითოლოგიურ თემატიკას. ბომარშე ოცნებობდა ისეთი თეატრალური გარემოს, სცენური ილუზიის შექმნაზე, რომელიც მაყურებელს მთლიანად ჩართავდა სცენურ ქმედებაში. მაგალითად, პიესაში „ეჟენი“ დრამატურგი შეეცადა, რომ მაყურებელს მუდმივად ჰქონოდა სცენაზე წარმოდგენილი პერსონაჟების ცხოვრებასთან, მათ სცენურ ქმედებებთან უწყვეტი კავშირი. ამისთვის ანტრაქტების დროს ფარდა აღარ ეშვებოდა, გამოდიოდნენ მდუმარე მსახურები, ალაგებდნენ, აწყობდნენ და მიმიკური თამაშით გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას მომხდარი მოვლენების მიმართ. ტრადიციული ინტერმედიის ასეთი გააზრება იმდენად მიუღებელი იყო იმ პერიოდისთვის, რომ ფრანგული კომედიის თეატრმა ეს სცენები ამოიღო. ბომარშე ამ ფაქტმა ძალიან გაანაწყენა.

პიესის „ეჟენი“ სიუჟეტად გამოყენებულია ეპიზოდი ლესაჟის რომანიდან. მოქმედება თავიდან პარიზში მიმდინარეობდა, თავადაზნაურთა წრეში, მაგრამ ცენზურის მოთხოვნით, ბომარშემ მოქმედება ინგლისში გადაიტანა, რადგან პიესის სიუჟეტში განვითარებული ფიქტიური ქორწინების თემა კათოლიკური საფრანგეთისთვის დაუშვებელი იყო. „ეჟენი“ ძალიან ჰგავს მეშჩანურ დრამას, სადაც იმ გულუბრყვილო ახალგაზრდა ქალის განცდებია ნაჩვენები, რომელსაც შეაცდენს და მდიდარი ქალბატონის გამო მიატოვებს არისტოკრატი კაცი. პიესაში გადმოცემულია მამაკაცის განცდები და სინდისის ქენჯნა ჩადენილი საქციელის გამო, რასაც პერსონაჟი საბოლოო, ლოგიკურ ფინალამდე მიჰყავს – ის უბრუნდება ეჟენის.

ნინო ქირია


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები