ვაინახური ბაირაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაჲრაღ-ი || ბეჲრაღ-ი (ინგუშ. БайрагI || ჩეჩნ. БейрагI) – საკულტო დანიშნულების ვაინახური დროშა, რომელიც თითქმის ყველა სამლოცველოში ინახებოდა; წარმოადგენდა წმ. კორომში მოჭრილი ხისგან გამოთლილ ოთხწახნაგოვან ლატანს, რომელზედაც თეთრი ფერის ნაჭერი ეკიდა. ხატისმსახურს ბაირაღი ყოველწლიურ ხატობაზე გამოჰქონდა და ლატნის ერთსა და იმავე წახნაგზე ჭდეს აკეთებდა. ღვთისმსახურის სიკვდილის შემდეგ, მისი მემკვიდრე ასეთივე ჯდეებით ამკობდა მეორე წახნაგს. ბაირაღი, რომელიც ოთხი ხატისმსახურის ხელში გაივლიდა და, ამდენად, ოთხივე წახნაგი ჭდეებით ჰქონდა დაჭრელებული, ახლით უნდა შეეცვალათ. ძველ ბაირაღს ან ელგუცის (სამლოცველოს) ჭერის განივ კოჭზე შემოდებდნენ, როგორც არასაჭოროს, მაგრამ წმინდა საგანს, ან ცეცხლზე დაწვავდნენ, თუ მისი გამოყენების პერიოდი დაკავშირებული იყო ავადმყოფობებთან, გვალვებთან, მოუსავლიანობასთან და ა. შ. ღვთისმსახურის მითითებით ახალი ბაირაღისთვის ლატანი წმ. კორომში უნდა მოეჭრა უცოლო ჭაბუკს, რომელიც უხმოდ მიდიოდა ტყეში, უხმოდ და ცულის ერთი დარტყმით უნდა წაექცია ხე, უხმოდვე დაბრუნებულიყო და ლატანი ხატისმსახურისთვის გადაეცა. ბაირაღს ყველა განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდა. თუ კულტმსახური მას დაკარგავდა ან მიწას შეახებდა, ცოდვის გამოსასყიდად, პირველ შემთხვევაში ცხვარს სწირავდა, მეორედ კი – სამწლიან ხარს. გარდა ხატობებისა, ბაირაღს მიცვალებულთა დღეებში (შავ ლენტშებმულ ბაირაღს აკლდამებზე ჰკიდებდნენ), სოფლებსა და ინდივიდებს შორის წამოჭრილი მიწაზე დავების შემთხვევებშიც იყენებდნენ.


ლიტერატურა

  • Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები