ვუდვორთი რობერტ სესიონს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვუდვორთი რობერტ სესიონს

ვუდვორთი რობერტ სესიონს - Woodworth Robert Sessions, Ву́дворд Ро́берт, 1869-1962

ამერიკელი ფსიქოლოგი, ფუნქციონალიზმის კოლუმბიის სკოლის წარმომადგენელი, АРА-ს პრეზიდენტი (1914). განათლება მიიღო უ. ჯეიმსთან ჰარვარდში, ჩ. შერინგტონთან ლივერპულის უნივერსიტეტში და რ. კეტელთან ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც შემდგომში 55 წლის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. იკვლევდა ზოგადი, პიროვნების, სოციალური, შედარებითი ფსიქოლოგიის, ფსიქოფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის ისტორიის პრობლემატიკას.

ვუდვორთის მიკუთვნება რომელიმე მიმდინარეობასთან თუ სკოლასთან პირობითია, რამდენადაც იგი შეგნებული ეკლექტიკოსი იყო და ხაზს უსვამდა თავის მიმღებლურ დამოკიდებულებას სხვა მეთოდოლოგიური პოზიციების მიმართ. იგი აპროტესტებდა ტერმინს „ფსიქოლოგიური სკოლა”, და მას მიიჩნევდა ცალკეული თეორიული სისტემის დომინირების პრეტენზიის გამოხატულებად, რაც მეცნიერებაში დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ვუდვორთის ძირითადი ნაშრომების სულისკვეთება იმდენად ახლოსაა ფუნქციონალურ ფსიქოლოგიასთან, რომ მეცნიერების ისტორიკოსები მას ერთხმად მიიჩნევენ ამ მიმდინარეობის ერთერთი განშტოების ლიდერად.

ვუდვორთი მიიჩნევდა, რომ ფსიქოლოგიური კვლევის საყრდენი პუნქტია გამღიზიანებელი და მასზე მოტორული პასუხი, მაგრამ რეაქცია მხოლოდ სტიმულის ზემოქმედების შედეგი არ არის. სტიმულისა და რეაქციის ურთიერთმიმართებაში აქტიურად არის ჩართული ორგანიზმი ყველა თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური სისტემით. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიის ფორმულა ასე გამოიყურება: სტიმული - ორგანიზმი - რეაქცია (S-O-R). მაშასადამე, ფსიქოლოგიის კვლევის სფეროში ექცევა როგორც გარეგანი, ისე შინაგანი, როგორც ქცევა, ისე ფსიქიკა. ეს გარემოება აისახება ფსიქოლოგიის მეთოდიკურ აღჭურვილობაში, რაც გულისხმობს, რომ დაკვირვებასა და ექსპერიმენტთან ერთად ფსიქოლოგიამ ინტროსპექციაც უნდა გამოიყენოს.

თავის თეორიას ვუდვორთმა უწოდა დინამიკური ფსიქოლოგია ანუ მოტივოლოგია. აქედან ჩანს, რომ მისი კვლევითი ინტერესის ძირითადი საგანი მოტივაციური პროცესები იყო. ამავე დროს, ვუდვორთს კარგად ესმოდა, რომ ყოველგვარ აქტივობას აქვს როგორც დინამიკური, ისე საშემსრულებლო ასპექტი. ამიტომ იგი განასხვავებდა ქცევის მოტივაციას და მექანიზმებს. ერთი უზრუნველყოფს ქცევას იმპულსით, დინამიზმით, მეორე - საშემსრულებლო ტექნოლოგიით. საათმა რომ იმუშაოს, უნდა არსებობდეს ენერგიის რაიმე წყარო და მოქმედების წესის განმსაზღვრელი მოწყობილობა. ასევეა ქცევის შემთხვევაში. მას აქვს თანდაყოლილი {ინსტინქტები} და დასწავლილ-შეძენილი {ჩვევები} საშემსრულებლო მექანიზმები. მოტივაცია მათ აქტივაციას ახდენს, ამოქმედებს. ქცევის მექანიზმში, თავის მხრივ, ორი რგოლი გამოიყოფა: მოსამზადებელი {განწყობა} და კონსუმატორული (რეაქციის დამასრულებელი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა მიზანი). ვუდვორთმა გამოთქვა აზრი, რომ ჩვევამ შეიძლება საკუთარი აღმძვრელი ძალა შეიძინოს {ჩვეულება}. ეს აზრი შემდგომში მისმა მოწაფემ, გ. ოლპორტმა განავითარა {ფუნქციონალური ავტონომია}.

ვუდვორთმა შექმნა კლასიკური სახელმძღვანელოები, რომლებიც მრავალჯერ გამოიცა და ითარგმნა რამდენიმე ენაზე. მათზე ფსიქოლოგების თაობები აღიზარდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში („Psychology” (1921-1947); „Experimental psychology” (1938-1954); „Contemprorary Shools of Psychology” (1931-1964)).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები