ჯეიმსი უილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმსი უილიამ

ჯეიმსი უილიამ - James William, Джемс (Джеймс) Вильям (Уильям), 1842-1910

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთერთი ფუძემდებელი. პრაგმატიზმის ფილოსოფიის ერთერთი თავკაცი. ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ჰარვარდთან, სადაც მიიღო განათლება ქიმიაში, მედიცინასა და ფილოსოფიაში. იქვე მოღვაწეობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში: ასწავლიდა ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას. 1892 წელს, ჰ. მიუნსტენბერგთან ერთად, დააფუძნა გამოყენებითი ფსიქოლოგიის პირველი ლაბორატორია აშშ-ში. იყო ამერიკისა და ევროპის რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის და საზოგადოების წევრი. გარდა ამისა, მხოლოდ მას და ს. ჰოლს ერგოთ პატივი, ორჯერ არჩეულიყვნენ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) პრეზიდენტად.

ჯეიმსის ფსიქოლოგიური შეხედულებები გადმოცემულია წიგნში „ფსიქოლოგიის პრინციპები” (1890). ფსიქოლოგიის ისტორიაში ეს ერთერთი საეტაპო თხზულებაა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ფსიქოლოგიის მრავალი ფუნდამენტური საკითხის მასში მოცემულმა ანალიზმა სერიოზული გავლენა იქონია იმაზე, თუ რა მიმართულებით განვითარებოდა ეს ფსიქოლოგია. ჯეიმსმა ცნობიერება გაიაზრა, როგორც ნაკადი, რომელიც მუდმივად ცვალებადია და უწყვეტი. ცნობიერების მნიშვნელოვანი მახასიათებელია სელექციურობა, რომელიც მიმართულია ისეთ ვითარებათა გაცნობიერებაზე, რომლებშიც ქცევის ინსტინქტური ანავტომატურ/ჩვევითი ფორმები გარემოსთან შეგუების მხრივ არასაკმარისი აღმოჩნდნენ. მაშასადამე, ცნობიერება მის ადაპტაციურ ფუნქციაში, ბიოლოგიურ სარგებლიანობის კუთხით უნდა დახასიათდეს. სწორედ ამაშია ფუნქციონალიზმის მიდგომის სპეციფიკა, რომლის სათავეებთანაც ჯეიმსი დგას.

სარგებლიანობის პრინციპი ჯეიმსის მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია, რამდენადაც მასზეა დაფუძნებული მის მიერ დამუშავებული პრაგმატიზმის ფილოსოფიური სისტემა. ჯეიმსი გვთავაზობს, შევაფასოთ ყოველი მოვლენა ან იდეა იმის მიხედვით, თუ რა რეალური სარგებელი მოაქვს მას - ჭეშმარიტია ის, რაც სასარგებლოა („ხე ნაყოფით შეიცნობის”). ეს კონცეფცია სხვა ფილოსოფიურ სისტემებს ეწინააღმდეგება, რომლებიც აბსოლუტური ჭეშმარიტების რწმენიდან ამოდიან. სამაგიეროდ, ის კარგად ეთანხმება ამერიკული ცხოვრების წესს, მისი მკაფიო პრიორიტეტით პრაქტიკული და სარგებლისმომატანი საქმიანობისადმი. აღსანიშნავია, რომ ეს პრაგმატისტული მიდგომა ჯეიმსმა გამოიყენა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემების, სახელდობრ თავისუფლება-დეტერმინზმის პრობლემის გააზრებისთვის. ბუნებისმეტყველურად ორიენტირებულ ჯეიმსს კარგად ესმოდა, რომ მეცნიერული ფსიქოლოგიის აგება დეტერმინიზმის პრინციპის გარეშე შეუძლებელია. მეორე მხრივ, არანაკლებ ღრმად სწამდა, რომ თავისუფალი ნება არსებობს და ის რეალურად ერევა ადამიანის ქცევასა და ცხოვრებაში. გამოსავალი ამ ჩიხიდან პრაგმატიზმში მოინახა - ნების თავისუფლების განცდა აძლევს ადამიანს რწმენას, რომ იგი თვითონ წარმართავს ქცევას და, ამდენად, მასზე პასუხისმგებელია; ეს კი საზოგადოებრივი და ზნეობრივი ცხოვრების საფუძველია. აქედან გამომდინარე, ნების თავისუფლების იდეა სასარგებლოა და, პრაგმატული თვალსაზრისით, ჭეშმარიტიც.

ჯეიმსს მიაჩნდა, რომ ცნობიერების დახასიათება მისი მტარებელი პიროვნების გარეშე შეუძლებელია. ჯეიმსს ეკუთვნის დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური მეცნიერების ფარგლებში შესრულებული პიროვნების ცნების პირველი ანალიზი. ჯეიმსისეული მოაზრებით, ამ ცნებაში შედის ყველაფერი, რასაც ადამიანი თავისად მიიჩნევს - სხეული, ნივთები, ქონება, სოციალური როლები, ფსიქიკური უნარები და პროცესები, განსაკუთრებით კი - თვითშეფასებასთან დაკავშირებული ემოციები.

ჯეიმსმა შეიმუშავა ჯეიმს-ლანგეს თეორიის სახელით საყოველთაოდ ცნობილი თვალსაზრისი ემოციებზე. მასში ხაზგასმულია სხეულებრივი პროცესების როლი, რაც საზოგადოდ არის დამახასიათებელი ჯეიმსის ფსიქოლოგიური შეხედულებებისთვის.

ჯეიმსი ძალზე ცნობისმოყვარე მკვლევარი იყო. განსაკუთრებით აინტერესებდა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები და მათ გამოსაწვევად საკუთარ თავზე ატარებდა ცდებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენებით, იკვლევდა პარანორმალურ მოვლენებს, აანალიზებდა მისტიკურ და რელიგიურ გამოცდილებას და სხვა. ამ მხრივ აღსანიშანავია მისი წიგნი „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება” (1902). საზოგადოდ, ჯეიმსის ნაწერები გამოირჩევა დახვეწილი და ნათელი სტილით. მათი ავტორის უკვდავი პოპულარობის ერთერთი მიზეზი ალბათ ესეცაა.

მნიშვნელოვანია უ. ჯემსის მიერ ჩვევის მნიშვნელოვნების გამოკვლევა. ჯეიმსისეული შედარებით, ჩვევა ისევე ამოძრავებს, აწესრიგებს და ამყარებს ერთი ადამიანისა და მთელი საზოგადოების ცხოვრებას, როგორც საათის მექანიზმი - საათის მუშაობას. ჩვევათა გარეშე ადამიანის ყოველდღიურობა აუტანელი გახდებოდა (ადამიანს ყოველ წვრილმანზე გონებრივი და ნებელობითი ძალისხმევა დასჭირდებოდა), მუშაკები ვეღარ/აღარ შეასრულებდნენ თავიანთ ერთფეროვან, მომაბეზრებელ მოვალეობებს, ქვემდგომები აღარ დაემორჩილებოდნენ ზემდგომებს და საზოგადოება და მთელი მსოფლიო არეულობაში დაინთქმებოდა.

ცნობიერების ნაკადის თეორია უილიამ ჯეიმსისგან გაიზიარა მისმა ძმამ, მწერალმა ჰენრი ჯეიმსმა და მხატვრულ ლიტერატურაში გადაიტანა ნოვატორულ მეთოდად. ცნობიერების ნაკადის მეთოდმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მთელი XX საუკუნის მწერლობაზე.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები