ზემარიონეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემარიონეტი – ცნება თეატრალურ კულტურაში შემოტანილია გორდონ კრეგის მიერ და გულისხმობს მსახიობის ხელოვნების მიმსგავსებას მარიონეტის გამომსახველობასთან.

კრეგი იყო მოდერნიზმის ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტი და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სპექტაკლის სახვით-სანახაობრივ თავისთავადობას. ის თვლიდა, რომ თეატრი წარმოშვა ცეკვამ და არა სიტყვამ, და რომ სცენური მოქმედება შესაძლებელია სიტყვის გარეშეც. ამასთანავე, სცენური მოქმედება მას გაიგივებული ჰქონდა სცენურ მოძრაობასთან: „როცა ვამბობ „მოქმედება“, ვგულისხმობ ჟესტს და ცეკვას – მოქმედების პროზას და პოეზიას”; „მოძრაობა მუსიკის მსგავსია, ყველაფერი წარმოიშვა მოძრაობიდან, მათ შორის, მუსიკაც“. თავისი შეხედულებების განსამტკიცებლად, კრეგი იმოწმებდა აღმოსავლური თეატრის ტრადიციებს (ისევე როგორც მისი თანამედროვე ანტონენ არტო). მისი აზრით, მხოლოდ „ზებუნებრივი მართავს დრამატულ ქმედებას“, მსახიობებმა უნდა შექმნან „სიმბოლოები“, რომლის თავი და თავი არის „სიმბოლური ჟესტი“. რაც შეეხება „სცენურ სახეს“ და მით უფრო „ხასიათს“, კრეგი მათ არათეატრალურ ცნებებად მიიჩნევდა: „ჰამლეტის სულიერებას ქმნის ვნება... სტილი... მუსიკა... და წარმოსახვა; ეს არ არის ხასიათი“.

კრეგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ნიღაბს, როგორც მარადთეატრალურ ელემენტს. იგი წერდა: „ადამიანის სახის გამომეტყველებას, უმრავლეს შემთხვევაში, არ გააჩნია რაიმე სცენური ღირებულება. თეატრალური ხელოვნების შესწავლა მარწმუნებს, რომ ბევრად აჯობებდა, თუკი შემსრულებლის სახეზე აღბეჭდილი იქნებოდა არა ექვსასამდე არაფრისმთქმელი გამომეტყველება, არამედ მხოლოდ ექვსი, ოღონდ ხატოვანი“.

ასეთივე კატეგორიულობით კრეგი მოითხოვდა სცენური სივრცის სრულ გარდაქმნას პოეტური მედიტაციის (და არა რეალობის ილუზიის) მისაღწევად.

ზემარიონეტის, ნიღბის და აბსტრაჰირებული სცენური სივრცის თეორიული დასაბუთებით და საკუთარი სცენური პრაქტიკით, გორდონ კრეგმა განამტკიცა საავტორო თეატრალური რეჟისურის პოზიციები.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები