არტო ანტონენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანტონენ არტო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონენ არტო

ანტონენ არტო - (ფრ. ARTAUD ANTONIN 1896-1948) XX საუკუნის ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, თეატრისა და კინოს მსახიობი, სცენატისტი და თეატრის თეორეტიკოსი.

ბიოგრაფია

ანტონენ არტო დაიბადა 1896 წელს მარსელში. უკვე 1915 წლიდან მოყოლებული პერიოდულად განიცდის სულიერი დაავადების შეტევებს, რომელიც არ ასვენებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ოცი წლის ასაკში მას რელიგიურ-მსოფლმხედველობითი კრიზისი აქვს, აწუხებს ხილვები და „ხმები“, იწყებს ნარკოტიკების რეგულარულ მიღებას. ახალგაზრდულ ლექსებში თვალშისაცემია ედგარ პოთი, ბოდლერით, მოგვიანებით კი ლოტრეამონით გატაცება. 1920 წლიდან არტო აგრძელებს ლექსების წერასა და ხატვას და ამასთანავე საკუთარ თავსა და დროს უმეტესად თეატრს უთმობს, რომელიც მისთვის იძენს არა მხოლოდ მხატვრული შემოქმედების ხასიათსა და თვისებებს, არამედ სამყაროსეული, კოსმიური ქმედებისას, რომელიც ადამიანისა და ღმერთის ბუნებას ხსნის. 1926 წელს არტო ჩამოშორდა სიურრეალისტებს (თავდაპირველად მას მოჰკვეთს ბრეტონი, ხოლო 1927 წელს არტო თავად წერს მანიფესტს სიურრეალისტების წინააღმდეგ).

1926 წლის სექტემბერში არტო რობერ არონთან და როჟე ვიტრაკთან ერთად აყალიბებს ალფრედ ჟარის თეატრს, რომელიც სერიოზულად გამოხატავს სიურრეალისტური იდეების ნიშან-თვისებებს. ამ თეატრის არსებობის მანძილზე (1930 წლის ჩათვლით) სულ ოთხი სპექტაკლი დაიდგა (საერთო ჯამში კი მხოლოდ რვა წარმოდგენა იყო ნაჩვენები), მაგრამ ალფრედ ჟარის თეატრის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ პიტერ ბრუკის განცხადებით, იგი ცდილობდა სწორედ არტოს ამ თეატრის მოდელის მიხედვით წარემართა თავისი თეატრალური შემოქმედება. პირველი სპექტაკლი 1927 წლის ივნისში აჩვენეს, რომელიც სამი მცირე ნაწილისგან შედგებოდა: არტოსა და მაქს ჟაკობის მუსიკალური ჩანახატი „დამწვარი სტომაქი, ანუ შეშლილი დედა“, რომელიც იუმორისტულად და უხამსად აჩვენებდა წინააღმდეგობებს კანონსა და თეატრს შორის, ნახევრად დადაისტური პიესა-პროვოკაცია „მრავალშვილიანი დედა“, დაწერილი ვინმე მაქს რობიურის მიერ (რობერ არონის ფსევდონიმი) და სამ ნაწყვეტს როჟე ვიტრაკის ბოლო ფილმიდან „სიყვარულის საიდუმლოება“. ალფრედ ჟარის თეატრში მეორედ დადგმისას (1928 წლის იანვარი) ნაჩვენები იყო კლოდელის „შუადღის გაყრის“ მესამე აქტი, რომელიც ავტორთან შეთანხმების გარეშე იყო გათამაშებული. აფიშაზე წინასწარ არსად ყოფილა მითითებული პიესის ავტორის სახელი და სახელწოდება, მათ წარმოდგენა ყოველივე ამის გარეშე წარუდგინეს მაყურებელს (მართალია, ჩვენების დამთავრების შემდეგ სცენაზე არტო ავიდა, რომელმაც განაცხადა: პიესა, რომელიც თქვენს წინაშე წარმოვადგინეთ, ეკუთვნის ბატონ პოლ კლოდელს, საფრანგეთის ელჩს შეერთებულ შტატებში. მცირე პაუზის შემდეგ მან დაამატა: საზიზღარი მოღალატე). უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტამდე მცირე ხნით ადრე კლოდელმა თავის თავს უფლება მისცა ინტერვიუში თავს დასხმოდა სიურრეალისტებს, რომლებიც დაადანაშაულა პაციფიზმსა და ნაციონალური ინტერესების ღალატში. კლოდელის მიხედვით ნაჩვენები სპექტაკლის შემდეგ მაყურებელს წარუდგინეს პუდოვკინის „დედა“, რომელიც იმჟამად საფრანგეთში აკრძალული იყო. არტო თავადაც მონაწილეობდა კინოფილმებში, როგორც მსახიობი, მათ შორის დრეიერის ცნობილ ფილმში „ჟანა დ’არკის ვნებანი“.

1928 წლის ივნისში სცენაზე მესამედ დაიდგა „სიზმართა თამაში“ სტრინდბერგის მიხედვით. ამ წარმოდგენის დროს არტომ, რომელიც პერსონიფიცირებული თეოლოგის როლს ასრულებდა, პირდაპირ მიმართა დარბაზს და განაცხადა, რომ სტრინდბერგი ისეთივე მეამბოხე იყო, როგორიც ჟარი, ლოტრეამონი, ბრეტონი და თავად არტო. იმავე პიესის გათამაშების დროს მეორე სპექტაკლი შეწყვეტილ იქნა ბრეტონის სკანდალური ჩარევით. მეოთხე დადგმა განხორციელდა როჟე ვიტრაკისა და არტოს ძალებით (რობერ არონი 1930 წელს წავიდა თეატრიდან). ეს გახლდათ ვიტრაკის ანტიპატრიოტული ვოდევილი „ვიქტორი, ანუ ბავშვები ხელისუფლების სათავეში“. თავად არტოს სიტყვებით: „ქმნიდა რა ალფრედ ჟარის თეატრს, იგი ცდილობდა, რომ გაენადგურებინა ზღვარი სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის, გადაექცია თეატრი საკრალურ ადგილად, სადაც მსახიობი და მაყურებელი შესძლებდნენ რადიკალურად შეეცვალათ მთელი თავიანთი ფიზიკური და სულიერი ბუნება განახლებისა და მისტიკური გამოცდილების საფუძველზე“. თავისი იდეების დასამტკიცებლად არტომ პრაქტიკაში მოძებნა და აღმოაჩინა თავისთვის ბალის თეატრი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა 1931 წლის საფრანგეთის კოლონიალურ გამოფენა-დათვალიერებაში. სწორედ აქ ხედავს იგი თავისი იდეის - სუფთა თეატრის (წმიდა თეატრის) ხორცშესხმას, სადაც სიტყვა ჯერ კიდევ შერწყმულია თავის არქაულ საფუძველთან - ჟესტთან, პლასტიკასთან, თავად ცხოვრებასთან. ამავე პერიოდის არტოს ძიებათა რიცხვს მიეკუთვნება სურვილი სერიოზულად შეისწავლოს მაგია, ეგვიპტური „მიცვალებულთა წიგნი“, კაბალისტური მეცნიერებანი, მკითხაობა ტაროზე... ახლა იგი უკეთ აცნობიერებს სიურრეალისტებთან თავის ჩამოშორებას. მაშინ, როდესაც ის ცდილობდა ცხოვრების შეცვლას, საკმარისი იყო ცვლილებები მხატვრული აზროვნების სისტემაში, რომ გადაექცია ის მაგიურ რიტუალად. ამავე პერიოდს მიეკუთვნება მისი პირველი ესსები „ტოტალურ თეატრზე“ (ანდა „სისასტიკის თეატრზე“) („Théâtre de la cruauté“), რომლებიც გამოაქვეყნა კრებულში - თეატრი და მისი ორეული (Le Théâtre et son double) 1938 წელს. ესსე „პელიოგაბალი, ანუ ანარქისტი “1934 წელს დაწერა, რომელიც მიუძღვნა აპოლონ თიანელის სულს და ასევე ყველა ნათელცხებულს ამ სამყაროში. 1935 წელს დაწერა და დადგა თავისი ერთადერთი დრამა „ჩენჩი“ შელისა და სტენდალის ნაწარმოებების მიხედვით. ამ დადგმამ პარიზში სკანდალი გამოიწვია, პირველ რიგში, ინცესტური სიუჟეტის დაუფარავი ჩვენების გამო.

1936 წელს არტო მიემგზავრება მექსიკაში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობს ტარაუმარას ინდიელთა შორის, მონაწილეობს მათ რიტუალურ ცერემონიალებში, სოლარულ კულტში, რაც პეიოტლის გამოყენებასთანაც არის დაკავშირებული. 1937 წელს იბეჭდება „ახალი ზეშთაგონება ყოფიერებაზე“, რომელიც არტომ შექმნა სამკითხაო ბანქოს - ტაროს საშუალებით და ხელმოწერილი იყო: „ნათელცხებული“. არტო მაშინვე გადაწყვეტს ირლანდიაში გამგზავრებას, რათა ახლოს გაეცნოს დრუიდების სწავლებას. გარკვეული პერიოდი მეგობრები მისგან უცნაური შინაარსის ბარათებს ღებულობენ, შემდეგ მის კვალს კარგავენ. აღმოჩნდა, რომ არტო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. იგი გადაჰყავდათ ერთი ადგილიდან მეორეში, საერთო ჯამში კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მან ცხრა წელი გაატარა. როდესაც არტოს ნებას რთავენ საავადმყოფო დატოვოს, იგი ორი წლის განმავლობაში აგრძელებს ლექსების წერასა და რადიოგადაცემებში მონაწილეობას, მაგრამ უკვე აღარ შეუძლია დიდი დოზის ნარკოტიკული პრეპარატების გარეშე.

არტო გარდაიცვალა პარიზში 1948 წელს.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • სისასტიკის თეატრი : წინასიტყვაობა ს. ისაევისა / ა. არტო. ხელოვნება თბილისი, 1990. N10, გვ.135-141
  • [ლექსები] / ანტონენ არტო, ბესიკ ხარანაული ; ფრანგულიდან თარგმნა პაატა ქურდაძემ, წინასიტყვაობა მალხაზ ხარბედიასი. ცხელი შოკოლადი თბილისი, 2013. 1512-2220 ივნისი, N91, გვ.102-105




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები