კლოდელი პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ კლოდელი

კლოდელი პოლ - (ფრ. CLAUDEL PAUL. 1868 - 1955). ფრანგი პოეტი, დრამატურგი და ესეისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1868 წელს. ბავშვობა კომპიენში გაატარა. 1882 წელს მისი ოჯახი პარიზში გადადის. სიყმაწვილის ყველაზე დიდი პოეტური შთაბეჭდილება რემბოს პოეზიის გაცნობა აღმოჩნდა. რელიგიური მოქცევა და კათოლიკური იდეის პიროვნული გაცნობიერება მისთვის სულის შეძვრის სერიოზული მიზეზი გახდა. პარიზში კლოდელი ლიტერატურულ წრეში ერთიანდება, რომლის ცენტრშიც სტეფან მალარმეა.

1890 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის შედეგად მიღებული სამსახურის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი თავი მიუძღვნას ერთდროულად ლიტერატურასა და დიპლომატიურ მოღვაწეობას. კლოდელის დიპლომატიური კარიერა იწყება ნიუ-იორკის საკონსულოში (1893) და გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში შორეულ აღმოსავლეთში, ევროპასა და ბრაზილიაში. 1922 წელს იგი ინიშნება ელჩად იაპონიაში, შემდეგ ამერიკასა (1928-1933) და ბელგიაში (1933-1936). დიპლომატიურ სამსახურში ოთხ ათეულ წელზე მეტმა ყოფნამ კლოდელს საშუალება მისცა ემოგზაურა, ემუშავა და ეცხოვრა უცხო, ხშირ შემთხვევაში კი უჩვეულო და ეგზოტიკურ გარემოცვაში. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი არ წყვეტს ლიტერატურულ მოღვაწეობას. საკუთარი კონცეფციის - ტოტალური პოეზიის თანახმად ქმნის მსხვილ პოეტურ ნაწარმოებებს (მაგ., ცნობილი ოდები, დაწერილი კლოდელისეული ჭვრეტით. მეტრიკა, რომელიც ეყრდნობა ადამიანური სუნთქვის ბუნებრივ რხევებს და კოსმიურ ქმნილებათა რიტმს), ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ტრაქტატებს: „აღმოსავლეთის შეცნობა“ („Connaissance de l’Est“, 1895-1905), „დროის შეცნობა“ (1903), „ტრაქტატი სამყაროში დაბადებაზე და „მე“-ს გაჩენა“ (1904). ბოლო ორი ტრაქტატი ქვეყნდება ერთიანი სახელწოდებით „პოეტური ხელოვნება“ („L’Art poétique“) და მრავალრიცხოვანი თეატრალური ნაწარმოებები.

აღსანიშნავია, რომ როგორც რიტორიკული და ფილოსოფიური შრომები, ისე კლოდელისეული დრამები დაწერილია თავისუფალი მეტრული ზომით, რომელიც ასახავს იმავე „კოსმიურ რიტმს“, რასაც მისი ლექსები. კლოდელის დრამატული ნაწარმოებების თემები ჩვეულებრივ დაკავშირებულია გადარჩენასთან, ქრისტიანულ შერიგებასთან. სამყაროს კათოლიკურ ხედვას, როგორც ღვთიური ყოფის „ანალოგიისა“, კლოდელი მიჰყავს სამყაროს ქმნადობისა და პოეტური შემოქმედების, სამყაროსეული ისტორიისა და თეატრის, ადამიანური სუნთქვისა და პოეტური მეტყველების რიტმის - სიღრმისეული შინაგანი მსგავსების ერთიან წარმოდგენამდე.

დრამატული ნაწარმოებები

კლოდელის ყველაზე ცნობილი დრამატული ნაწარმოებებია:

  • პიესები - „ქალაქი“ („La Ville“, 1890, 1897);
  • „ქალიშვილი ვიოლენი“ (1892, 1898),
  • „მარიამის გამოცხადება“ („L’Annonce, faite à Marie“, 1912);
  • „შუადღის გაყოფა“ („Partage de midi“, 1906);
  • „ატლასის ქოში“ („Le Soulier de satin“, 1924).

ტრილოგია:

  • „მძევალი“ („L’ôtage“, 1909);
  • „ხმელი პური“ („Le Pain dur“, 1914);
  • „დამცირებული მამა“ („Le Père humilié“, 1916).

1946 წელს კლოდელს ირჩევენ საფრანგეთის აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1955 წელს. მიღებული ჰქონდა ყველა შესაძლებელი ოფიციალური ჯილდო და აღიარება (გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მის პრემიერას კომედი ფრანსეზში „მარიამის გამოცხადებას“ თავად პრეზიდენტი ესწრებოდა).

გამოცემები ქართულ ენაზე

  • გზა შეწყვეტილი: [ესკიზი] / პ. კლოდელი; კონსიანტინე გამსახურდია, არისტო ჭუმბაძე [მთარგმნ.].
  • "დრო გაპარულა სადღაც...": [ლექსი] / პ. კლოდელი; თარგმ. მ. კვინიკაძემ. საუნჯე 1988, N2, გვ.124
  • ვერლენი : [ლექსი] / პ. კლოდელი; ფრანგ. თარგმნა გ. გეგეჭკორმა. საუნჯე 1975, N6, გვ.115-119
  • საგალობელი / პ. კლოდელი; თარგმ. ე. ჭიჭიაშვილმა. საუნჯე 1991, N1, გვ.90-97


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები