თავშავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tavsh.PNG

თავშავა - (Origamurm Vulgare L.) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 20-50 სმ სიმაღლის, ხშირად ძირიდანვე დატოტვილი ღეროთი. შეფოთლილი, ზედა ნაწილში ყვავილებით ან ტოტებით ბოლოვდება. ფოთლები კვერცხისებრი ფორმისაა, კიდემთლიანი ან არათანაბრად მრგვალკბილიანი, ბლაგვწვერიანი, წყვილი, რკალისებრი. თანაყვავილები მეტწილად მჯდომარეა, ხშირად მეტ-ნაკლებად მეწამული ფერისაა, იშვიათად მწვანე, მეტწილად შიშველი. ყვავილები მოკლე ყუნწებზეა განწყობილი, 1-3 ყვავილიანი საგველა, ზოგჯერ დიდი ზომისა, ფარჩხატი. გვირგვინი ღია ბაცი მეწამულია, ხორცისფერ წითლამდე, ზოგჯერ ჭუჭყისებრ-თეთრი. ნაყოფი კოლოფია, მოგრძო კვერცხისებრი ოთხი კაკლუჭით, გლუვი, მურა ფერის. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება მთის წინებზე, ტყისა და სუბალპურ სარტყელში, ბუჩქნარებში, ტყისპირებზე, ველობებზე, ტყე-ველში, ფართოდ ვრცელდება მდელოებზე.

შეიცავს ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინ C¬ს, ფლავონოიდებს, ფიტონციდებს, ალკალოიდებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს. ბალახის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით კარვაკროლი, რომელიც თავის მოქმედებით აჭარბებს არსებულ მრავალ ანტიბიოტიკებსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

ფართოდ გამოიყენება ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში. სამკურნალო ნედლეულს მიწისზედა ყლორტები წარმოადგენს, შეგროვილი ყვავილობის საწყის პერიოდში. ნედლეული ლიმონის სურნელებისაა, ძლიერ არომატული, ოდნავ მწარე გემოთი.

ხასიათდება მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობით, ამჟღავნებს ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, არის ტკივილგამაყუჩებელი, საერთოგამაძლიერებელი, მადეზოდორირებელი, ოფლმდენი, ამოსახველებელი, გულისრევის საწინააღმდეგო, ვიტამინიზირებული, დამამშვიდებელი, ჰემოსტატიკური, შარდმდნი, ქარმდენი და ჭიისმდენი მოქმედების.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ხველების, მაღალი ტემპერატურის (ციებ-ცხელება), შეშუპების, მუცლის ტკივილების (სპაზმები, ჭვლები) დროს. ნაყენით მკურნალობდნენ მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს და უნაყოფო ქალებს. მისი პრეპარატები გამოიყენება ნევროზების, ეპილეპსიის, დამბლის, ისტერიის, უძილობის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების, კლიმაქტერიულ პერიოდში ნევროზების, კუჭ-ნაწლავის სპაზმის, ათონური ყაბზობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ. თავშავა შედის გულმკერდის, ოფლმდენი და ქარმდენი ნაკრებების შემადგენლობაში, გამოიყენება რესპირატორული ინფექციების, მწვავე ბრონქიტის, ბრონქოექტატიკური და საკვებმომნელებელი ორგანოების დაავადებების, ფილტვების ტუბერკულოზის დროს.

აღსანიშნავია, რომ თავშავა შეიცავს სელენს, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია; ცნობილია რომ ეს ნივთიერება ხელს უწყობს ერითროპოეზის აღდგენას და გაძლიერებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ონკოავადმყოფებისთვის, კერძოდ ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დაბალი შემადგენლობა შეიძლება იყვეს გამოწვეული არა მხოლოდ, ქრონიკული სისხლის დანაკარგებით სისხლიანი ხველების დროს, არამედ სიმსივნის სპეციფიური შემავიწროებელი მოქმედებით ძვლის ტვინის სისხლწარმოებაზე. გარდა ამისა სელენი აუცილებელა მეტალოფერმენტების ფუნქციონირებისათვის, რომლებიც არეგულირებენ სხვადასხვა სახის რეაქციებს, ბევრი მათგანი კი პასუხისმგებელია სიმსივნის საწინააღმდეგო დაცვაზე, ხოლო ავადმყოფობის მიმდინარეობისას დათრგუნვილები არიან. ჩაის სუროგატია, თაფლოვანი, საღებავი, გამოიყენება ლიქიორ-არყის, ბურახის, მარინადების წარმოებაში, პარფიუმერიაში.

თავშავის გამოყენებისას სიფრთხილე მართებთ ფეხმძიმე ქალებს, შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოდან სისხლდენა და ნაადრევი მშობიარობა. (Ролловъ, 1908; Атлас ареалов лекарственных растений 1983).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები