თეატრალური ინოვაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ინოვაცია – მხატვრული მემკვიდრეობის შემოქმედებითი ათვისება; განსაკუთრებულ შემთხვევაში – თეატრალურ პროცესში თვისობრივად ახალი, უპრეცედენტო, ისტორიული მნიშვნელობის ტენდენციის დამკვიდრება (დითირამბიდანტრაგედიის, ფალიკური მსვლელობიდანკომედიის წარმოშობა; დევტერაგონისტის და ტრიტაგონისტის მოქმედებაში ჩართვა; აღორძინების ხანაში ყოფიერების მითოლოგიზაცია; პირადი ცხოვრების კულტივაცია სენტიმენტალისტების მიერ; რომანტიკოსების მიერ ადამიანის ფსიქიკის უსასრულოდ სუბიექტური და ირაციონალური საწყისის პირველ პლანზე წამოწევა; ჩვეულებრივი ადამიანის თემა ნატურალიზმში; სიმბოლოების მნიშვნელობის მხატვრული დასაბუთება სიმბოლიზმში, ფორმისათვის შინაარსობრივი კოდის მნიშვნელობის მინიჭება მოდერნიზმში; ადამიანის ქცევის მოტივაციაში არაცნობიერის როლის აღიარება აბსურდის დრამაში (და ა.შ.).

ინოვაცია თეატრალურ ხელოვნებაში მიმდინარეობს გავლენების ფონზე და მემკვიდრეობითობის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში სიახლე ინერგება ტრადიციული მხატვრული კანონების ფარგლებში. თეატრალური ინოვაცია შესაძლებელია განხორციელდეს სტიქიურად, თეატრალური მოღვაწის მხრიდან მიზანმიმართული ძალისხმევის გარეშე. ასეთი სიახლე შესაძლებელია განხორციელდეს მხატვრული მიმართულებების სინთეზის შედეგად, ახალი მიდგომის გამოყენების გზით დრამატულ პოეტიკაში ან პერსონაჟის სცენურ დახასიათებაში.

კანონიკური ესთეტიკის გათვალისწინებით, თეატრალური ინოვაცია წარსულიდან ირჩევს მემკვიდრეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც უფრო მეტად ესადაგება დროის სულისკვეთებას (ამის მკაფიო მაგალითია აღორძინების შემოქმედთა მიერ ანტიკური ნიმუშების გამოყენება).

თეატრალური ინოვაცია მკვეთრად განსხვავდება თეატრალური ექსპერიმენტისაგან ესთეტიკური დასაბუთების თვალსაზრისით და მთლიანად ზოგადკულტურული მოვლენაა. თეატრალური ექსპერიმენტი იმყოფება ძიების ზღვარგადასულ პარამეტრებში და ამიტომ ადვილად ეგუება მარცხს. თეატრალური ინოვაცია კი გათვლილია ფართო დანერგვისათვის და სწორედ ეს კრიტერიუმია მისი მარცხის თუ გამარჯვების განმსაზღვრელი.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები