თეატრალური ცენზურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ცენზურა – (ლათ. censura, < censeo – შეფასება), ხელისუფლების მიერ დაწესებული ზედამხედველობა დრამატული ნაწარმოების და ყველა სახის თეატრალურ სანახაობათა შინაარსის მიმართ. ზედამხედველობის განმახორციელებელი ოფიციალური დაწესებულებები თეატრალურ ცენზურად იწოდებიან მე-18 საუკუნიდან.

ცალკეული ცენზურული შეზღუდვები წარმოიშვა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. აკრძალვები დაწესებული იყო პიროვნებების შეურაცხმყოფელი გამოხდომების მიმართ (თუმც აკრძალვას ყოველთვის როდი ემორჩილებოდნენ, რასაც მოწმობს არისტოფანეს კომედიები). ძველ რომში ცენზურა კიდევ უფრო გამკაცრდა. რომაელი დრამატურგი ნევიუსი დააპატიმრეს და გაასახლეს ცნობილ პირთა სატირული ასახვის გამო.

შუა საუკუნეებში თეატრალურ ცენზურას ახორციელებდნენ სასულიერო პირები. დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში მე-15 საუკუნეში დაწესდა მუდმივი თეატრალური ცენზურა.

ესპანეთში ცენზურას განაგებდა ინკვიზიციის საბჭო, რომელიც განიხილავდა გამოქვეყნებულ ან დადგმულ პიესებს და მათი აკრძალვის უფლება ჰქონდა. ცენზურული შეზღუდვები განსაკუთრებით გამკაცრდა ფილიპე II მეფობის ხანაში. 1559 წ. აიკრძალა წარმოდგენები ეკლესიაში, ხოლო 1597 წ. – საერთოდ ყველა სახის წარმოდგენები 1600 წ. ეს აკრძალვა გაუქმებულ იქნა.

მე-15 საუკუნის თეატრალური წარმოდგენები ექვემდებარებოდა წინასწარ გასინჯვას. თუკი დასის ხელმძღვანელი არ იცავდა ხელისუფლების მითითებებს, მას აჯარიმებდნენ.

მე-16-17 საუკუნეებში ცენზურის ფუნქციებს ასრულებდა ადგილობრივი ხელისუფლება: ესპანეთში კორეხიდორები, შემდგომ ალკალდები. გერმანიაში – მაგისტრები, ინგლისში – ლორდ-კამერგერები, საფრანგეთში – მეფის ჩინოვნიკები.

მე-17 საუკუნის ესპანეთში აიკრძალა წმინდანების ამსახველი პიესების დადგმა.

საფრანგეთში ცენზურის მოთხოვნით მოლიერის „ტარტიუფი“ სამჯერ გადაკეთდა, 1657 წელსს კი საერთოდ აიკრძალა. მე-18 საუკუნეში ცენზურამ აკრძალა ვოლტერის „მაჰმადი“, შენიეს „კარლოს IX“, არაერთხელ აიკრძალა ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“.

გერმანიაში ცენზურის დევნას განიცდიდა ფ. შილერი, ინგლისში – ფილდინგი, საფრანგეთში –ჰიუგო.

მკაცრი იყო ცენზურა იტალიაშიც. ლომბარდიაში აიკრძალა ალფიერის პიესების დადგმა. ესპანეთში აიკრძალა ლოპე დე ვეგას და კალდერონის ზოგიერთი პიესის დადგმა.

ფაშისტურმა დიქტატურამ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში დააწესა უმკაცრესი ცენზურა. ხელოვნების იდეოლოგიზების და მისთვის პროპაგანდისტული ფუნქციების დაკისრების გამო, საბჭოთა კავშირში დრამატურგიამ ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა. მასზე მკაცრ კონტროლს ახორციელებდნენ არა მხოლოდ სპეციალური ორგანოები, არამედ უშიშროების კომიტეტიც. 1967 წლიდან მოყოლებული, ცენზურა სსრკ-ში შერბილდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის წლებში კი საერთოდ გაუქმდა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები