იმპრესიონიზმი მუსიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმპრესიონიზმი - (ფრანგ. Impressionnisme, impression შთაბეჭდილება), ხელოვნებაში ერთ-ერთი მიმართულება. თავდაპირველად ყველაზე თანმიმდევრულად და მკაფიოდ იგი გამოვლინდა ფრანგი მხატვრების შემოქმედებაში (კ. მონე, ო. რენუარი, ე. დეგა, ე. მანე, კ. პისარო, ა. სისლეი და სხვ.). დასაბამს იღებს ახალგაზრდა მხატვრების გამოფენიდან (პარიზი, 1874). იმპრესიონისტები მიზნად ისახავდნენ ხელოვნების განახლებას, სალონური აკადემიზმის დაძლევას, დიდ ოსტატობას იჩენდნენ წამიერი შთაბეჭდილებების აღბეჭდვის, ფერთა ფაქიზი კოლორირების ხელოვნებაში.

მუსიკაში იმპრესიონიზმი აღმოცენდა XIX ს. 80-90-იან წლებში. ამ მიმართულებისთვის მთავარია სიმბოლური მნიშვნელობისა და უფაქიზესი ფსიქოლოგიური განწყობილებების გადმოცემა, მისწრაფება პოეტური და პეიზაჟური პროგრამულობისაკენ. იმპრესიონიზმის ნიშნები გამოვლინდა მ. რაველის, პ. დიუკას, ფ. შმიტის, ჟ. ჟ. როჟე-დიუკასისა და სხვ. ფრანგ კომპოზიტორთა შემოქმედებაში. ყველაზე სრული თანმიმდევრული, ჭეშმარიტად კლასიკური გამოხატულება კი კ. დებიუსის მუსიკაში პოვა. იმპრესიონისტ კომპოზიტორთა – პირველ რიგში, დებიუსის შემოქმედებამ გაამდიდრა მუსიკის გამომსახველობითი საშუალებები განსაკუთრებით კი ჰარმონიული და ტემბრული მუსიკალური აზროვნება. XX ს. დასაწყისში მუსიკის იმპრესიონიზმი გავრცელდა ინგლისშიც (ფ. დელიუსი, ს. სკოტი), ესპანეთში (მ. დე ფალია), იტალიაში (ო. რესპიგი), პოლონეთში (კ. შიმანოვსკი) და სხვა ქვეყნებში. იმპრესიონიზმის ესთეტიკის გავლენა XX ს. მიჯნაზე განიცადეს რუსმა კომპოზიტორებმა ა. სკრიაბინმა, ი. სტრავინსკიმ, ნ. ჩერეპნინმა და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები