იორამი (იუდეის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იორამი - (ძვ.წ. 849-842 წ.) – იუდეის მეფე, იოსაფატის ძე. იორამმა ქვეყანაში თავისი ცოლის, ატალიას (ისრაელის მეფე აქაბისა და იზაბელის ქალიშვილი) გავლენით ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა დაამკვიდრა. მოსეს ღმერთის ნაცვლად იუდეველები იძულებულები იყვნენ ბაალის კერპისთვის ეცათ თაყვანი, რომლის კულტი ფინიკიიდან იყო შემოტანილი.

კერპთაყვანისმცემლობასთან ერთად იორამის დროს იუდეველებმა უამრავი ახალი წესი შემოიღეს. ხალხის დიდმა ნაწილმა დაივიწყა უძველესი ებრაული კანონები და წეს-ჩვეულებები. ბიბლიაში ამაზე მოწმობს წინასწარმეტყველ ელიას მიმართვა იორამისადმი. ელია ამხელს მეფეს ჩადენილ უმსგავსო საქციელში და აცნობებს, რომ უფალი მას სასტიკად დასჯის. მალე ელიას წინასწარმეტყველება ახდა იუდეას აუჯანყდნენ ედომელები ფილისტიმელები და სხვა მოხარკე ხალხები, მათ შეკრიბეს დიდი არმია, აიღეს დასუსტებული იუდეის სამეფოს დედაქალაქი იერუსალიმი და ყველა სახლი გაძარცვეს მეფის სასახლის ჩათვლით. ამ დროს ამოუწყვიტეს ოჯახი მტრებმა იორამ მეფეს. მას მხოლოდ ერთი ვაჟი, ახაზია დარჩა. თვითონ იორამი რომელიღაცა უცნობი დაავადებით დასნეულდა და ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ხალხმა არ დაუვიწყა მეფეს ჩადენილი ბოროტებები და სამეფო პატივი არ მიაგო, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ იორამი არ დაუსაფლავებიათ დავითის დინასტიის მეფეთა აკლდამაში. იორამის შემდეგ გამეფდა მისი ძე ახაზია.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები