ისტორიული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული ლექსიკონი – სპეციალური ლექსიკონი, რომელიც აღწერს სამწერლობო ენის ლექსიკის ისტორიას ენის ერთი რომელიმე (რამდენიმე) მონაკვეთის ან მთელი ისტორიის მანძილზე. ისტორიული ლექსიკონში დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და ისეთი სიხშირით, რომ წარმოჩნდეს ცალკეულ სიტყვათა ისტორია: როდიდან იხმარება სიტყვა ან როდის ქრება, როგორ იცვლება მისი მნიშვნელობა, როგორია სიტყვის სემანტიკური კავშირები, სიტყვათშეხამებანი, ფრაზეოლოგიზმები, კერძო კონტექსტები და ა.შ. ენის ლექსიკის წარმოდგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც დიაქრონიული, ვერტიკალური, ასევე სინქრონიული, ჰორიზონტალური ჭრილი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, თუ სინქრონიული ძეგლების მასალა უხვია, მათი შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად.

ისტორიული ლექსიკონების შექმნას საფუძველი დაედო XIX ს-ში, როდესაც ევროპულ ქვეყნებში (გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, შვეცია, ჰოლანდია, დანია, შოტლანდია, რუსეთი) დაიწყო ამ ტიპის დიდი ლექსიკონების მომზადება და გამოცემა. დიდი ისტორიული ლექსიკონის პირველი ნიმუშია ძმების ფ. დაი. გრიმების გერმანული ლექსიკონი Deutsches Wörterbuch), რომლის გამოცემა 100 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა (1852-1960). ოქსფორდის ცნობილი ისტორიული ლექსიკონის გამოცემას დასჭირდა 46 წელი (1882-1928). დღემდე დაუმთავრებელია ჰოლანდიური (გამოდის 1863-იდან), შვედური (1893-იდან), შოტლანდიური (1885-იდან), ესპანური (1913-იდან) ისტორიული ლექსიკონები. XIX ს-შივე დაიწყო რუსული ენის ისტორიული ლექსიკონის დამუშავება: Срезневский И.И. Материалы для словаря древне-русского языка по письмам памятникам т 1-3, СПб, 1880-1912. ნაკვეთებად მიმდინარეობს რუსული ენის ისტორიული ლექსიკონს გამოცემა: Словарь русского языка XI-XVIII вв., 1-14, 1975-88.

ევროპული ისტორიული ლექსიკონების რეტროსპექტიულმა ანალიზმა უჩვენა მათი წარუმატებლობის მიზეზები: გადატვირთულია მასალით, არ არის გამიჯნული სამწერლობო ენის ლექსიკა დიალექტური და ეტიმოლოგიური მასალისაგან, არ არის დაცული მასალის შერჩევის, სიტყვა-სტატიების მოცულობისა და რაოდენობის მყარი პრინციპები (ლ. შჩერბა, ო. ნ. ტრუბაჩოვი, ფ. დე ტოლენარე…).

ისტორიული ლექსიკონებისადმი ყურადღება განსაკუთრებით იზრდება XX ს. 40–50-იანი წლებიდან, რაც არსებითად განსაზღვრა ენათმეცნიერებაში სემანტიკისადმი ახალი არატრადიციულმა მეცნიერულმა მიდგომამ. გაიზარდა ინტერესი ისტორიული ლექსიკოგრაფიის პრობლემებისადმი (ხ. კასარესი, ვ. ტოლენარი, ო. სემერენი, ი. ნემეცი, ნ. მიხალეკი, ო. ტრუბაჩოვი და სხვ.). ევროპაში კვლავ საჭიროდ მიიჩნიეს ისტორიული ლექსიკონების ახალი პრინციპებითა და მეთოდებით აგებული პროექტების მომზადება. ისტორიული ლექსიკოლოგიის კურსი ლექსიკონების დემონუმენტალიზაციის გზით მიემართება. სადღეისოდ პრინციპულად იმიჯნება ისტორიული დიალექტური და ეტიმოლოგიური ლექსიკონები. ისინი ეყრდნობიან ერთმანეთის მონაცემებს, მაგრამ აღწერენ სიტყვის ისტორიას თავის საზღვრებში, მით უფრო ანაქრონიზმია ლაპარაკი ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლექსიკონზე. ასეთ ლექსიკონებში არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ არის, ისინი არ განსხვავდებიან წმინდა ეტიმოლოგიური ლექსიკონებისაგან.

ისტორიული ლექსიკონების გარეშე შეუძლებელია აიწეროს სიტყვის, ენის სემანტიკური სტრუქტურა მის უწყვეტ ევოლუციურ ჭრილში. ამ გაგებით ისტორიული ლექსიკონის ისტორიაცაა, რომელსაც, გარდა დიდი ენათმეცნიერული ღირებულებისა, ეროვნული მნიშვნელობაც აქვს: ლექსიკის ისტორიის სიღრმისეულ შრეებში ამოიკითხება ერის ისტორიის უნიკალური ჩანაწერები, ეთნოკულტურული, გონითი, განცდითი მონაცემები. ენისა და ერის ამ მიმართებისათვის შდრ. ძველ ქართულში „ენის“ ხმარება „ერის“, „ხალხის“ მნიშვნელობით: „და შემდგომნი ამათნი სკჳთნი, ხაზარნი, ალანნი, ხუარასანი და ხუარაზმშა, და ბერთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი, და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, 23, 4). ესე ძენი სემისნი – ენათა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა მათთა“ (დაბად. 10, 31).

ქართული ენის ისტორიული ლექსიკონის მასალის შეკრება-დამუშავება 1962-იდან მიმდინარეობს ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენ კომისიაში. სალექსიკონო ფონდში 6 მილიონი ბარათია და მოიცავს V-XIX სს. მასალაზე მუშაობა დღესაც გრძელდება.

თ. ცქიტიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები