იფიგენია თავრიდში (გოეთე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ifigenia tavridshi.PNG

„იფიგენია თავრიდში“იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ტრაგედია, შექმნილი ევრიპიდეს იმავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით. გოეთემ შეცვალა პერსონაჟების ხასიათები, საქციელები, მოტივები. პიესის კომპოზიციური აგებისას ყოველი ელემენტი ცხოვრების წინააღმდეგობების ჰარმონიული გადაწყვეტის იდეას დაუმორჩილა.

მკაცრი და სასტიკი მეფე ფოანტი (თავრიდის მეფე, თავრიდში ყველა უცხოელს კლავენ) გოეთემ გამოიყვანა ბრძენ და ჰუმანურ მმართველად. შინაგანი მთლიანობითა და ზნეობრივი ჰარმონიით აღსავსე დიდ ადამიანად. ამ თვისებების მქონეა იფიგენიაც – გოეთეს ადამიანურობის იდეალის ძირითადი გამტარებელი. იფიგენია ძმას გადაარჩენს, არა მარტო ფიზიკური სიკვდილისგან, არამედ იხსნის სულიერი ტანჯვისგან. ორესთე იტანჯება სულიერად და ფურიებისგან (შურისძიების ქალღმერთები, ევრიპიდესთან, ერინიები) თავდაღწევის, თავდახსნის, გაქცევის გზას სიკვდილში ხედავს. იფიგენია მასში აღვიძებს სიცოცხლის სიყვარულს. გოეთე უარყოფს სიკვდილში თავისუფლების პოვნის გზას. ევრიპიდესთან იფიგენია გადაარჩენს ორესთეს და პილადეს, მათ გაქცევაში დაეხმარება. გოეთესთან − იფიგენია საკუთარ თავს, ორესთეს და პილადეს „ამხელს“, მეფე ფოანტის სამართალში გადასცემს, ვინაიდან მეფის სამართლიანობის, ჰუმანურობის სჯერა და ენდობა. ფოანტი მათ მართლაც ათავისუფლებს. აქ კონფლიქტი მთავრდება არა ბრძოლით, არამედ პერსონაჟების სულიერი განწმენდით, ყველა მათგანი გამოავლენს კეთილ სურვილს. ნაწარმოებში არის ჰუმანიზმისკენ მოწოდება. გოეთე უარყოფს ძალადობას, როგორც კანონის დამკვიდრების ძალას. იგი ეძებს სოციალური ჰარმონიის გზებს ადამიანის შინაგან მთლიანობაში. პიესაში დაცულია სამი ერთიანობის კანონი (ადგილის, დროის და მოქმედების). კლასიკური, ანტიკური ტრაგედიის ფორმის მიხედვით, პიესაში ხუთი მოქმედი პირია.

მაკა ვასააძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები