ევრიპიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევრიპიდე

ევრიპიდე (ძვ. ბერძნ. Εὐριπίδης, ძვ. წ. 485/480 – ძვ. წ. 406 წ.), ძველი ბერძენი დრამატურგი.

ბიოგრაფია

ევრიპიდე დიდ ბერძენ ტრაგიკოსთა სამეულის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. ევრიპიდეს ცხოვრების შესახებ ძალზე მწირი და ისიც დაუზუსტებელი ცნობები არსებობს. ერთი გადმოცემით ის დაიბადა ატიკის სოფელ ფლიაში, მეორე გადმოცემით კი კუნძულ სალამისზე. ასევე, ვარაუდობენ, რომ ის წვრილ მოვაჭრეთა ვაჟი იყო და არ განეკუთვნებოდა წარჩინებულთა ფენას. სხვა მოსაზრების თანახმად, ევრიპიდე წარჩინებული ოჯახის შვილი გახლდათ, რადგან ბავშვობიდან ღებულობდა მონაწილეობას რელიგიურ ცერემონიალებში, რაც მხოლოდ გავლენიანი ოჯახის ვაჟთათვის იყო ხელმისაწვდომი. ევრიპიდეს მიერ მიღებული კარგი განათლების, ბერძნული ლიტერატურის და ფილოსოფიის ცოდნის საუკეთესო დასტურად მისივე შემოქმედება მიიჩნევა. პოეტის მეგობრად და მასწავლებლად დიდი ბერძენი ფილოსოფოსი ანაქსაგორე სახელდება. ვარაუდობენ, რომ მის ნაცნობ-მეგობრებს შორის სხვა ცნობილი ფილოსოფოსებიც იყვნენ, მათ შორის, შესაძლოა, სოკრატეც, რომელიც, გადმოცემის თანახმად, მისი ტრაგედიების დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა.

ევრიპიდეს ცხოვრების შესახებ არსებული ცნობები მხოლოდ მწირი და დაუზუსტებელი კი არა, წინააღმდეგობრივიც არის. ეს ეხება ფაქტებს მისი წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობის, დაბადების თარიღისა თუ დაბადების ადგილის შესახებ. ევრიპიდეს შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ბიოგრაფიულ წყაროებზე გავლენა დრამატურგისადმი კრიტიკული განწყობის ამსახველმა მოარულმა ჭორებმა მოახდინა. ევრიპიდე ატიკური კომედიის სატირის საყვარელ ობიექტად იქცა, რამაც ასევე განაპირობა მის შესახებ არსებულ ცნობათა ბუნდოვანება. ევრიპიდეს დაღუპვის მიზეზად ხან ძაღლების, ხან კი ბაკქი ქალების მიერ მისი სხეულის დაგლეჯა სახელდება. ანალოგიური ცნობების მიხედვით, პოეტი მდაბალი წარმომავლობის, მახინჯი გარეგნობის, წარუმატებელი მეოჯახე, ქალთმოძულე მამაკაცი და უხასიათო მიზანთროპი იყო.

უფრო სარწმუნოდ შეიძლება ის ცნობები მივიჩნიოთ, რომელთა თანახმადაც ევრიპიდეს განმარტოება და ბუნების წიაღში დროის გატარება უყვარდა; აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას, - წიგნების კითხვას, წერასა და ფიქრს ამჯობინებდა, გაურბოდა ხალხმრავლობასა და წვეულებებს. სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა. სახელის მოხვეჭისა და პოპულარობისკენ არ მიისწრაფოდა, არც მაყურებლის გულის მოგებას ცდილობდა. ამგვარი ცნობების დამაჯერებლობის დასტურად, შესაძლოა, ევრიპიდეს ტრაგედია „მედეას“ მთავარი გმირის, კოლხი ქალის სიტყვები გავიხსენოთ, სადაც მედეა საზოგადოებრივი აზრისადმი გულგრილი ადამიანის მძიმე ხვედრზე მსჯელობს. განმარტოების მოყვარე ადამიანი, მედეას თქმით, მაშინვე ქედმაღალ და საეჭვო მოქალაქედ შეირაცხება, - ქილიკსა და უნდობლობას იწვევს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება სჭარბობდა, გადმოცემის თანახმად, კუნძულ სალამისზე, ზღვის პირას, გამოქვაბულში მცხოვრები ევრიპიდეს მიმართ, ცხოვრებაში მისი განრიდება ხალხისგან და საზოგადოებრივი საქმიანობისგან, შემოქმედებაში კი საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულებებისა და ფასეულობების გადაფასება, ათენელი მაყურებლის არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევდა. შესაძლოა ამანაც განსაზღვრა უკვე ხანდაზმული ევრიპიდეს ათენიდან მაკედონიაში წასვლა. მეფე არქელაოსის კარზე, დიდი პატივით მიღებულმა პოეტმა გარდაცვალებამდე ორი წელი მაკედონიაში გაატარა. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ნაკლებ სარწმუნო ლეგენდის მიხედვით, ის ძაღლებმა დაგლიჯეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ევრიპიდეს პატივი მიაგეს და დიონისეს თეატრში სოფოკლესა და ესქილეს ქანდაკებების გვერდით მისი ქანდაკებაც აღმართეს.

ევრიპიდეს დრამატურგია

ევრიპიდეს მიერ დაწერილი პიესების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ზოგან მას 92, ზოგან 78 ტრაგედიის ავტორად მოიხსენიებენ. ჩვენამდე სრულად მისმა 17 ტრაგედიამ და ერთმა სატირულმა დრამამ მოაღწია. ესქილესა და სოფოკლესგან განსხვავებით, ევრიპიდე სიცოცხლეში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. საყოველთაო აღიარებით, ყოფითი დრამის სტილთან მიახლოვებულ ევრიპიდეს ტრაგედიაში უარყოფილია ამაღლებული ენა და მაღალფარდოვანი საუბრის მანერა.

ევრიპიდეს შემოქმედებაში ტრაგიკული გმირის სახის მეტამორფოზას, - მის „დამიწებას“, ყოველდღიური ცხოვრებიდან ნაცნობ ადამიანთან მის მიახლოებას უკავშირებენ. ევრიპიდეს შესახებ ლიტერატურაში თითქმის ყველგანაა ციტირებული არისტოტელეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ესქილესა და სოფოკლესგან განსხვავებით, ევრიპიდე წარმოაჩენდა ადამიანებს ისეთებად, როგორებიც ისინი არიან. მართლაც, ესქილესა და სოფოკლეს არქეტიპული გმირებისგან განსხვავებით, ევრიპიდესთან, - მის ისეთ უმნიშვნელოვანეს პიესებში, როგორებიცაა „მედეა“ და „ჰიპოლიტოსი“ გმირის სახის უნივერსალიზმი, არქეტიპულ-მითოსური საწყისი ერწყმის ყოველდღიურობიდან ნაცნობი ადამიანის თავისებურებებს, - იქნება ეს გარკვეული ფსიქოტიპის გამომხატველი ხასიათი თუ ამბივალენტურ სწრაფვათა თანაარსებობა. ევრიპიდეს მთელ რიგ, ნაკლებად მასშტაბურ პიესებში კი, გმირები მართლაც ყოფითი დრამის პერსონაჟებს უახლოვდებიან, მოკლებულნი არიან ესქილესა და სოფოკლეს ტრაგედიის გმირისთვის დამახასიათებელ უნივერსალურ არქეტიპულ საწყისს.

ევრიპიდეს დრამატურგიაში შენარჩუნებულია ტრადიციული სტრუქტურული კომპოზიცია. ჩვეულებისამებრ, საჭირო ინფორმაციის მომცველ პროლოგს, რომელიმე პერსონაჟი - შესაძლოა მსახური, ძიძა ან სულაც ღმერთი წარმოსთქვამს. ფინალურ სცენებში კონფლიქტური სიტუაცია ხშირად ღმერთების ამა თუ იმ სახით ჩარევის გზით გვარდება. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება დრამატული ხერხი - დეუს ექს მახინა - „მანქანიდან გადმოსული ღმერთი“. სწორედ, მზის ღვთაების მიერ გამოგზავნილი დეუს ექს მახინე-თი უჩინარდება მედეა და ამით გამძვინვარებულ კორინთოს მოქალაქეთა შურისძიებას გაექცევა. ზოგ შემთხვევაში გმირის გაუჩინარება, - კრიტიკულ მომენტში ღმერთების ჩარევით მისი გადარჩენა, შესაძლოა, მის სხვა თვისობრიობაში გადასვლის, - ტრანსფორმაციის, ამქვეყნიურზე ამაღლების გამომხატველად მივიჩნიოთ. ამგვარი მოსაზრების დასტურად შეიძლება ჩავთვალოთ თავდადებული იფიგენიას ხვედრი, რომელიც სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ნებაყოფლობით თანხმდება მსხვერპლად შეწირვაზე, მაგრამ უკანასკნელ წუთს არტემისის ჩარევით უჩინარდება და ტავრისელთა ქვეყანაში ქალღმერთის ტაძრის ქურუმად იქცევა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ტრაგედიის ფინალში ღმერთების ჩარევით აღდგენილი წესრიგი აშკარად ავტორისეული ფარული ირონიის კონტექსტში აღიქმება. დრამაში „ორესტესი“ აპოლონი არა მხოლოდ ნებისმიერი სახის მკრეხელური დანაშაულის გამამართლებლად, არამედ წამქეზებლად და შთამაგონებლადაც კი გვევლინება. პიესის ფინალში კი, ჩიხში შესულ კონფლიქტს აპოლონი ნამდვილ ურჩხულებად ქცეული გმირების გადარჩენითა და დასაჩუქრებით აგვარებს.

რაც შეეხება ქოროს როლს ევრიპიდეს პიესებში, ქორო უფრო პასიური დამკვირვებლის ფუნქციას იძენს. ქოროს მცდელობა, ზემოქმედება მოახდინოს გმირებზე ან პოლემიკაში შევიდეს პერსონაჟებთან, ევრიპიდეს დრამის სამყაროში მჭვრეტელობით-ფილოსოფიური დამოკიდებულებით იცვლება. ქოროსადმი ავტორისეული სკეპტიციზმი აშკარად ვლინდება სატირულ პიესაში „კიკლოპი“, სადაც ოდისევსი კორინთეს ყბედობასა და მხდალ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ევრიპიდეს დრამების ჟანრობრივ-სტრუქტურული განხილვისას მათ სამ პირობით ჯგუფად ყოფენ: ისეთ პიესებს, როგორებიცაა „მედეა“, „ჰიპოლიტოსი“, „ჰერაკლიტები“, „ტროელი ქალები“, „ბაკქი ქალები“, „პეკაბე“ წმინდა ტრაგედიებს მიაკუთვნებენ. ტრაგიკომედიებს შორისაა „ალკესტისი“, „ელენე“, „იონი“, „იფიგენია ტავროსელებში“, მელოდრამებსა თუ პათეტიკურ ტრაგედიებს „ელექტრა“, „ორესტესი“, „იფიგენია ავლისში“, „ფინიკიელი ქალები“ მიეკუთვნება.

თითქმის ყველა მისი პიესა პელოპონესის ომის მიმდინარეობისას დაიწერა. მემატიანეთა თქმით, არც ერთი ომს, სტიქიურ უბედურებასა თუ ყველა სხვა სახის კატაკლიზმებს, ერთად აღებულთ, იმდენი უბედურება არ მოუტანია საბერძნეთისთვის, როგორც ამ ხანგრძლივმა ძმათამკვლელმა ომმა. საბოლოოდ, სწორედ პელოპონესის ომმა, ჯერ ათენის მარცხი, შემდეგ კი მთელი საბერძნეთის შეუქცევადი დასუსტება განაპირობა. სამართლიანად მიიჩნევა, რომ ევრიპიდეს შემოქმედება ერთგვარად განმსჭვალულია მთელი ქვეყნის მომცველი კრიზისის წინათგრძნობით; მასში გამძაფრებულადაა წარმოჩენილი უსამართლობისა და ძალადობის პირისპირ ადამიანის მარტოობისა და საზოგადოებისგან გაუცხოების პრობლემა. ადამიანი ვერ დაეყრდნობა ვერც საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და ვერც ღვთიურ სამართალს. თავად ღმერთები ევრიპიდეს პიესებში უმეტესწილად ტირანების ლოგიკით მოქმედებენ, მოკლებულნი არიან სამართლიანობისა და თანაგრძნობის განცდას, - ერთი საძულველი პირის დასასჯელად უყოყმანოდ სხვას გასწირავენ. ღმერთების თვითნებობა, უპირველესად, თავად ცხოვრებისეულ რეალობაში ყოველგვარი ეთიკური კანონზომიერებისა თუ პრინციპის არარსებობას გამოხატავს. ევრიპიდეს პიესებში ადამიანის ცხოვრება არა მხოლოდ წარმავალი და სწრაფმავალია, არამედ ერთი მხრივ, ბრმა შემთხვევითობაზე, მეორე მხრივ კი ღმერთებისა და ძალაუფლებით აღჭურვილი პირთა თვითნებობასა და ახირებებზეა დამოკიდებული. თვით ქოროც კი, რომელიც ესქილესა და სოფოკლეს პიესებში უზენაეს სამართლის მქადაგებელია, ევრიპიდეს დრამებში უფრო ზომიერ და ფრთხილ პოზიციას იკავებს.

როგორც ღმერთების, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ სკეპტიციზმი ევრიპიდესთან მრავალი თვალსაზრისით ვლინდება; იქნება ეს ომის, მათ შორის ტროას ომის სრული დეჰეროიზაცია, ჰეროიკული შარავანდედით მოცულ გმირთა, ხშირ შემთხვევაში დაუნდობელ მკვლელებად წარმოჩენა, მონობის ინსტიტუტის კრიტიკა, სოციალური მდგომარეობისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ადამიანის შეფასების მიუღებლობა, თუ ქალთა უუფლებო მდგომარეობის უსამართლობის წარმოჩენა. მაგრამ ესქილესა და სოფოკლეს მსგავსად, ევრიპიდესთანაც ადამიანის არსებობის ტრაგიზმის განცდა. არ იძენს ნიჰილისტურ ხასიათს. სწორედ ეგზიტენციალურ შინაგან „რეალობაში“ ჰპოვებს ადამიანი სულიერი ცხოვრებისა და ღირებულებების მასაზრდოებელ წყაროს, - სამყაროსთან პირისპირ მარტოობაში ღირსეულად დგომისთვის საჭირო ძალებსა და შინაგან რესურსებს.

მაია გოშაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები