ტრაგიკომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაგიკომედია – ეს ჟანრი წარმოიშვა ტრაგედიის და კომედიის არა მექანიკური, არა მსოფლმხედველობითი, არა ესთეტიკური, არამედ მსოფლშეგრძნებითა შერწყმის შედეგად. როგორც დრამატული პოეტიკის გამოკვეთილ სახეობას, მას დრამატული თეატრის სხვა ჟანრებისაგან განასხვავებს ორსახოვნება, ტრაგიკული და კომიკური ეფექტის ერთდროულობა. ამასთანავე, მასში არ არის გამოკვეთილი რაიმე პოზიცია, სიმპათია ან ანტიპათია პერსონაჟების მიმართ. კომპოზიციის თვალსაზრისით, სიტუაცია მას ნასესხები აქვს კომედიისაგან, ფინალი ტრაგედიისაგან, ხოლო პერსონაჟები დრამისაგან.

აღსანიშნავია, რომ ტრაგიკომედიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (ევრიპიდე). მან შესაფერისი ადგილი დაიმკვიდრა მანიერიზმისა და ბაროკოს ხელოვნებაში (ბომონტი, ფლეტჩერი). მაგრამ მისდამი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მე-19 საუკუნის ბოლოს, დეკადანსისა და ავანგარდიზმის წიაღში. სამყაროს ტრაგიკომიკური შეგრძნება გაამჟღავნეს ჰ. იბსენმა, ა. სტინდბერგმა, გ. ჰაუპტმანმა, ა. ჩეხოვმა. ტრაგიკომედია მანიფესტური გახდა მოდერნისტების ხელოვნებისათვის. ტრაგიკომედიის შედევრები შექმნეს: შ. ო’კეისიმ, ფ. გ. ლორკამ, ჟ. ჟიროდუმ, ჟ. ანუიმ, ფ. დიურენმატმა, ე. იონესკომ, ს. ბეკეტმა, კ. ცუკმაიერმა.

ტრაგედიისა და კომედიისაგან განსხვავებით, ტრაგიკომედია არ არის მოწოდებული ერთიანი ემოციის ქვეშ მოაქციოს მაყურებელი, ჩამოუყალიბოს მას ხედვის ერთიანი სისტემა. იგი არის ინტელექტუალური დრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობა და უნივერსალურად გამოხატავს პოსტმოდერნისტულ ტენდენციებსაც.

მ. გეგია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები