მედეა (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მედეა“ – ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია. „ჰიპოლიტესთან“ ერთად „მედეა“ ევრიპიდეს შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება, თუმცა ტრაგედიამ აღიარება მოგვიანებით მოიპოვა; ძვ.წ. 43 წელს, დადგმისას, მას მხოლოდ მესამე პრიზი მიენიჭა, რაც წარუმატებლობის ტოლფასი იყო. პიესის სიუჟეტი არგონავტების მითოსის ციკლს მიეკუთვნება.

მითის თანახმად, არგონავტები კოლხეთში, იასონის თაოსნობით ოქროს საწმისის მოსაპოვებლად გაემგზავრნენ. კოლხი მეფის – აიეტის ქალიშვილს და მზის ღვთაება ჰელიოსის შვილიშვილს, გადარჩენისა და დახმარების მიზნით მედეამ ყველაფერი გასწირა და ყველაფერი დათმო; უღალატა მამამისს, სამშობლოს ინტერესებს და ბოლოს ძმაც კი მოკლა. ამის შემდეგ დაქორწინებული მედეა და იასონი კორინთოს მეფესთან ჰპოვებენ თავშესაფარს.

ევრიპიდეს ტრაგედია ასახავს მედეასა და იასონის ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც იასონმა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ცოლის მიტოვება და კორინთოს მეფის ერთადერთი ქალიშვილის ცოლად მოყვანა განიზრახა. პიესის პროლოგში ძიძის სიტყვებიდან ირკვევა, რომ მედეას მძვინვარება მისთვისაც და გარემომცველებისთვისაც საშიშ ხასიათს იძენს; ქმრის ღალატთან შეუგუებლობამ, შესაძლოა, შემზარავი უბედურების სახით იჩინოს თავი. პიესის დასაწყისშივე ცხადი ხდება, რომ მედეასთვის სასიცოცხლო მიზნად სწორედ შურისძიების სურვილი იქცევა. თავდაპირველად მედეა, კრეონის წინაშე თავის დამცირებით, უსუსური, დაბნეული და მორჩილი ქალის როლის გათამაშებით, ხვეწნა-მუდარით კორინთოში ერთი დღით დარჩენის უფლებას დასტყუებს მეფეს. მარტოდ დარჩენილი მედეა კმაყოფილებას გამოთქვამს მეფის უგუნურებით, რომელმაც შურისძიების განსახორციელებლად, ყველა მისი მტრის გასანადგურებლად და დედა-ბუდიანად ამოსაძირკვად საკმარისზე მეტი დრო მისცა. ქმართან შეხვედრისას საყვედურისა და ბრალდებების სავსებით საფუძვლიანად გამოთქმის შემდეგ, მედეა კვლავ იმ მორჩილ, თვინიერ და ბედს შეგუებული ქალივით იქცევა, რომელსაც ყველაზე მეტად მომავლის შიში – შვილების ბედ-იღბალი აწუხებს. პრაგმატული, მაგრამ მედეასთვის დამახასიათებელი ყოვლისშთანმთქმელი სიძულვილის უნარს მოკლებული იასონიც ტყუვდება და ყოფილ ცოლს შვილებისთვის კორინთოში თავშესაფრის დაპირების პირობით ტოვებს. შვილების მიმართ დედოფლის კეთილგანწყობის გამოწვევის საბაბით, მედეა მცირეწლოვან ვაჟიშვილთა ხელით საქორწინო საჩუქარს – პეპლოსსა და ოქროს გვირგვინს უგზავნის საპატარძლოს. მოწამლული გვირგვინის თავზე დადებისთანავე პატარძალი ცუდად გახდება და საშინელი ტანჯვით ამოხდება სული. მეფე კრეონი ქალიშვილთან მივარდება, დაღუპულის სხეულს გულში ჩაიხუტებს და იმავე შხამით მეფეც საზარელი ტანჯვით იღუპება.

სიუჟეტური თვალსაზრისით, ღალატის საფუძველზე აღმოცენებული მედეას და იასონის კონფლიქტი, საბოლოოდ, კვლავ გრძნობისა და გონების ცალმხრივი განვითარების, ზოგადად ზომიერების რღვევის სავალალო შედეგებს წარმოაჩენს. ერთი ადამიანისადმი ჯერ სიყვარულის, შემდგომ კი სიძულვილის გამო ყველაფრის დამთმობი და ყველაფერზე წამსვლელი მედეა ყოვლისმომცველი და ყოვლისშთანმთქმელი ვნების პერსონიფიცირებად გმირად იქცა. მხოლოდ საკუთარ ინტერესების დაცვისა და საღ აზრზე ორიენტირებული იასონი კი პრაგმატული გონის \ ცალმხრივობის განსახიერებას წარმოადგენს.

იასონის გამო ოქროს საწმისის მომპარავი და ძმის მკვლელი მედეა თავის სამშობლოში მოღალატედ, საბერძნეთში კი უცხო ტომელად – უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილ ბარბაროსად აღიქმება. მისივე თქმით, ნათესავებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს მოკლებული, ბერძნებისთვის სამუდამოდ უცხოდ დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი სამყარო მართლაც იასონს ანაცვალა. სიუჟეტური თვალსაზრისით მედეას მარტოობა – ქმარზე სრული დამოკიდებულება, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა შედეგს წარმოადგენს, მაგრამ აზრობრივი თვალსაზრისით, ყოვლისშთამნთქმელი სიყვარული არსობრივად კერპთაყვანისმცემლობის ნაირსახეობას წარმოადგენს. კერპი კი, ადრე თუ გვიან, ყოველთვის იმსხვრევა. ქმრის ღალატისა თუ ერთგულებისგან განურჩევლად, ყოვლისმომცველი სიყვარულის, ასეთივე ინტენსივობის სიძულვილში გადასვლის ალბათობაც ძალზე დიდია, – ნებისმიერ შემთხვევაში იმედის გაცრუება გარდაუვალია, რადგან ერთი ადამიანი ვერასოდეს ჩაენაცვლება მთელ სამყაროს.

მედეასგან განსხვავენული ხასიათის ცალმხრივობით გამოირჩევა პრაგმატული გონისა და ინტერესების გამაკერპებელი იასონი. მედეასთან საუბრისას, იასონი გულწრფელად აღიარებს, რომ ცოლთან განშორება და მეფის ქალიშვილთან შეუღლება მხოლოდ კეთილდღეობის მიღწევის მიზნით განიზრახა. მისივე თქმით, მედეას, საღი აზრის შესმენის შემთხვევაში, ასევე შეეძლო სარგებელი ენახა იასონის ქორწინების საშუალებით; უცხო ტომელი მედეას ვაჟიშვილები, სამეფო ოჯახის მომავალი მემკვიდრეების ნახევარძმებად ქცეულნი, კორინთოში საპატიო მდგომარეობის მოპოვებას შეძლებდნენ. მაგრამ შვილებისთვის კეთილდღეობის მართლაც მსურველ იასონში მაინც ეგოცენტრიზმი სჭარბობს. იასონმა იცის, რომ თვინიერებას მოკლებული მედეას მხრიდან ქმრის ხელახალ ქორწინებასთან შეგუების ალბათობა ძალზე მცირეა. მედეას შეურიგებლობის შემთხვევაში კი, მეფის ოჯახის უსაფრთხოების დაცვის ინტერესები, მისი შვილების კორინთოდან გაძევებას გარდაუვალს ხდიან. განდევნილებს კი ამჟამინდელზე უფრო სავალალო ბედი – უსამშობლოდ და უთავშესაფროდ დარჩენილთა მძიმე ხვედრი მოელით. ამდენად, უპირველესად საკუთარ და არა ოჯახის ინტერესებზე მზრუნავი იასონი, შვილების უსახლკაროდ დარჩენის პერსპექტივის მიუხედავად, მაინც უყოყმანოდ მიისწრაფვის სამეფო ოჯახის წევრად ქცევისკენ. მაგრამ, იასონის დემაგოგია კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება, როდესაც უმადურობაში ბრალდების საპასუხოდ, ცოლის საბერძნეთში ჩამოყვანასა და ბარბაროსებზე უფრო მაღალ ცივილიზაციასთან მის ზიარებას ამადლის.

კონფორმისტი – გამორჩენაზე ორიენტირებული იასონისგან განსხვავებით, მედეას სახე უმეტესწილად მაინც არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში კი პოზიტიურ შეფასებებს იმსახურებს. შვილების მკვლელობასაც კი ხშირად გამოუვალი მდგომარეობის შექმნით ხსნიან. თუმცა პიესაში ძალზე ნათლად ვლინდება, რომ კორინთოს მეფისა და მისი ქალიშვილის მკვლელობა საპასუხო შურისძიების სურვილს გამოიწვევდა და ისიც ნათლად ჩანს, რომ საკუთარი თავისთვის თავშესაფრის მოპოვებაზე დროულად მზრუნველი მედეა, მცირე ხნით ყოყმანობს, შვილები თან წაიყვანოს თუ დახოცოს; მაგრამ მალევე დაასკვნის, რომ იასონის მოდგმის დედა-ბუდიანად ამოძირკვის გადაწყვეტილების შეცვლა მისთვის შეუფერებელი სისუსტე იქნებოდა.

მედეას არა იასონის მანკიერ ანტიპოდად, არამედ ბრძენ, ღირსეულ და ძლიერ პიროვნებად წარმოჩენა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამ შემთხვევაში ღირსებად მიჩნეულია პატივმოყვარეობა, სიყვარულად – კერპთაყვანისმცემლობა, თავდაცვის უნარად – შურისძიება, პიროვნულ თავისუფლებად კი სხვის თვალში ძლიერ ადამიანად წარმოჩენის სურვილი. მედეა თავადვე ამბობს, რომ არ მისცემს დედობრივ გრძნობებს შურისძიებაზე გამარჯვების უფლებას, რადგან მისთვის მთავარია, სხვისი დასაცინი არ გახდეს, – მთავარია, არავის ათქმევინოს, რომ მედეას დაუსჯელად წყენინება შესაძლებელია; თანაგრძობას კი სიძულვილს ამჯობინებს. ამდენად, არაერთი მკვლევრის მიერ უმრავლესობისგან გამორჩეულ, ჭეშმარიტ პიროვნებად შერაცხული მედეას საქციელის ორიენტირს, სინამდვილეში, სხვის უბედურებებზე მოქილიკე ადამიანთა უბადრუკი აზრი წარმოადგენს; მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი თვითკმარობა და დამოუკიდებლობა სხვათა აზრისთვის ესოდენ დიდი მნიშვნელობის მინიჭებისგან გათავისუფლებს. თვითშეფასებაზე დაფუძნებული ღირსების გრძნობისგან განსხვავებით, სხვის მიერ შეფასებაზე ორიენტირებული პატივმოყვარეობის გარდა, მედეას მოქმედების ასევე წამყვან მოტივს შურისძიების დაუოკებელი სურვილი წარმოადგენს. მედეა ნეტარებით შეისმენს კორინთოს მეფისა და მისი ქალიშვილის საზარელი ტანჯვის ამბავს. შემდგომ, მისივე თქმით, შვილების მოკვლით, იასონის მოდგმის ძირფესვიანად ამოძირკვის ჟინსაც იკმაყოფილებს. ამ საზარელი მკვლელობის შემდეგაც კი, გააფთრებული ქალი სასოწარკვეთილ იასონს შვილების გვამებთან შეხების საშუალებას ართმევს. იასონის მანკიერების მიუხედავად, მოკლულ შვილებზე დარდი მის სასიკეთოდ მეტყველებს და თანაგრძნობასაც იწვევს. ყოვლისშთანმთქმელი სიძულვილით მოცული მედეა კი, არსებითად, კარგავს ადამიანურ სახეს და ნამდვილ ურჩხულად იქცევა.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები