იონი (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„იონი“– ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.

ევრიპიდეს შემოქმედების შესახებ ლიტერატურაში, ხშირად, ხაზგასმითაა აღნიშნული ბრმა შემთხვევითობის გაზრდილი როლი ადამიანთა ცხოვრებაში, რის ერთ-ერთ დასტურადაც „იონი“ მიიჩნევა, სადაც თითქოს მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით არ ხდება დედა შვილის მკვლელი, შემდგომში კი შვილი დედის მკვლელი. მელოდრამასთან მიახლოვებულ „იონში“, მართლაც, სიუჟეტური პერიპეტიები უკიდურესად დაძაბულ ვითარებებს ქმნიან.

ათენის მეფე ერეხთევსის ასული კრეუსა აპოლონისგან ფარულად გაჩენილ შვილს ბედის ანაბარა მიაგდებს. დედის მიერ კალათაში მიტოვებულ პირმშოს აპოლონი გადაარჩენს, შემდგომ კი, ცრუ მისნობის საშუალებით, კრეუსას ქმრის, ქსუთოსის ვაჟიშვილად გაასაღებს. ჩვილის თავიდან მოცილების შემდეგ, ქსუთოსზე გათხოვილ კრეუსას შვილი აღარ უჩნდება. სწორედ მათი უნაყოფობის მიზეზის გასარკვევად მიდის ცოლ-ქმარი დელფოსში. ცრუ მისნობის შედეგად გახარებული ქსუთოსი, მისგან უკანონოდ გაჩენილად მიჩნეულ ვაჟს – პატარა იონს შვილად აღიარებს, მაგრამ საკუთარი პირმშოს დამკარგავი და სხვისი შვილის გაზრდის არმსურველი კრეუსა გერის მოწამვლას გადაწყვეტს. მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით გადაურჩება სიკვდილს იონი, შემდგომ კი - დედინაცვლად მიჩნეული კრეუსა იონის შურისძიებას. აპოლონის წყალობით, დედაშვილი სიმართლეს იგებენ. ღმერთის ნებითვე ქსუთოსს და იონს ერთმანეთი მამა-შვილად მიაჩნიათ, რაც პიესის ბედნიერ ფინალს უზრუნველყოფს. ნაწყენი და გულნატკენი არავინ რჩება. იონი კი ყველაფერს ბედისწერას მიაწერს; – ადამიანის ცხოვრებაში ბრმა შემთხვევითობის გადამწყვეტ მნიშვნელობას აღიარებს, რომელსაც ერთ წამში შეუძლია გააუბედუროს ან გააბედნიეროს მოკვდავი. მაგრამ ამ თვალთახედვით ცხოვრებისა და ევრიპიდესეული დრამის აღქმა გარკვეულ კითხვებს აჩენს. რამდენად გამართლებულია, მოვლენათა ტრაგიკულად დასასრულის შესაძლებლობა მხოლოდ შემთხვევითობას მივაწეროთ. კრეუსა შვილის შესაძლო მკვლელად არა გაუგებრობის, არამედ უდანაშაულო ყმაწვილისადმი სიძულვილისა და გაუმართლებელი შურისძიების სურვილის გამო იქცევა. მის გამაუბედურებლად მიჩნეულ ღმერთს ქალი ვერაფერს დააკლებს, მსხვერპლად კი უდანაშაულოს, - არსებითად განტევების ვაცად ქცეულ ყმაწვილს ირჩევს. ამდენად, შემთხვევითობა სინამდვილეში თავად ადამიანთა შეგნებული არჩევანისა და მოქმედების შედეგს წარმოადგენს ხშირად და არა ადამიანისგან დამოუკიდებლად მოქმედ ძალთა და გარემოებათა შედეგს.

საგულისხმოა, რომ პიესა „იონის“ მთავარი სიუჟეტური ხაზი, რომელიც დაკარგული შვილებისა თუ უცნობი მშობლების პოვნის გარემოებებს ასახავს, ელინისტური ეპოქის დრამისა თუ კომედიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიუჟეტად იქცევა. შემთხვევითი არ არის, რომ ჭეშმარიტი აღიარება ევრიპიდეს დრამამ სწორედ ელინისტურ ხანაში ჰპოვა.

ადამიანთა ცხოვრებაში თავად ადამიანთა მოქმედების გარდა, შემთხვევითობის როლის მნიშვნელობას წარმოაჩენს პიესა „იფიგენია ტავროსელებში“, რომელიც გოეთეს ამავე სახელწოდების მქონე ტრაგედიის პირველწყაროდაა მიჩნეული. დრამა მოგვითხრობს ტავროსელთა ქვეყანაში არტემისის ტაძრის ქურუმად ქცეული იფიგენიას მიერ თავისი ძმის, ორესტესა და მისი მეგობრის პილადეს სიკვდილისაგან გადარჩენის შესახებ. დასთან შეხვედრის წყალობით გადაურჩებიან მეგობრები მსხვერპლად შეწირვის ხვედრს.

ასევე მელოდრამასთან სიახლოვეს ავლენს, მაგრამ უფრო წარმატებულადაა მიჩნეული აგამემნონისა და კლიტემნესტრას პირმშოს ხვედრის წარმომჩენი დრამა „იფიგენია ავლისში“.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები