კავკასიური თეთრყვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური თეთრყვავილა - Galanthus caucasicus (Baker) Grosh.

Galanthus caucasicus (Baker) Grosh. – კავკასიური თეთრყვავილა

საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა).

ბოლქვოვანი მრავალწლოვანი პოლიკარპული მცენარეა; ღერო ცილინდრულია, ყვავილობისას ფოთლებზე გრძელი; ფოთლები ხაზურია, ლეგა სანთლისებრი ნაფიფქით მოფენილი, დაყვავილების შემდეგ გრძელდება. ყვავილი ერთია, ყვავილსაფარი თეთრია, 6-ად გაყოფილი, მისი ფოთლები სხვადასხვა ზომისაა, გარეთა ფოთლები შიგნითებზე უფრო გრძელია, ფართო ნიჩბისებრი, შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებრ სოლისებრია, თავამოკვეთილი, ფართო თირკმლისებრი, მწვანე ლაქიანი; ნაყოფი მომრგვალო კოლოფია, მრავალი, მოშავო სფერული თესლით. მიეკუთვნება ზამთარადრე გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეთა რიცხვს. ყვ. II-III, ნყ. IV-V.

გამოირჩევა მაღალი დეკორატიულობით. პერსპექტიულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ალკალოიდების (გალანტამინი, ლიკორინი) მიღების თვალსაზრისით.

კოლხური წარმოშობის კავკასიის სუბენდემური სახეობაა (კავკასიურ-ჩრდილო-ანატოლიური). კლასიკური ადგილია ამიერკავკასია (Гроссгейм, 1940).

კავკასიური თეთრყვავილას ძირითადი არეალი დაკავშირებულია ცენტრალურ ამიერკავკასიასთან და მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს (ბაკურიანი). განსაკუთრებით ფართოდ კი თბილისის მიდამოებშია წარმოდგენილი.

საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, იმერეთი, სამხრეთ ოსეთი, ქართლი, (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებში, მთის შუა სარტყელში.

კავკასიური თეთრყვავილა თბილისის სხვა პუნქტებთან შედარებით ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი საგურამოს ქედზე, ზღ.დ. 850 მ-დან 1200 მ სიმაღლემდე, სადაც დომინანტურ დაჯგუფებებს ჰქმნის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები