კაპანაძე ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპანაძე ანა (ანეტა) − (1880 − 1945), ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, ჟურნალისტი, პოეტი. ნამდვილი გვარი — გიგიბედაშვილი.

დაიბადა სოფელ ზემო ხანდაკში (კასპი). სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გორის გიმნაზიაში განაგრძო, მაგრამ მძიმე ოჯახური პირობების გამო, მისი დასრულება ვერ შეძლო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში პეტრე გრუზინსკის მოურავ იოსებ კაპანაძეს გაჰყვა ცოლად; ა. კაპანაძე კრებდა ხალხური შემოქმედების ნაწარმოებებს. შეგროვილი ზეპირსიტყვიერება (ქართლის მასალა) 12 კრებულის სახით დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტისა (4 1943, II 2448–-24511 და ლიტ. მუზეუმის ფონდებში (ხ. № 25056). შემკრებლობითი მუშაობის პარალელურად რჩეულ ნიმუშებს აქვეყნებდა პრესაში („ნაკადული”, „თანამედროვე აზრი”, „თემი”, „თეატრი და ცხოვრება”, „ბრძოლა”, „კლდე” და სხვა);

1902 წელს ლექსების პირველი წიგნი გამოსცა; მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. მენშევიკურმა მთავრობამ იგი რამდენჯერმე დააპატიმრა. იყო ქალთა უფლებების დამცველი; მისი ინიციატივით, სოფელ ახალქალაქში დაარსდა სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა, ასევე სახალხო თეატრი; ხშირად წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა. 1911 წელს იგი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად დაუსწრებლად აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოებისათვის ის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნივთებს აგროვებდა. ასევე ფოლკლორისტულ საკითხებზეც მუშაობდა. ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს სოფელ-სოფელ აგროვებდა და შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა. 1921 წელს იგი საქართველოს უპარტიო ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს.


საბრალო დედა
საბრალო დედა გულ-მდუღარედ
წყალში ჩასტირდა ნანასა,
ამ სევდას, ფიქრებს, დარდებსა,
როგორ გაუძლოს ვარამსა.
„შვილო, წასულო სხვა მხარეს,
საომრად ბრძოლის ველზედა,
ვაი, თუ მტერმან დაგმარცხოს,
გაგაპოს ნორჩ მკერდ გულზედა.
შენი პატარა ცოლ-შვილი
მე დამიტოვე ცეცხლადა,
იმათის ცქერით აქამდის
ან კი როგორ ვარ ცოცხლადა?
ვაი შენს მშობელ დედასა,
ვაი ამ დროსა მომსწრესა,
ნეტავი კიდევ თუ გნახავ,
შვილო, ამ არე-მარესა.
წყალო, უამბე, თუ შენთან
მოვიდეს დასალევათა,
თუ კიდევ არის ცოცხალი,
მზე არ უნათებს შავათა!
ყველა უთარგმნე, მდინარევ,
რასაც მე სიტყვას გაბარებ,
უმისოდ ჩემს შავ სიცოცხლეს
ამ მწარეს ფიქრით ვატარებ”.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები