კარბელაშვილი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა მღვდელმოწმე ანდრია (კარბელაშვილი)

კარბელაშვილი ანდრია - (გორის მაზრა, სოფელი ჭალა 1851-06.09.1924, გორის მაზრა, ტირიფონის ველი) – საეკლესიო მოღვაწე, მგალობელი, დეკანოზი. წმ. მღვდელ-მოწამე (ხსენ. 06.09).

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, მღვდელ გრიგოლ და ანა სტეფანეს ასულ კარბელაშვილების მრავალშვილიან ოჯახში. დეკანოზი ანდრია ბავშვობიდანვე სიმშვიდით გამოირჩეოდა. იგი დროს ძირითადად მამასთან ატარებდა, მასთან ისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. ეხმარებოდა მას ღვთისმსახურებაში და სამღვდელო მოღვაწეობაც საბოლოოდ მამის ადგილზე გააგრძელა. 1867 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1870 წ. თავისი თხოვნით, მესამე კლასიდან თავი დაანება სწავლას და ქვემო ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1878 წელს იგი დიაკვნად აკურთხეს. 1885 წლის 12 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ ახალქალაქის თარხან-მოურავების წმ. დავით გარეჯელის სახელობის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1888 წ. 29 მარტს მღვდელი ანდრია დუშეთის მაზრაში, მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889 წ. მუხრანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1903 წ. 17 სექტემბერს ქვემო ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს, სადაც გარდაცვალებამდე იმსახურა. დეკანოზი ანდრია ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო: 1895 წ. საგვერდულით, 1900 წ. – სკუფიით, 1912 წ. – კამილავკით, 1916 წ. ივნისში – სამკერდე ოქროს ჯვრით. XX ს. 20-იანი წლების დასაწყისში მიიღო დეკანოზის წოდება.

წლების მანძილზე ანდრიამ მოსახლეობაში დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა, მისი სიტყვა, რჩევა-დარიგება და ქადაგება მრავალი ადამიანისთვის დიდ სულიერ საზრდოს წარმოადგენდა.

საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე, დაიწყო სამღდელოების შევიწროება და დევნა. ამ დევნის მსხვერპლი გახდა ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის კარბელაშვილების ცნობილი ოჯახი, რომელშიც რამდენიმე სასულიერო პირი იყო. მღვდელმსახურების შეწყვეტა მოთხოვეს ანდრიასაც, მაგრამ ის განაგრძობდა მსახურებას. სოფელ ჭალაში იყო თავად ამილახვართა რეზიდენცია, რომელსაც ახალი ხელისუფალნი უმოწყალოდ ძარცვავდნენ. ანდრია დიდი რისკის ფასად იცავდა ამილახვართა ქონებასაც და სასახლესაც. მან გადაარჩინა ბევრი ისტორიული ნივთი და ხელნაწერი, რომელიც შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.

1924 წ. აგვისტოს ანტიბოლშევიკური აჯანყების შემდ ანდრიას მოუვიდა ცნობა, რომ სოფელ მუხრანში დააპატიმრეს მისი უმცროსი ძმა მღვდელი წმ. პ. კარბელაშვილი. ანდრია მაშინვე გაეშურა ძმის საძებნელად. მან ძმას და სხვა დაპატიმრებულებს მუხრანში მიუსწრო. მალე შეპყრობილნი უშიშროების თანამშრომლებმა და ბადრაგმა გორისკენ წაიყვანა, თითქოსდა მათი ბრალეულობის გასარკვევად. მათ გაჰყვა ანდრიაც. აღმოჩნდა, რომ „ჩეკას“ თანამშრომლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დაპატიმრებულთა ლიკვიდაცია, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. მდინარე ტორტლასთან, ტირიფონის ველზე მათ ცეცხლი გაუხსნეს პატიმრებს და გვამები მიატოვეს. დილით ახლო მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა გათხარეს საერთო საფლავი და მიწას მიაბარეს 24 დახვრეტილის გვამი. მათ შორის იყვნენ ანდრია და მისი ძმა წმ პეტრე. 2011 წ. 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმაანდრია და მისი ოჯახის რამოდენიმე წევრი წმიდანთა დასში შერაცხა.

გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

საპატრიარქოს უწყებანი, #1, 2012.

Logo1.JPG ანდრია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები