კარნავალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარნავალი დიუნკერკში

კარნავალი – (იტალ. саrnevalе), სინკრეტული, საწესჩვეულებო-სანახაობითი, მასობრივი ქმედების ფორმა, რომელსაც აქვს სიმბოლური შინაარსი და მოქცეულია სპეციფიკურ მხატვრულ სისტემაში.

კარნავალი სათავეს იღებს სატურნალიებად წოდებულ ანტიკური ხანის საწესჩვეულებო რიტუალიდან. ეს არის „სამყარო უკუღმა“: ჩვეულებრივ პირობებში წოდებრივ-იერარქიული და ცხოვრებრივ-ყოფითი ბარიერებით ერთმანეთისგან იზოლირებული ადამიანები, კარნავალურ ზეიმზე ერთმანეთს უკავშირდებიან თავისუფალი, განწმენდილი, უდისტანციო ურთიერთობით. ამაში მათ ხელს უწყობს ექსცენტრიკა, პროფანაცია, მეზალიანსი. კარნავალს აქვს თავისი მსოფლმხედველობითი ქვეტექსტი, მაგრამ ეს არ აღიქმება მონაწილეთა მხრიდან, ისინი კონკრეტულად განიცდიან სახალხო ზეიმის ნახევრად რეალურ და ნახევრად ფანტასტიკურ ატმოსფეროს.

კარნავალის განუყოფელი ნაწილია ნიღბები, საკარნავალო კოსტიუმები, ცეკვები, სიმღერები. ჩასახვის ხანიდან მოყოლებული (XIII ს.), კარნავალმა დღემდე შეინარჩუნა თავისი ძირითადი თვისება – იცინოს და იმხიარულოს ყველაფერზე, რაც მეტისმეტად გასერიოზულებულია ადამიანთა საზოგადოებაში.

გარეგნული სტიქიურობის მიუხედავად, კარნავალი არის კარგად ორგანიზებული სახალხო დღესასწაული. მასში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მსახიობებიც, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ, ამაღლებულ ფიცარნაგებზე უჩვენებენ პანტომიმის, სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას, გაითამაშებენ პატარ-პატარა სცენებს საყოფაცხოვრებო თემატიკიდან. და ბოლოს, კარნავალის განუყოფელი ნაწილია ცეკვები, რომელშიც მონაწილეობს ყველა მსურველი – განურჩევლად სქესისა, წოდებისა თუ ასაკისა.

კარნავალი, თავისი არსით, სინკრეტული თეატრისა და საწესჩვეულებო რიტუალების ნაზავია და ამასთანავე არის ერთგვარი ნოსტალგიაც ადამიანთა სულიერ ერთობაზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები