კასატი მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი კასატი. დედა და შვილი, დაახლ. 1890; ტილო, ზეთი, 90.2X64.5 სმ. ვიჩიტას ხელოვნების მუზეუმი, კანზასი

მარი კასატი– (Mary Cassatt, 1844-1926) ამერიკიდან ემიგრირებული მხატვარი. თავდაპირველად იმპრესიონისტებთან ერთად იფინებოდა, მაგრამ მალევე, ნაწილობრივ, დეგასთან ურთიერთობის გამოც, მისი მანერა და ტექნიკა იმპრესიონისტებისგან განსხვავებული ხდება.

კასატი დაიბადა პითსბურგთან ახლოს, შეძლებულ ოჯახში და ფილადელფიის კოსმოპოლიტურ გარემოში იზრდებოდა. 1861-1863 წლებში იგი პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის უმეტესი წლები გაატარა. 1870-იანი წლების დასაწყისსა და შუა ხანებში სალონში გამოფენილმა მისი ფიგურაციული ფერწერის რეალიზმმა დეგას ყურადღება მიიპყრო, რომელმაც 1879 წელს მას იმპრესიონისტების მეოთხე გამოფენაში მონაწილეობა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ, დეგას მსგავსად, კასატიც სტუდიური მხატვარი იყო (და, ამავე დროს, გრავიურის ოსტატიც), სალონის ჟიურის სისტემის, როგორც თავად ამბობდა, "ტირანიის" მიმართ სიძულვილმა, იგი ჯგუფის უერთგულეს მიმდევრად აქცია.

კასატი თავის შემოქმედებაში იმ სამყაროს ასახავდა, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი იყო - ბურჟუა ქალის ოჯახური და სოციალური ცხოვრება. იგი განსაკუთრებით ცნობილია დედა-შვილობის თემითა და მათი გასაოცრად მგრძნობიარე გამოსახულებებით, რომლებიც მისი თანამემამულე ემიგრანტი მხატვრის, ჰენრი ოსავა თანერის ჟანრული მხატვრობის მსგავსად, ეპოქის სტერეოტიპებს უპირისპირდებოდა.

დაახლოებით 1890 წელს შესრულებულ ნამუშევარში დედა და შვილი თავისუფლად, იმპრესიონისტული მანრით დაწერილ ტანსაცმელსა და გარემოსთან ხელებისა და სახეების გულმოდგინედ და მკვრივად მოდელირებული ფორმების დაპირისპირებით, მხატვარი დედა-შვილის სათუთ ურთიერთობაზე მნახველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. სურათზე ის მომენტია ასახული, როდესაც ნაბანავებ ბავშვს სადაცაა დედის მკლავებში ჩაეძინება. თითქმის მიძინებული ბავშვის სახე, ღაჟღაჟა ლოყები და მსუქანი კიდურები რეალისტურადაა გადმოცემული, მაშინ როდესაც ფიგურების გარშემო ასახული გარემო სიბრტყობრივი და პირობითია. თანამედროვე ცხოვრებიდან აღებული ეს პატარა სცენა თითქოს ერთგვარად ეხმიანება ხელოვნების ისტორიას, თავისი თემატიკითა და კომპოზიციური წყობით ის ჩვილედი ღვთისმშობლის ტრადიციულ გამოსახულებებთან იწვევს ასოციაციას და დედაშვილობის განზოგადებულ სახედ წარმოგვიდგება.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები