კლაპარედი ედვარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაპარედი ედვარდ

კლაპარედი ედვარდ - Claparede Eduard, Клапаре́д Эдуа́рд, 1873-1940

შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ნევროლოგი, ევროპული ფუნქციონალიზმის ერთერთი მთავარი წარმომადგენელი, ბავშვის ფსიქოლოგიის ერთერთი პიონერი. იყო ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი. თეორიული, ექსპერიმენტული და გამოყენებითი კვლევის გარდა დიდ ყურადღებას უთმობდა პროფესიულ-ადმინისტრაციულ საქმიანობას. 1901 წელს დააარსა ჟურნალი „ფსიქოლოგიის არქივი” („Archives de Psychologie“) და „რუსოს ინსტიტუტი” (1912) - ექსპერიმენტული კვლევების საერთაშორისო ცენტრი ბავშვის ფსიქოლოგიაში, აგრეთვე ფსიქოტექნიკის საერთაშორისო საზოგადოება (1920). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგთა საერთაშორისო თანამშროლობაში. წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო ფსიქოლოგიური კონგრესების ორგანიზაციის მდივანი.

კლაპარედი იკვლევდა კლინიკური ნევროლოგიის, ზოოფსიქოლოგიის, ფსიქოტექნიკის და ზოგადი ფსიქოლოგიის საკითხებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ბავშვის ფსიქიკური განვითარების პრობლემატიკას. ს. ჰოლთან ერთად კლაპარედი პედოლოგიის სათავეებთან იდგა. იგი მას ორ ნაწილად ყოფდა: თეორიულ და გამოყენებით პედოლოგიად. ეს უკანასკნელი მოიცავს ფსიქოტექნიკას და ფსიქოდიაგნოსტიკას. პირველის მიზანია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ადეკვატური სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდების დამუშავება/დანერგვა, მეორისა - ფსიქიკური განვითარების დონის გარკვევა.

კლაპარედი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კოგნიციურ განვითარებას, რომ მას თითქმის აიგივებდა ფსიქიკურ განვითარებასთან. ეს იქიდან ჩანს, რომ ფსიქიკური განვითარების პერიოდიზაციის მისეულ სქემაში ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის ძირითად კრიტერიუმად კოგნიციის სახეებისა და მათთან დაკავშირებული ინტერესების მონაცვლეობაა შერჩეული {სენზიტური პერიოდი}. განვითარების მექანიზმის გამოსავლენად კლაპარედი საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს ბიოგენეტიკურ კანონს. გარკვეული მსგავსება ფსიქიკის ფილოგენეზისურ და ონტოგენეზისურ განვითარებაში იმიტომ კი არ არსებობს, რომ ბავშვის ფსიქიკაში ჩადებულია სახეობის განვითარების სტადიები და ინსტინქტები, რომლებიც მან უნდა აღმოფხრას {რეკაპიტულაციის თეორია}, არამედ იმიტომ, რომ ფსიქიკის გენეზისის ამ ორ ფორმაში ერთი და იგივე კანონზომიერება მოქმედებს. ეს განაპირობებს პროცესების მსგავსებას (და არა იგივეობას). ამიტომ არ არსებობს განსაზღვრულობა ბავშვის განვითარებაში; სწავლება-აღზრდას შეუძლია დააჩქაროს ან დაამუხრუჭოს ის და ნაწილობრივ შეცვალოს მისი მიმართულება.

კლაპარედი ფსიქიკურ ფენომენებს განხილავს იმის მიხედვით, თუ რა როლს (ფუნქციას) ასრულებენ ისინი, რა სარგებლობა აქვთ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის (ქცევისთვის). მაგ., შეისწავლიდა რა ძილს, კლაპარედი მას განიხილავდა ფუნქციონალურ მდგომარეობად, რომელიც ორგანიზმის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და იცავს გადაღლისაგან. ასევე, თამაში განიხილება, როგორც მომზადება, ვარჯიში სასარგებლო ფუნქციის მქონე ქცევების შესასრულებლად. ქცევაში მათი ფუნქციის მიხედვითაა აგრეთვე გაანალიზებული ემოციების, აზროვნების და ნებელობის პროცესები. ისინი ქცევის დეზადაპტაციით გამოწვეული მოვლენებია. ნებისყოფის ფუნქცია მიზნის პრობლემის გადაწყვეტაშია, ხოლო აზროვნებისა - ქცევის განხორციელების საშუალებათა პრობლემის მოგვარებაში.

ფუნქციონალური თვალსაზრისზე დაყდნობით კლაპარედმა ჩამოაყალიბა ქცევის 12 ზოგადი კანონი. მაგ., მენტალური ცხოვრების განვითარების კანონი - მენტალური ცხოვრების განვითარება პროპორციულია იმ განსვლის ოდენობისა, რომელიც არსებობს მოთხოვნილებასა და მისი დაკმაყოფილების საშუალებებს შორის. ამ კანონის განზოგადებაა ყველაზე ცნობილი - გაცნობიერების კანონი - ცნობიერება ჩნდება მაშინ, როდესაც ინდივიდის ადაპტაცია აღარ მიმდინარეობს ავტომატურად (არაცნობიერად), როდესაც თავს იჩენს რაიმე სირთულე და სუბიექტი იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ქცევის სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი; მაშინ აღმოცენდება სპეციალური პროცესი, რომელიც ხასიათდება „ცნობიერების უეცარი ამოხეთქვით”. ცნობიერების აღმოცენების და მოქმედების მსგავს მოაზრებას უშუალოდ ეხმიანება დ. უზნაძისეული ობიექტივაციის თეორია.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები