ლამეტრი ჟიულ ოფრე დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟიულ ოფრე დე ლამეტრი

ლამეტრი ჟიულ ოფრე დე - La Mettrie Julien Offray de, Ламетри, Жюльен Офре де, 1709-1751

ფრანგი ფილოსოფოსი და ექიმი. სამედიცინო განათლება პარიზის უნივერსიტეტში მიიღო. სამხედრო ექიმად მუშაობისას მივიდა დასკვნამდე, რომ ავადმყოფობა არამარტო ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. მაშასადამე, სულიერი მოქმედება გაპირობებულია სხეულებრივი ორგანიზაციით. ამ იდეით შეპყრობილმა მან ზედიზედ დაწერა ორი ნაშრომი „სულის ბუნებრივი ისტორია” (1745) და „ადამიანი მანქანა” (1748), რომლებიც დაწვეს, როგორც ერეტიკული ტრაქტატები. სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაატარა. იყო განთლებული მონარქის, ფრიდრიხ II-ის პირადი ექიმი და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ლამეტრის აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც აქვს შეგრძნებისა და აზროვნების უნარიც. ეს მატერიის (ტვინის) გარკვეული ორგანიზაციის შედეგია. ორგანიზაციის კატეგორია წამყვანია ლამეტრის მსჯელობაში. ადამიანი ბუნების ნაწილია. მცენარე, ცხოველი, ადამიანი - უწყვეტი კიბის საფეხურებია. მათ შორის განსხვავება სხეულის სხვადასხვა ორგანიზაციით არის გაპირობებული. აქ ლამეტრიმ წინასწარ განჭვრიტა უფრო გვიანდელი ევოლუციონისტების იდეები. ცოცხალი სხეულების, მათ შორის ადამიანის ორგანიზაცია, არის სახეობათა ხანგრძლივი ევოლუციის შედეგი. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისაგან ორგანიზაციის სირთულით განსხვავდება. ცხოველის მსგავსად, ადამიანიც კარგად აწყობილი, თვითმართვადი და განსწავლული მანქანაა. ცხადია, სიტყვა „მანქანა” აქ მხოლოდ მეტაფორად გამოიყენება და გულისხმობს მატერიალურად დეტერმინირებულ სისტემას {რობოტომორფიზმი}. მისი დახმარებით ავტორი ცდილობს, ბუნებისმეტყველების პოზიციებიდან ახსნას ადამიანის ყველა ურთულესი უნარიანობის, მათ შორის ცნობიერების მოქმედება და განვითარება.

სულიერი ცხოვრების სპეციფიკის დახასიათებისას ლამეტრიმ ერთ-ერთმა პირველმა გამოკვეთა მოთხოვნილებათა მნიშვნელოვნება. მოთხოვნილება სულის მოქმედებაში გარკვეულწილად გონებასაც კი უთანაბრდება. ინდივიდები, რომლებიც მოკლებულნი არიან მოთხოვნილებებს, მოკლებულნი არიან გონებასაც. რაც უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს ორგანიზებულ სხეულს ანუ ორგანიზმს, მათ დასაკმაყოფილებლად მით უფრო მეტი საშუალებები აქვს ბუნებისაგან ბოძებული და პირიქით (ეს საყურადღებო აზრია, ინტერაქციონიზმის ჩანასახი). ამრიგად, ლამეტრიმ მოქმედების მანქანური (მექანიკური) პრინციპი სხეულიდან (რ. დეკარტესეული „სხეული - მანქანა”) გაავრცელა სულზეც, ფსიქიკურ ცხოვრებაზეც. ამით მან ადამიანის ქმედების სხვადასხვაგვარი მექანიცისტური (თუნდაც ბიჰევიორისტული) ინტერპრეტაციის წინაპირობა შექმნა {მექანიციზმი}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები