ლაშა (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაშა – ქალწულობაში თამარ დედოფალი ისეთი წმიდა ყოფილა, რომ თავის სამოსელს მზის სხივზე გადაკიდებდა ხოლმე, ლოცვისას ჰაერში აიწეოდა და ასე იდგა, სანამ ლოცვას არ დაამთავრებდა. და კიდევ ბევრ სასწაულს ახდენდა. მას სურდა სამუდამოდ ქალწულად დარჩენილიყო, რომ მუდამ გაგრძელებულიყო ეს სამოთხისებური ცხოვრება. დიდებულები და კარისკაცები არ ასვენებდნენ, სულ იმის ცდაში იყოვნენ, რომ როგორმე დაეთანხმებინათ ქმრის შერთვაზე, მაგრამ თამარი მტკიცე უარზე იდგა: არა და არ სურდა გათხოვება. მაგრამ რაკი მემკვიდრე უსათუოდ უნდა ჰყოლოდა, განგებამ გადაწყვიტა, შვილი მზის სხივისგან ჩასახოდა. მართლაც თავის უნებურად შეიქნა ფეხმძიმედ თამარი და დასრულდა მისი სამოთხისებური ყოფა: მის სამოსელს მზის სხივი აღარ იჭერდა, ლოცვის დროს ჰაერში ვეღარ ჩერდებოდა, დამძიმდა. წუხდა თამარი, სირცხვილისგან ჩაიკეტა და საიდუმლო მხოლოდ თავის გამზრდელს გაანდო. ბავშვი რომ დაიბადა, თამარმა უბრძანა გამდელს ტყეში წაეყვანა და სადმე უღრანში დაეგდო ღვთის ანაბარა. მაგრამ ბავშვი განგებამ არ გაწირა, ირემი მოუვლინა გამზრდელად, რომელმაც ძუძუ აწოვა ჩვილს. ერთ დღეს თამარი თავისი ამალით სანადიროდ გაემართა ტყეში. მონადირეებმა დაინახეს ირემი და, ის იყო, უნდა ესროლათ ისარი, რომ მუცელზე ამოკრული ბავშვი შენიშნეს. შეატყობინეს ეს ამბავი თამარს. თამარი მიხვდა, ვინ უნდა ყოფილიყო ეს ბავშვი და ბრძანა სასახლეში წაეყვანათ. ასე იპოვეს გადაგდებული მემკვიდრე, დაარქვეს ლაშა („სხივი“), გაზარდეს სასახლეში და, როცა სრულწლოვანი გახდა, გაამეფეს. და რაკი ირემმა იხსნა იგი და ძუძუ აწოვა, ირმის ხორცს ბაგრატიონები არ ჭამდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები