ლოლუა ძუკუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძუკუ ლოლუა

ლოლუა ძუკუ (პორფილე) ბახვას ძე - (08.IV.1877.სოფ. ქვალონი, ზუგდიდის მაზრ. - 09.VIII.1924, თბილისი) - ხალხური სიმღერის შემსრულებელი, მგალობელი, ლოტბარი, მეჩონგურე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დედამ, განთქმულმა მეჩონგურემ და მოტირალმა ჭამჭალა ჩიქვანიძემ, ასწავლა წერა, კითხვა, სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა. 1891 გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლ დადიანის კარზე მედავითნეობას და საეკლესიო გალობას სწავლობდა, ერთი წლის შემდეგ გალობისა და ღვთისმეტყველების შესასწავლად ხობის მონასტერში გაიგზავნა. ახალი ათონისა და ბიჭვინთის მონასტრებში შეისწავლა ძველი სლავური ენა და მღვდელმსახურების დაწყებითი კურსი გაიარა. 1894 სოფ. ჭალადიდისა და სოფ. კოკის ეკლესიებში მედავითნეობდა. კოკის მომღერლებისაგან ჩამოაყალიბა „მეგრელ მომღერალთა გუნდი“ და 1897 წლის 27 თებერვალს ქუთაისის თეატრის სცენაზე პირველი კონცერტი გამართა, შემდეგი კონცერტები კი სოხუმსა და ბათუმში ჩაატარა. 1889 დააპატიმრეს ჩხუბში მონაწილეობის გამო და რვა წელი მიუსაჯეს. მისი სასჯელი ნებაყოფლობით გაინაწილა მისმა დამ ნოტიო ლოლუამ. მაშინდელი კანონმდებლობით ეს შესაძლებელი იყო. ამიტომ მხოლოდ ოთხი წელი გაატარა ციხეში, სადაც გაიცნო ნოე ჟორდანია და იოსებ ჯუღაშვილი. 1904 წელს საპყრობილიდან გათავისუფლდა, გადავიდა სოხუმში, შეხვდა ილია ჭავაჭავაძეს და წიგნის პირველი ფარდული, „დიოსკურია“, დააარსა. სოხუმში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომლის პირველი საჩვენებელი კონცერტიც 25 სექტემბერს გამართა. რეპერტუარი შედგებოდა როგორც ქართული, ასევე აფხაზური სიმღერებისაგან. 1905 გუნდმა იმოგზაურა და კონცერტები ჩაატარა სოხუმის, გაგრის, სოჭისა და ადლერის ოლქებში. 1909 წელს გუნდის ცხრა წევრი სოჭში დააპატიმრეს. 1810-11 წლებში გუნდმა რეპერტუარი გააფართოვა და მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს სვანური, გურული და იმერული სიმღერებიც დაამატა. გუნდის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შვილები და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. გუნდმა შეიცვალა სახელიც და „დასავლეთ საქართველოს სახალხო მომღერალთა გუნდი“ დაირქვა. 1912 წელს სოხუმში მყოფი იროდიონ ევდოშვილის დასახმარებლად გამართეს კონცერტი, შემდეგ იმოგზაურეს ზემო იმერეთში და აკაკი წერეთლის იუბილეზე იმღერეს. 1917 წლის 26 აგვისტოს ჩაატარეს კონცერტი თბილისში.

1918 კვლავ ჩაატარეს კონცერტი თბილისში და უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დიდი პოპულარობა გაუწიეს აფხაზურ სიმღერებს. 1919 წელს მომღერალი ფოთში დაბრუნდა და დაქორწინდა. 1920 ფოთის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში გალობის მასწავლებლად მუშაობდა. 1921 წლდან დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა. 1923 წელს ქუთაისში, მწერალთა კავშირის თხოვნით, მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. გუნდმა რამდენიმე კონცერტი გამართა. 1924 სანდრო კავსაძის იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში გაემგზავრა. მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. 1958 გადაასვენეს ფოთში.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ა. ბიბილეიშვილი, „ძუკუ ლოლუა“, სოხ., 1971;
  • თ. ჟვანია, „ძუკუ ლოლუას ცხოვრება და შემოქმედება (წიგნიდან ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, სამეგრელო I ძუკუ ლოლუა, მესამე განახლებული გამოცემა), თბ., 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ძუკუ ლოლუა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები