ლურსმანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურსმანი

ლურსმანილითონის (რკინის, ფოლადის, პლასტმასის, ხის) თავბრტყელი და ბოლოწვეტიანი ღერო; იხმარება რისამე დასაჭედებლად, დასამაგრებლად.

დამზადების მეთოდის მიხედვით არსებობს ნაჭედი და მავთულოვანი. ნაჭედი წარმოადგენს კონუსური ფორმის ღეროს ქუდით. ის, როგორც წესი, მზადდება დიდი ზომის და ძირითადად კონტეინერების, ვაგონების, ყუთების დასამზადებლად გამოიყენება, აგრეთვე მორებისაგან აშენებულ სახლებში მორების, ძელების, კოჭების, რიგელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მავთულოვანი ლურსმანი მზადდება ქარხნული წესით მავთულისაგან. მათ წრიული ან ოთხკუთხა განივკვეთი აქვთ ქუდით, წვერო კი წამახვილებულია. სხვადასხვა სიგრძის 0,7-9,4 მმ-მდე დიამეტრის ლურსმანს ამზადებენ რბილი (მცირედ ნახშირბადიანი) ფოლადისაგან; ზოგჯერ დაჟანგვის საწინააღმდეგოდ ზედაპირს ფარავენ თუთიათი ან სპილენძით. არსებობს სპილენძის ლურსმანი მისი გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა, როცა თხელი ელემენტებია (ფიცარი, ფანერა, ძელაკი) შესაერთებელი სქელ ელემენტებთან. ამ შემთხვევაში ლურსმნის სიგრძე აიღება თხელი ელემენტის სისქეზე 2,5-4-ჯერ მეტი. გამოიყენება მსხვილი (d ≥ 6 მმ) და წვრილი (d < 6 მმ) ლურსმანი. მერქანში ლურსმნის ჩასობა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ეს ოპერაცია მოითხოვს გარკვეულ ცოდნასა და მოხერხებულობას. მაგ., თუ ლურსმანს ვასობთ ადვილად მსკდომარე ფიცარში, უმჯობესია მარწუხით წავაჭრათ წაწვეტილი ბოლო ან ეს ბოლო ჩაქუჩით დავაბლაგვოთ. თუ რამდენიმე ლურსმანია ჩასასობი, მაშინ უმჯობესია ლურსმნები განვალაგოთ ჭადრაკულად და არა ერთ რიგზე.

არსებობს ლურსმნის ბევრი სახეობა: ბურულის (დიამეტრი 3,5 მმ, სიგრძე 40 მმ), გლუვთავა, თავბურცა, თავფართო, მრგვალთავა, მოთუთიებული (დიამეტრი 4-4,5 მმ, თავის დიამეტრი 12 მმ, სიგრძე 90-120 მმ), ნატვიფრთავიანი, ნაჭედი, საავეჯო, საანჯამე, საკასრე, სამშენებლო (დიამეტრი 0,8-8 მმ, სიგრძე – 8-250 მმ), საპარკეტე, სარუბეროიდე, სატკეჩე, საყავრე, საშპალერე, სახურავის, ფასონური, ფხიანი, წკირა (ხის) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები