მასდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასდარი – (არაბ. Masdar – გამოსავალი, საწყისი, წყარო), ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში საწყისის სინონიმი, აღნიშნავს ნაზმნარ სუბსტანტივებს, აქვს ობიექტის მართვის ზმნური სინტაქსური ძალა (წერა, ხატვა, ტირილი.).

ამ ფორმებს ანტონ I ზმნის სისტემაში განიხილავდა და აღნიშნავდა ტერმინით სახელზმნა, როგორც „ქმნისა“ და „ენების“გამომხატველ სიტყვებს, რომლებსაც სახელის ნიშნებიც აქვთ და ზმნისაც. შემდგომ ა. შანიძემ გააფართოვა „სახელზმნის“ ხმარების არე და იგი მიმღეობაზედაც გაავრცელა, ნაზმნარი არსებითი სახელისათვის კი შემოიღო ტერმინი „საწყისი“. დღეისათვის სახელზმნა მოიცავს საწყისსაც და მიმღეობასაც, ე. ი. საერთოდ „,უპირო ზმნას“ (ა. შანიძე).

ენათმეცნიერთა ნაწილი ნაზმნარი სუბსტანტივების აღსანიშნავად უფრო მიზანშეწონილად თვლის ტერმინ მასდარის გამოყენებას, რამდენადაც „საწყისი“, როგორც ტერმინი, ზმნის წარმოებისათვის ამოსავლად გულისხმობს ამ ფორმებს (წერა, კეთება…). სინამდვილეში უფრო ხშირად მასდარი მეორეულია, ნაწარმოები ზმნის აწმყო-მყოფადის ფორმათაგან (წერ-ს – წერ-ა, აკე-თებ-ს -კეთება… (არნ. ჩიქობავა).

ქართულში გვხვდება აგრეთვე პირველადი მასდარებიც, მოქმედების აღმნიშვნელი პირველადი სახელები, რომლებიც თვითონაა ამოსავალი ზმნათა წარმოებისათვის (შრიალი – შრიალებს, კაკანი – კაკანებს, გუგუნი – გუგუნებს-). მათი უმრავლესობა მარტივი ან გაორკეცებული ხმაბაძვითი ფუძეებია.

მასდარი ზმნის განყენებული მნიშვნელობის მატარებელია: არ განასხვავებს ზმნის კატეგორიათა უმრავლესობას (პირს, დროს, ქცევას..); მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია გარჩეული (ტეხა – ტყდომა, ხეთქა – სკდომა, დუღება – დუღილი…). ზმნასთან მას აერთიანებს ლექსიკური მნიშვნელობა, ფუძე, ზმნისწინი და ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კატეგორიები (გეზი, ორიენტაცია, ასპექტი-).

მასდარი ფორმაცვალებადი სახელია, იბრუნვის არსებითი სახელის მსგავსად. როგორც მოქმედების სახელი, ჩვეულებრივ, მრავლობით რიცხვს არ აწარმოებს, თუმცა კონკრეტული სემანტიკის მიღებისას ან სტილისტიკური საჭიროებისათვის მისი მრავლობითი რიცხვის ფორმებიც გვხვდება („ვთქვი საწუთროსა გმობანი“ (შოთა რუსთაველი); საკლასო წერები!)

ქართულისთვის დამახასიათებელია მასდარის სუფიქსური და პრეფიქს-სუფიქსური წარმოება (იშვიათად). ძირითადი მაწარმოებელია -ა სუფიქსი, რომელიც დაერთვის ზმნის აწმყო-მყოფადის ფუძეს (წერ-ს – წერ-ა, თესავ-ს – თესვ-ა, შლი-ს – შლ-ა, აშენებს – შენებ-ა.-). ზოგი ტიპის ზმნათა მასდარს -ა სუფიქსთან ერთად აწარმოებს -ნ, -ომ, -ოლ ინ- ფიქსები (თხოვ-ნ-ა, ძოვ-ნ-ა, ხტ-ომ-ა, სხდ-ომ-ა, დგ-ომ-ა…; ბრძ-ოლ-ა, ქრ-ოლ-ა.-). გარდა ამისა, არის გაცილებით მცირერიცხოვანი ჯგუფი ზმნებისა, რომელთაც მაწარმოებლად -ილ სუფიქსი აქვთ (ტირ-ილ-ი, წუხ-ილ-ი, დუმ-ილი-ი…), ანდა სი – ილ, სი – ულ, ს – ა, სი – ა ცირკუმფიქსები (სი-რბ-ილ-ი, სი-ყვარ-ულ-ი, ს-ვლ-ა, სი-მღერ-ა…). ასეთ მასდართა დიდი ნაწილი დღეს გასუბსტანტივებულია.

სინტაქსური თვალსაზრისით, მასდარი არსებითი სახელისაგან თითქმის არ განსხვავდება. ძვ. ქართულში მასდარის ვითარებითი ბრუნვის ფორმა არასინტაქსურ ოდენობად იყო ქცეული, ზმნისებურად მართავდა ობიექტს და ქმნიდა მასდარულ კონსტრუქციებს ან ინფინიტიურ კონსტრუქციებს. ახალ ქართულში მასდარს ობიექტის მართვის სინტაქსური ძალა არა აქვს.

დ. ჩხუბიანიშვილი


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. „ქართული ენის ზოგადი დახასიათება“. – ქეგლ, ტ. 1, თბ. 1950;
  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953;
  • ჩხუბიანიშვილი დ., ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში, თბ. 1972;
  • ცხადაძე ბ., მასდარის წარმოება ძველ ქართულში, თბ., 1984.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები