მაღაროს სამაგრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღაროს სამაგრი (სამთო სამაგრი, შახტის სამაგრი) – გვირაბის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ამოყვანილი ხელოვნური ნაგებობა, რომელიც ზღუდავს ქანების ჩამოქცევას გვირაბში და უზრუნველყოფს გვირაბის განივკვეთის საჭირო ზომების შენარჩუნებას. იგი გამოიყენება აგრეთვე წნევის მართვისათვის.

მასალის მიხედვით მაღაროს სამაგრი არის: ხის, ლითონის, ქვის, რკინაბეტონისა (მონოლითური ან ანაკრები) და შერეული მასალისაგან დამზადებული;
კონსტრუქციის ფორმის მიხედვით – ტრაპეციისებრი, მართკუთხოვანი, თაღური (შეკრული ან შეუკრავი), რგოლური (წრიული, ელიფსური);
სამსახურის ვადის მიხედვით – დროებითი და მუდმივი;
მუშაობის ხასიათის მიხედვით – ხისტი, დამყოლი, სახსრიანი და კომბინირებული;
გვირაბის სახეობის მიხედვით – თარაზული, დახრილი, ვერტიკალური და კაპიტალური.

მაღაროს სამაგრის მასალა და კონსტრუქცია შეირჩევა სამთო წნევის, გვირაბის განივკვეთის ზომებისა და სამსახურის ვადის მიხედვით. სამაგრს მოეთხოვება საჭირო ზიდვის უნარი, წყალგაუვალობა. ამასთან მან უნდა უზრუნველყოს საწარმოო პროცესების შეუფერხებელი და უსაფრთხო წარმოება, ეკონომიკურობა. კაპიტალურ გვირაბებში (ჭაურები, ჭაურის ეზოს გვირაბები, წოლხვრელები და სხვ.), რომელთა სამსახურის ვადა დიდია, იყენებენ ბეტონისა და რკინაბეტონის მონოლითურ სამაგრს, ლითონისა და რკინაბეტონის ანაკრებ სამაგრს (ტიუბინგებს), აგრეთვე ქვის სამაგრს. კაპიტალური გვირაბების მუდმივი სამაგრი ჩვეულებრივ ხისტია და მუშაობს ფორმისა და ზომების შეუცვლელად (დრეკადი დეფორმაციის ფარგლებში). მოსამზადებელ გვირაბებში ფართოდაა გავრცელებული ლითონის თაღოვანი და რგოლური ფორმის ჩარჩოსებრი დამყოლი სამაგრები. არათანაბარი სამთო წნევის დროს მიზანშეწონილია სახსრიანი სამაგრის გამოყენება. ამ სამაგრის ელემენტებს შეუძლიათ ერთმანეთის მიმართ გადაადგილება სახსრებზე შემობრუნების შედეგად, რაც ხელს უწყობს სამაგრ კონსტრუქციაზე მოსული დატვირთვების გათანაბრებასა და მღუნავი მომენტების შემცირებას. იყენებენ აგრეთვე ჩარჩოსებრ შერეულ სამაგრს ღრუტანიანი რკინაბეტონის ბიგებისა და ლითონის უღლების (ორტესებრი კოჭები, რელსები) სახით. მცირე განივკვეთისა და სამსახურის ვადის მქონე გვირაბებს ამაგრებენ ხის ჩარჩოებით. ყველა სახის სამაგრ ჩარჩოს გვირაბში დგამენ ერთმანეთისაგან 0,5-1 მ მანძილზე. მნიშვნელოვანი სამთო წნევის დროს ჩარჩოებს ერთმანეთზე მიჯრით აყენებენ. მათ შორის ქანის ჩამოცვენის თავიდან ასაცილებლად გვირაბის ჭერსა და ზოგჯერ გვერდებსაც ავსებენ რკინაბეტონის თხელი ფილებით, ფოლადის ბადით ან ხის ფიცრებითა და ნაგვერდულებით. შრეებიანი ან ნაპრალოვანი ქანების მდგრადობის გასაზრდელად იყენებენ ანკერულ სამაგრს (დამოუკიდებლად ან სამაგრ ჩარჩოებთან ერთად), ფხვიერ ქანებში გვირაბის გაყვანისას – წინმსწრებ ანუ ჩასასობ სამაგრს. იგი წარმოადგენს ხის ან ლითონის ზღუდეს, რომელიც იცავს სანგრებისპირა სივრცეს სანგრევიდან ქანის გამოღების დროს. ვერტიკალურ გვირაბებში სამაგრი ამოჰყავთ უბნებად (ხით გამაგრებისას უბნის სიმაღლეა 2-10 მ, ქვითა და ბეტონით გამაგრებისას – 20-60 მ). ხის სამაგრი შედგება ჩარჩოებისაგან, რომლებიც უშუალოდ ეწყობა ერთმანეთზე ან მათ შორის იდგმება მოკლე ბიგები. ყველა შემთხვევაში სამაგრის ამოყვანა მოითხოვს საყრდენი (ძირითადი) გვირგვინის მოწყობას. გვირგვინი იცავს მასზე დაყრდნობილ სამაგრს დაძვრისაგან. ვერტიკალური გვირაბის გაყვანის პროცესში მოიხმარენ დროებით სამაგრს (ფოლადის ჩამოსაკიდი რგოლები). საწმენდ გვირაბებში გამოიყენება ხის ან ლითონის ჩარჩო-სამაგრები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები