მეფუტკრეობა აჭარაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფუტკრეობა აჭარაშიაჭარის ტრადიციულ ეკონომიკურ ცხოვრებაში ფუტკარი განსაკუთრებულად სასარგებლო მწერი იყო, შესაბამისად, მეფუტკრეობასაც თვალსაჩინო ადგილი ეჭირა. მეურნეობის ამ დარგს შინაური თუ ნახევრად შინაური მეფუტკრეობის სახით ფართო მასშტაბი ჰქონდა. ეს აიხსნება აქაური გარემოს ხელსაყრელი ბუნებრივ-სამეურნეო პირობებით. აჭარის მთაში ნიშანდობლივი ჩანს ის სამი ფორმა, რომელიც ტყიურ – კლდის ფუტკარს, ნახევრად შინაურ (სკების შემოწყობა ხეებზე) და შინაურ (საგანგებოდ გაწყობილი საფუტკრე) მეფუტკრეობას გულისხმობდა. ტყიური ფუტკრის მიკვლევა ძირითად მიზნად ფუტკრის მოყრა-მორეკვას და სახლში მოყვანას ან და მის ახლო-მახლო, ხეებზე ცარიელი სკების შემოლაგებას და ამ სკების „გაცოცხლებას” ითვალისწინებდა. ხეფუტკარასთან ახლოს მაღალ ხეებზე შემოდგმული სკა აუცილებლად „გაცოცხლდებოდა” და მას იქვე ტოვებდნენ.

მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მეფუტკრეობის იმ ფორმას, რომელიც ფუტკრის მოშენებას ხეებზე და კლდეებზე გულისხმობდა. ამ ფორმას ტყიური და შინაური მეფუტკრეობის მიჯნად და გარდამავალ საფეხურად თვლიან. სკებს წიფლის, თხემლის და ნაძვის ხეებზე საგანგებოდ მოწყობილ ბოგილებზე დგამდნენ. სკები ხეებზე ცაცხვის ქერქისაგან დაწნული მსხვილი თოკით აჰქონდათ, რომელსაც მაჭახლის ხეობაში ჭაპანი ეწოდებოდა. ჭაპანს დამატებით ჭახრაკი, გრძელი და წვრილი თოკი – სიჯიმი გააჩნდა. მეფუტკრეობის აღნიშნული ფორმა მეფუტკრისაგან დიდძალი საკვების წინასწარ დამზადებასა და სასკე ხეზე მის შემოლაგებას მოითხოვდა. აჭარის ხეობებში, განსაკუთრებით, მაჭახლის ხეობაში, ჩვეულებრივ, ორნაწილედი სკის გარდა ყავრანი იყო გავრცელებული, რომელიც როგორც მთლიანი ფუღუროიანი ხისაგან, ისე ორ ნაწილედი გულამოღარული ხის შეერთებით მზადდებოდა.

თაფლის გამოღებასა და მის დამუშავებაზე საინტერესოა საკითხი შინაური საფუტკრეების შესახებ. თაფლის სკიდან გამოღება ივნისში ან და თებერვალში ხდებოდა. გამოცდილი მეფუტკრეები ჩვეულებრივი ფუტკრისაგან ე. წ. მეკვერნე ფუტკარს არჩევდნენ, რომელიც კვერებივით მრგვალ ფიჭას აკეთებდა. მეკვერნე ფუტკარი ავი არ იყო და მას თაფლიც ბლომად ჰქონდა. თაფლის დაწურვის – გადამუშავების სხვადასხვა წესი არსებობდა: ოდნავ შეთბობის შემდეგ თაფლის „ცეცხლზე დაწურვა” და ცივად − „უცეცხლოდ დაწურვა” ხდებოდა. თაფლს ჩახვში წურავდნენ, რომელსაც სელ-კანაფის ნართისაგან საგანგებოდ ქსოვდნენ. თაფლის ნაწილს პატარა დერგებში დაუწურავადაც ინახავდნენ. ვისაც თაფლი ბლომად ჰქონდა სავსე ჭურჭელს ერთი წლის განმავლობაში ხელუხლებლად ტოვებდა. შენახული თაფლი ღომის მარცვლებივით შეიკრებოდა და მაგრდებოდა. ამას „დაღომებული თაფლი” ერქვა, რომელიც ჩვეულებრივ თაფლთან შედარებით საჭმელად უფრო გემრიელი იყო და მას განსხვავებულ სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ.

ლიტერატურულ წყაროებში ჩვეულებრივი თაფლის გვერდით კრიპუჭი თაფლიც იხსენიება, როგორც გატანის საგანი. ამდაგვარ ცნობაში ბუნებრივი სახით კრიპუჭი თაფლის გარდა, ხელოვნურად მიღებული კრიპუჭი თაფლიც უნდა იგულისხმებოდეს. ასეთი კრიპუჭი თაფლის თვისებები დაღომებულ თაფლს გააჩნდა, რომელსაც თიხის ჭურჭელში წლების განმავლობაში დაკონსერვების შედეგად დაუწურავი და უცეცხლოდ დაწურული თაფლისაგან ღებულობდნენ. კრიპუჭის თვისებების მქონე დაღომებულ თაფლს ჩვეულებრივ თაფლთან შედარებით დიდი მოწონება ჰქონდა. მას საპატიო დანიშნულების ძღვნადაც კი მიიჩნევდნენ.

მეფუტკრეობის პროდუქტები ყოფაში მრავალმხრივ გამოიყენებოდა. თაფლი არა მარტო საჭმელი პროდუქტი იყო, არამედ მას დანარჩენ პროდუქტებთან ერთად ხალხურ მედიცინაში დიდი გასავალი ჰქონდა. ფუტკრის პროდუქცია უებარ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა, მაგალითად, ლილაში დასველებულ ჭინჭს ადამიანს ნაკბენ ადგილზე დაადებდნენ და შეუხვევდნენ, მაგრამ უმჯობესი იყო ნაკბენ ადგილზე თაფლის წასმა. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა.


ლიტერატურა

კახიძე, 1974; აბაშიძე, კომახიძე, 1998:178

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები