იოანე მინჩხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მინჩხი იოანე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ioane minchkhi.jpg

იოანე მინჩხი — (X ს.), ჰიმნოგრაფი, მუსიკოსი. მოღვაწეობდა სინას მთაზე. მის ჰიმნთაგან მხოლოდ ოთხია შესული მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში, დანარჩენები სინურ ხელნაწერებს შემოუნასავს. არსებობს მოსაზრება, რომ იოანე მინჩხს დაწერილი უნდა ჰქონოდა საგალობლები მთელი საეკლესიო წლისთვის იერუსალიმის კანონის შესაბამისად, ე. ი. ზამთრის კანონი, დიდმარხვის კანონი და ზაფხულის კანონი. ზამთრის კანონიდან შემორჩენილია მხოლოდ თეოდოსისა და ექვთიმეს საგალობელთა ფრაგმენტები, ხოლო ზაფხულის კანონიდან — აღდგომის საგალობელი, წმიდა გიორგისა და ფერისცვალების ჰიმნები.

იოანე მინჩხი იყო გამოჩენილი მუსიკოსიც. იგი თვით თხზავდა როგორც პოეტურ ტექსტებს, ასევე მათს მუსიკალურ მელოდიებსაც. როგორც პ. ინგოროყვა მიუთითებს, მის ჰიმნოგრაფიულ მემკვიდრეობაში მრავლად არის წარმოდგენილი „თვითნი“ ანუ „თვითძლისპირნი“, ანუ ისეთი საგალობლები, რომლებსაც საკუთარი საზომი და მელოდია აქეთ. იოანე მინჩხს საგალობლები უწერია როგორც იამბიკოთი, ასევე მარცვლედოვანი საზომით. საყურადღებოა, რომ მას შემოუღია ორიგინალური სალექსო საზომი, რომელსაც სპადუქნი ეწოდება. ამ წყობას ახასიათებს არა კანონისთვის საზოგადოდ მიღებული ცხრა საზომის მონაცვლეობა, არამედ ხუთისა, ე. ი. საგალობელში სალექსო ზომა იცვლება არა ცხრაჯერ, არამედ ხუთჯერ. მინჩხის მიერ შემოღებულ ამ სალექსო კომპოზიციამ ფეხი მოიკიდა ქართულ ჰიმნოგრაფიაში. ამ საზომისთვის მიუმართავს იოანე მინჩხის უმცროს მიქელ მოდრეკილს. ამ ორიგინალური საზომის დადასტურებაა ტერმინი „მინჩხურნი“, რომლითაც აღნიშნულია ზოგი საგალობელი ძველ ქართულ ხელნაწერებში.

იოანე მინჩხის საგალობლები გამოირჩევა მომხიბვლელი სისადავით. მის პოეზიაში ერთმანეთს ენაცვლება მისტიური სინამდვილის პლასტიკური ხატები და სუბიექტურ განცდას დამყარებული მხატვრული სახეები. პოეტი თითქოს ძალზე მარტივი საშუალებებით, ოდენ სახელდებითა და აღწერით გვიცოცხლებს შორეულ წარსულს:

ეჩვენა ლოდს, ვითარცა ელვაჲ,
უფლისა ანგელოზი მომავალთა მათ
მტირალთა მგლოვარეთა, ღირსთა დედათა
და ახარა მათ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაჲ,
ხოლო მცველთა მათ შესწვიდა საშინელად.

ასეთივე სისადავითა და სინათლით იჭრება მინჩხის საგალობლებში ლირიკული ნაკადი:

გამოხსნად ჩვენდა მოხვედ, დამბადებელო,
რომელნი შთავენთქენით მძლავრებით მტერსა,
ვეშაპსა კაცის მკვლელსა, და მოჰკალ იგი
სიკვდილითა მით შენითა ჯვარსა ზედა
და მაცხოვნენ ჩვენ, სახიერ, კაცთმოყვარე.

იოანე მინჩხი იშვიათად მიმართავს ტროპულ მეტყველებას და ეს იშვიათობა ანიჭებს სწორედ მის საგალობლებს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას. წმიდა გიორგისადმი მიძღვნილ საგალობელში ვკითხულობთ:

ეკვეთნეს ქარნი იგი
საშინელნი განსაცდელთანი
გოდოლსა სულისა
წმიდისა აღშეჲნებულსა,
წმიდასა მას მოწამესა
და ზღუდესა მორწმუნეთასა,
ხოლო ვერ შეარყიეს სიმტკიცეჲ მისი,
რამეთუ დამყარებულ იყო
არა ქვიშასა ზედა, არამედ
კლდესა ზედა ქრისტეის მცნებათასა.

ექვთიმესადმი მიძღვნილ საგალობელში ნათქვამია: „და ვითარცა რაჲ ელვისა მცხინვარებანი, საცნაურად ბრწყინვენ სათნოებანნი შენი“. იოანე მინჩხის საგალობლები რიტმული მეტყველების იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენს. თუ სხვა ჰიმნოგრაფთა საგალობლების რიტმი მთელი სიძლიერით გალობით აღსრულებისას ვლინდება, მინჩხის საგალობლები მელოდიის გარეშეც ცხოველი რიტმულობით ხასიათდება:

მეფეთა სიმტკიცეო,
მთავართა დიდებაო,
უძლურთა ძლიერებაო,
მდაბალთა აღმამაღლებელო,
გლახაკთა განმამდიდრებელო.
სათნოდ სიგლახაკესა შინა
თევდოსი შარავანდედ ჰყავ,
მართლგანმგებელო უფალო.

იოანე მინჩხის პოეზიის სტილური თავისებურებანი მას დავით გურამიშვილის ერთ-ერთ შორეულ წინაპრად გვისახავს.



ტექსტი

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია , 1913, გვ. ია-ლჱ), ტჲა-ტჲბ;
  • ი. ჯავახიშვილი, სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, 1947, გვ. 145-165;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, 1, 1946, გვ. 329-333;
  • ჩვენი საუნჯე, I, გვ. 459–470.

ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 171-173;
  • პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, გვ. 131-138, 356-357.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები