მიჟუეხუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიჟუეჴუ (ადიღ. Мыжьуэкху – „ქვის საფლავი“) – ჭექა-ქუხილი ღვთაების („შიბლე“) „რჩეულის“ – მეხნაკრავი მიცვალებულის, მადლმოსილი საფლავი – ჩერქერზთა თაყვანისცემის ობიექტი. ადიღთა ტრადიციული შეგნების თვალსაზრისით, მეხის დაცემით მკვდარი ადამიანი წმინდანი ხდებოდა და ახლობლები მას, როგორც ღმერთის „რჩეულს“, არც კი გლოვობდნენ. გვარი, რომლის წევრი ამგვარად გარდაიცვლებოდა, ვალდებული იყო წელიწადში ერთხელ პატივი მიეგო შიბლესთვის – ჭექა-ქუხილის ღვთაებისთვის, და მის სახელობაზე მსხვერპლშეწირვით ელოცა. რაც შეეხება მეხნაკრავის საფლავს, იგი საკრალურ ადგილად მიიჩნეოდა და იქ მისული ყველა დაავადებული ჩერქეზი გარდაცვლილს განკურნებას სთხოვდა. ადიღები გვალვიანობის ჟამს მიჟუეჴუდან იღებდნენ ქვას, რომელსაც წვიმის გამოწვევის მიზნით, მდინარეში დებდნენ და მცირე ხნის შემდეგ (ზოგი მონაცემით, სამ დღეში) კვლავ იმავე ადგილზე დებდნენ. საფლავიდან ქვის წამოღების დროს ხალხი ფერხულში ჩაებმებოდა და მღეროდა. ლ. ლავროვის მიხედვით, ამ სიმღერის ტექსტი მოკლე იყო: „ეუ ჲალე ჲლერ ჲალე, ეუ ჲალე, ეუ ჲალერ ჲალე ჲალ“ (Эу ялэ ялэрэ ялэ, эу ялэ эу ялэр ялэ ял). ეს იყო სადიდებელი, რომელიც შიბლეს დუბლიკატს – ჲალეს ეძღვნებოდა.


ლიტერატურა

  • Шиллинг Е. М. Черкесы // Религиозные верования народов СССР. Т. II. М.-Л., 1931;
  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
  • Гурвич И. Религия сельской общины у черкесов-шапсугов // Религиозные пережитки у черкесов-шапсугов. Материалы Шапсугской экспедиции 1939 г. Под редакцией С. А. Токарева и Е. М. Шиллинга. Сб. научных студенческих работ, вып. 17. Этнография. М., 1940.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები