შიბლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიბლე (ადიღ. Шыблэ – „ჭექა-ქუხილი“) – ჭექა-ქუხილის ღვთაება ადიღურ მითოლოგიაში (ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ გაიგივდა წმ. ილიასთან – ელესთან; ისლამის გავლენით, ალაჰთან). წარმოადგენს ელვა-მეხის პერსონიფიკაციას (შდრ. აფხაზური აფი), მაგრამ მისი სახე, როგორც ღვთაებისა, სრულად არ არის გამოკვეთილი, ძალზე ბუნდოვანია. ჩერქეზული წარმოდგენები მას ბუნებრივი მოვლენისგან (ელვა-მეხისგან) თითქმის ვერ განარჩევს (სწორედ ამიტომ შიბლე, განსხვავებით სხვა ღვთაებებისგან, ნართული ეპოსის ადიღურ ვერსიაში არ ფიგურირებს). როგორც ელვა, იგი ასოცირებულია მახვილთან, რომელიც ცას უმოწყალოდ კვეთს, აგრეთვე გველთან და ცხენთან, უფრო ზუსტად, ცხენ-გველთან, რომელიც რიგი გადმოცემების თანახმად, ზეცაში გრუხუნით დაქრის და რომელსაც, უზენაესისა და ელის (წმ. ილიას) დავალებით, ჲერეთიყო იმორჩილებს.

ნ. ნ-ს ცნობით, შიბლეს ეძღვნებოდა მსხვერპლშეწირვით, საწესო სუფრით, დოღითა და მიზანში სროლით, ფერხულით, ე. წ. „შიბლე უჯით“ (Шыблэ удж) თანხლებული ყოველწლიური დღეობა, რომელიც შვიდი დღე გრძელდებოდა. ყოველივე ეს ოთხ ბოძზე შემდგარ სამსხვერპლოსთან სრულდებოდა. ამ ნაგებობის გარშემო ჩარჭობილ ძელებზე წამოცმული იყო სამსხვერპლო ცხოველების თავები, რომლებსაც მეშვიდე დღეს წვავდნენ. მისივე აღნიშვნით, ასეთივე ცერემონია იმართებოდა მაშინაც, როცა ვინმეს მეხი მოკლავდა.

XVII ს-ის ავტორი, ი. ვიტსენი, ჩერქეზების ამ დღეობას „ელიასის დღეს“ უწოდებს, ხოლო ა. ოლეარიუსი – „ილიას დღეს“. დღეობაზე და ყოველი ჭექა-ქუხილის დროს გამართული საფერხულო სიმღერის ტექსტში „ელე“, „ელჲა“, „ჲალა“, „ელე-შოფა“ (შდრ. ბალყარულ-ყარაჩაული „ჩოფა“, აფხაზური „ათლარ-ჩოფა“, ოსური „ცოფფაჲ“) იხსენიება.

მეხის დაცემით მკვდარი ადამიანისა და ცხოველის გვამები „წმინდად“ ითვლებოდა და მათ სიკვდილის ადგილზე მარხავდნენ (მიცვალებულს არ გლოვობდნენ, უფრო მეტიც, ჭირისუფალს ულოცავდნენ, რომ მათი ახლობელი შიბლეს „რჩეული“ გახდა). მეხნაკრავი მიცვალებულის საფლავზე, რომელიც კულტის ობიექტი ხდებოდა („შიბლემ ფუქა“, „მიჟუეჴუ“), შვიდდღიანი, ხოლო ცხოველის გვამთან სამდღიანი საზოგადოებრივი ლოცვა იმართებოდა. ლ. ლჲულჲე, როგორც მოწმე, აღწერს სამი თხის გვამთან გამართულ ცერემონიას: თავდაპირველად, ფერხულში ჩაბმული ხალხი ცეკვავდა და მღეროდა, შემდეგ ოთხ ბოძზე აღმართეს ფიცარნაგი, ზედ მკვდარი თხები დაასვენეს და ფოთლები გადააფარეს. ვიდრე ერთნი ფიცარნაგს აკეთებდნენ, სხვებმა სოფლიდან მოიტანეს პროდუქტები და მორეკეს თხები, რომელთა თავები, დაკვლის შემდეგ, ფიცარნაგთან ახლოს მიწაში ჩადგმულ მაღალ ძელებზე წამოაცვეს. ბოლოს გამართეს საწესო სუფრა. ჯ. ბელის მიხედვით, აღნიშნული ფიცარნაგი „წარმოადგენდა ზეციურ ტახტს“, რომელსაც მწვანე ტოტებისაგან მჭიდროდ მოწნული სახურავი ჰქონდა. აღნიშნულ ცერემონიას "შიბლასხა" (Шыблэсхъэ) ერქვა.

ჩერქეზები თაყვანს სცემდნენ არამარტო იმ საფლავებსა და ადგილებს, სადაც მეხმა ადამიანი და ცხოველი მოკლა, არამედ ხეებსა და, ზოგადად, ყოველგვარ საგნებს, რომლებსაც მეხი დაეცათ. ქსოვილში გახვეული მეხნაკრავი ხის ნაჭერს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ და მას მალარიით დაავადებულები ატარებდნენ. ასეთი ხის გამოყენება სამშენებლო მასალად ან სხვა საჭიროებისათვის იკრძალებოდა.


ლიტერატურა

  • Тавернье Ж. Б. Шесть путешествий в Турцию, Персию и Индию // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Олеарий А. Описание путешествия в Московию // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Витсен Н. Северная и Восточная Татария// Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Люлье. Л. Я. Черкессия. Историко-этнографические статьи // Материалы для истории черкесского народа. Краснодар, 1927;
  • Тебу де Мариньи Ж.-В.-Э. Путешествия в Черкесию // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • Белл Дж. Дневник пребывания в Черкесии // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001;
  • N. N. Религия закубанских черкесов // Телескоп, 1832, № 5 (ч. VIII); Шиллинг Е. Черкесы // Религиозные верования народов СССР. Сб. Этнографических материалов. Т. II. М.-Л., 1931;
  • Васильков В. В. Очерк быта темиргоевцев // Фольклор адыгов. Нальчик, 1988;
  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები