მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი აბრაამი

მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)მიტროპოლიტი აბრაამი, ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. სოხუმში.

1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე რომელიც დაასრულა 1971 წელს. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. 1986 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1988 წელს.

1988 წლის 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად აბრაამი. იმავე წლის 3 აპრილს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად.

1988 წლის 29 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე თბილისის ანჩისხატის ტაძრის კურთხევის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა მღვდელ-მონაზვნად. მსახურობდა ჯერ დმანისის სიონის, ხოლო შემდეგ გელათის მონასტრის წინამძღვრად.

1989 წლის მაისიდან 1990 წლის ივლისამდე იმყოფებოდა ქ. რეგენსბურგის (გერმანია) აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში.

1990 წლის 1 სექტემბრიდან 1991 წლის 30 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის სექტემბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ძველ აღთქმაში.

1991 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 30 ოქტომბრიდან დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.

1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დადგენილ, ხოლო 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.

1993 წლის 19 ივლისს ეპისკოპოსი აბრაამი დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მეუფე აბრაამის ძალისხმევით 1994 წლიდან ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი.

1994-2000 წლებში გაიხსნა საქართველოს ისტორიის, ღვთისმეტყველების, ხელოვნებათმცოდნეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების კათედრები. რექტორის ინიციატივით დაარსდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთი: „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“.

მეუფე აბრაამმა დიდი ღვაწლი დასდო 1996-1998 წლებში გურჯაანისა და საგარეჯოს, 1998-2002 წლებში ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიებს. მეუფე აბრაამი 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას.

1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს – მიტროპოლიტის ხარისხში.

2002 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე აბრაამი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მართველია. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2014 წლის 3 ივნისს გაიმართა წმიდა სინოდის სხდომა, რომლის განჩინებითაც დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყო გერმანიის, ავსტრიის და ბენილუქსის ქვეყნების სამრევლოები. დასავლეთ ევროპის ეპარქიაში დარჩა: საფრანგეთის, შვეიცარიის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის და იტალიის სამრევლოები.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

აბრაამი (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები