მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ანანია

მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)მიტროპოლიტი ანანია, ერისკაცობაში თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში, ინჟინერ-ტექნიკოსის ოჯახში.

1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მართვის ავტომატური საშუალებების“ სპეციალობით.

1978-1980 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1979 წლის 14 თებერვალს იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 2 აპრილს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ანანია.

1979 წლის 4 აპრილს პატრიარქმა იგი აკურთხა დიაკვნად, 27 სექტემბერს – მღვდლად და დაინიშნა თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვრად.

1980 წლის 27 აპრილს ალავერდის მონასტერში აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ხოლო 1981 წლის 8 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი.

1980 წლის 15 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ანანია აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. 17 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა არქიმანდრიტ ანანიას ეპისკოპოსად კურთხევა.

იგი ჯერ ნიკორწმინდის, ხოლო 1981 წლის 29 აპრილიდან 1992 წლის 25 დეკემბრამდე ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსია. მეუფემ გადაწყვიტა შეჭიდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის მრავალტომეულის შექმნას, რომელშიც საფუძვლიანად გაანალიზდებოდა წარსული, აწმყო და მომავალი.

1996-2003 წლებში გამოიცა მისი „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ (ოთხი ტომი), 2003 წელს „საქართველოს საეკელსიო კრებები“ სამ წიგნად. გარდა აღნიშნული ნაშრომებისა, მეუფე ანანიას ეკუთვნის „ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე“ (1994 წ.) „მესხეთი ქართველთა გამაჰმადიანება“ (1998 წ.), „საინგილო ქართველთა გალეკება“ (1998 წ.) „ლაზეთ–თრიალეთი ქართველთა გაბერძნება“ (1999 წ.) „ქართლ-კახეთი ქართველთა გასომხება“ (1999 წ.) „აფხაზეთი ქართველთა გააფხაზება“ (2001 წ.) „რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას“ (2002 წ.), „პეტრე იბერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი“ (2002 წ), „ქართული საეკლესიო (სალიტერატურო) ენის ჩამოყალიბების საკითხისათვის“ (2002 წ.) „დედა ეკლესია“ (1996 წ.) „ღვთისმშობელი — შემწე ქართული ენისა“, 2008. 2009 წ. გამოიცა მისი 1300 გვერდიანი ნაშრომი „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“.

1992 წლის 25 დეკემბრიდან მეუფე ანანია მანგლისის, 1995 წლის ივნისიდან – მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსია. 2002 წელს მას მიენიჭა მიტროპოლიტობა. ამჟამად მეუფე ანანია განაგებს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიას.

1991 წელს მისი თაოსნობით ახალციხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის რექტორიც იყო 1992 წლამდე. მეუფე ანანიამ 1999 წლის 2 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შუა საუკუნეებში“ და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2002 წლის სექტემბრიდან მეუფე ანანია განაგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრას, 2003 წლის 11 აპრილს მიენიჭა პროფესორის წოდება.

მეუფე ანანია 1992 წლიდან ლექციებს კითხულობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

2005 წელს მიტროპოლიტი ანანია გახდა რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, მეუფე ანანია 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით, აგრეთვე ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა მარკოზის ორდენით. მწერალთა გაერთიანებამ (ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი) მიანიჭა პრემია „თვალსაჩინო საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეობისათვის“. მიღებული აქვს გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია.

2009 წლის 18 აგვისტოს მიტროპოლიტი ანანია დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.

2013 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


Logo1.JPG ანანია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ანანია ჯაფარიძე (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები