მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ მიტროპოლიტი

ანტონ მიტროპოლიტი - (ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე), (17.III.1866, ქუთაისი - 18.IX.1918, ქუთაისი)

ბიოგრაფია

დაიბადა ხელმოკლე ოჯახში. მისი მამა - ლუკა იყო ქუთაისის ერთ-ერთი ეკლესიის მედავითნე. მამით ადრე დაობლებული პატარა ალექსი დედამ, ნატალია გიორგაძემ, 1878 წ. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ალექსი გიორგაძემ 1882 წ. დაამთავრა და იმავე წელს ალექსი, მეუფე გაბრიელის რეკომენდაციით, სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში.


1888 მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა სემინარია, დაბრუნდა ქუთაისში და დაოჯახდა. 1889 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ჯერ დიაკვნად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მღვდლად აკურთხა და განაწესა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1889 წელს ქუთაისის ქალთა სასწავლებელში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889 მას დაევალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო სლავური გალობის მასწავლებლობა. 1892 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1888 წ. ბეჯითობითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულმა ალექსიმ სემინარია I ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ქუთაისსა და თბილისში სწავლის პერიოდში ალექსის პატრონობდა და მისი სწავლის ქირას იხდიდა ცნობილი ქველმოქმედი მღვდელმთავარი, წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე).

სემინარიის დამთავრების შემდეგ ალექსი გიორგაძე ქუთაისში დაბრუნდა, სადაც დაოჯახების შემდეგ წმ. ეპისკოპოსმა გაბრიელმა იგი დიაკვნად (1889 წ. 12 თებ.) აკურთხა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ (1889 წ. 19 თებერვალს) – მღვდლად. მღვდელი ალექსი გიორგაძე თავდაპირველად მსახურობდა სასაფლაოს მთავარანგელოზთა ტაძარში, ხოლო შემდეგ ქუთაისის ქალთა სასწავლებლის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს (1889 წ. 25 ივნისს).

მ. ალექსი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის ქალთა სასწავლებელში, სასულიერო სასწავლებელში, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელში. ასწავლიდა „საღვთო სჯულსა“ და გალობას. პარალელურად იგი მსახურობდა იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრად და ამავე საბჭოს განყოფილებისბის თავმჯდომარედ. ქუთაისის ტაძრებსა და სასწავლებლებში მსახურების დროს დაჯილდოვდა საგვერდულით (1892), სკუფიითა (1896) და „კამილავკით“ (1900).

1903 წელს გარდაეცვალა მეუღლე და ოჯახის მოვლის მთელი სიმძიმე მხრებზე დააწვა. ამის მიუხედავად, მაინც ჩააბარა კიევის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც 1904 სწავლა განაგრძო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ჩაირიცხა საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც. 1906 აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა აკადემია 31 და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი; მოღვაწეობდა ვიატკის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე. აქედან გადაყვანილ იქნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1909 დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით.

1910 მამა ანტონი დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. იმავე წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1910 დაინიშნა ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესად. ამავე წელს მცირე ხნით დროებით შეუთავსეს რუსული მონასტრების მთავარხუცესობაც და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობაც. 1911 გადმოიყვანეს თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1911 წ-ის 19 დეკემბერს, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 1912 პეტერბურგის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში გორის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. იმავე წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1914-1916 წლებში მამა ანტონი წმიდა ვლადიმირის II ხარისხის და წმინდა ანას I ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. იგი აირჩიეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და საეკლესიო მუზეუმის წევრად.

ეპისკოპოსი ანტონი იყო ავტოკეფალისტური მოძრაობის თავდადებული წარმომადგენელი და მებრძოლი. მისი ინიციატივით, 1917 წლის 8 მარტს ფერისცვალების მონასტერში, სადაც იგი ცხოვრობდა, შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ნ. ჟორდანია, ს. მერკვილაძე, ი. ვართაგავა და სხვ. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღსრულებულიყო რუსეთის იმპერიაში მშვიდობისათვის პარაკლისი. დაიგზავნა მოსაწვევები პროვინციებში, ზღვა ხალხი შეიკრიბა სვეტიცხოველში. 12 საათზე გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა ეპისკოპოს ანტონის მიერ შედგენილი „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი”.

ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში. მისი დაჟინებული თხოვნით, ეპისკოპოსმა კირიონმა იყარა კენჭი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში და გაიმარჯვა. ეპისკოპოსი ანტონი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც დაძაბული მოლაპარაკებები აწარმოა 1917 წლის ივნის-აგვისტოში პეტერბურგში, რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და მიაღებინა კიდეც დროებით მთავრობას საგანგებო დოკუმენტი ამ საკითხზე. 1917 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე, იგი დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. ქუთაისში მცირე ხნით მოღვაწეობის დროსაც მან მოახერხა, თავისი ხელი დაემჩნია ეპარქიისათვის. მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც პათანატომიურმა გამოკვლევამ დაადგინა, მიტროპოლიტი მოწამლეს.


ლიტერატურა

ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები