მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი თეოდორე

მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)მიტროპოლიტი თეოდორე, ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე, დაიბადა 1967 წლის 11 აპრილს ქ. სიღნაღში. 1974 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. თელავში. 1984 წელს მან დაამთავრა თელავის №4-ს საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1986-1988 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1990 წელს ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში.

1991 წლის 22 თებერვალს საფარის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარმა სერგიმ (ამჟამად მიტროპოლიტი) მორჩილი დიმიტრი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თეოდორე.

1991 წლის 2 ივნისს, სიონის საკათედრო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ ბერი თეოდორე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 8 სექტემბერს – მღვდელ-მონაზვნად. 1992 წელს დაინიშნა საფარის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1993 წლის 12 ივლისს მღვდელ-მონაზონ თეოდორეს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წლის 26 ოქტომბერს – არქიმანდრიტის წოდება.

1996 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი თეოდორე ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა.

1998 წლის ნოემბრიდან მეუფე თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველია.

2003 წლის მარტიდან 2004 წლის 4 ივნისამდე ეპისკოპოსი თეოდორე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, 2004 წლის 4 ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია.

2004 წლის 30 ივნისს, წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახალციხობის სახალხო დღესასწაულზე, მეუფე თეოდორეს ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

2005 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია.

2003 წლის დეკემბერში ეპისკოპოს თეოდორეს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი თეოდორე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე თეოდორე მონაწილეობს საერთაშორისო ქრისტიანულ ფორუმებში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები