მორუალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორუალი - აფხ. მსაჯულ-მედიატორთა სასამართლო (ქართ. მორევი). სასამართლო პროცესის ერთ-ერთ ძირითად, დამადასტურებელ სახეს ფიცი წარმოადგენდა. იგი ყველა რელიგიის წარმომადგენლებში, მათ შორის წარმართებშიც ღვთის სახელით ხდებოდა. ფიცი მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი იყო. მოწმეებსაც ჩვენების დასამტკიცებლად კვლავ ფიცის დადება ესაჭიროებოდათ. ფიცის მიცემისთვის აფხაზთა საზოგადოებები თავიანთი სოფლების ამაღლებულ სალოცავ გორაკს, ჭალას, სამჭედლოს, გრდემლს ან ქრისტიანული ძეგლების ნანგრევებზე აღმოცენებულ, წარმართულ წმინდა ადგილებს იყენებდნენ. უმეტესად მათი სახელებიც ქრისტიანულ წმინდანებს უკავშირდებოდა. ოჩამჩირის რაიონის აფხაზები ფიცის მისაცემად უმეტესად მართლმადიდებლურ ეკლესიას და სასწაულმოქმედ ილორის წმ. გიორგის ხატს იყენებდნენ. მედიატორული სასამართლო მორუალები ეჭვმიტანილს აიძულებდნენ ილორის ხატის წინ „გამწმენდი ფიცი“ დაედო. დაპირისპირებული მხარეების მოფიცრებს ემატებოდნენ ნათესავები დედისა და მამის გვარიდან. თუ მოფიცარი ანიქვვე ადასტურებდა ნათქვამს, საქმე ამით თავდებოდა. თუ ეჭვმიტანილი ფიცზე უარს იტყოდა, მაშინ მას განსჯის შედეგი უკამათოდ უნდა მიეღო. ცრუ ფიცის დამდებს ხატი უსათუოდ გამოამჟღავნებდა. მოფიცარნი ორი წმ. ხის შუაში დგებოდნენ, პირით ტაძრისკენ, მოწმეთა თანდასწრებით ხელში მუხის ტოტს იღებდნენ და „გამწმენდ ფიცს“ წარმოთქვამდნენ. ფიცის წარმოთქმის მომენტში კულტმსახური „ანიხაფაავ“-ი ემსახურებოდა და შერიგების რიტუალშიც მონაწილეობდა.ფიცის რიტუალში მორუალები აუცილებლად იღებდნენ მონაწილეობას.ფიცის დადების შემდეგ ეჭვმიტანილი ბრალისგან თავისუფლდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები